პრობლემა შვილის მოუსვენარ მზერაში შევნიშნე
პრობლემა შვილის მოუსვენარ მზერაში შევნიშნე
ფორუმების თვალიერებისას ერთ სევდიან წერილს წავაწყდი, რომელსაც, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, ბედნიერი დასასრული აქვს. ეს ისტორია რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ქართულ საერო გაზეთში დაიბეჭდა. გვიამბობს დედა, რომელმაც უმძიმესი განსაცდელი გადაიტანა. ეს ამბავი გონების თვალს გვიხსნის და გვაჩვენებს, რომ უფლის რწმენაა ის ძალა, რომელსაც ადამიანის დაცემული სულის აღდგენა შეუძლია.

"ვცდილობდი, შვილის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, თანაც ვხედავდი, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი მყავდა. მეგონა, ეს საკმარისი აღმოჩნდებოდა იმისთვის, რომ დათო წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო.

ბავშვობაში უამრავი გატაცება ჰქონდა - მარკების კოლექციონერობა, შემოქმედებით წრეებში გაწევრიანება, მხატვრობა. ჩვენ, მშობლები, მხოლოდ ხელს ვუწყობდით. სკოლაში სწავლასაც მშვენივრად ართმევდა თავს. როცა წამოიზარდა, სწავლა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო, დაინტერესდა ფოტოგრაფიით. ახალმა გატაცებამ ახალი მეგობრები შესძინა. ჩვენი სახლის კარი მათთვის ყოველთვის ღია იყო. ფოტოგრაფიას (რაშიც ჩემმა შვილმა დიდი ნიჭი გამოავლინა) როკმუსიკა მოჰყვა. საჯარო გამოსვლებამდე დათო და მისი მეგობრები რეპეტიციებს შინ გადიოდნენ, რაც მეზობლების უკმაყოფილებას იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ მათთან უხერხულად ვგრძნობდი თავს, შვილისთვის ხელი არ შემიშლია, ეს ხომ ჩემი ბიჭის სამყარო იყო.

მაგრამ გაჩნდა პრობლემა. მე ის ჩემი შვილის მოუსვენარ მზერაში შევნიშნე. სიყვარული არ გეგონოთ, სიყვარულში მას ყოველთვის უმართლებდა. მისი რჩეულებიც ყოველთვის ლამაზი და დახვეწილი გოგონები იყვნენ; ჩემი შვილის მოუსვენრობის მიზეზი ნარკოტიკი იყო. ალბათ ასეა - მეგობართა სიმრავლეს, გაუკონტროლებელ თავისუფლებას ასეთი არასასიამოვნო შედეგი მოჰყვება. ჩვენი ოჯახისთვის ეს ტრაგედია იყო...

დროთა განმავლობაში ჩემი შვილი მიხვდა, რომ ეს საშინელება იყო. რა არ ვიღონეთ, ნათესავების დახმარებით საბერძნეთში, ძვირადღირებულ კლინიკაშიც გაიარა მკურნალობის სამთვიანი კურსი, მაგრამ უშედეგოდ...

მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვინც ამ პრობლემას შეხებია, მათ ეცოდინებათ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ჩვენმა ოჯახმა...

და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერს, რისთვისაც ვარსებობდი, ვიღვწოდი, წერტილი დაესვა, მოვიდა ხსნა - დათომ ეკლესიაში დაიწყო სიარული. ეს ჩემი შვილის მიგნება იყო. მისი ცხოვრება ხომ ძიებას ჰგავდა. დამშვიდდა. დამშვიდდა მისი ამღვრეული თვალები, მტკივანი სხეული - უფალმა სასწაული მოახდინა.

ბოლო დროს აპათიური, ყველაფრისადმი გულგრილი დათო ისევ ისეთი ხდებოდა, როგორიც ადრე. ისევე, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ქრისტიანული სარწმუნოების შესწავლას და ჩვენც გაგვიყოლა. უფალმა არ გაგვწირა. ეს ეკლესიაში ჩემი პირველი შესვლისთანავე ვიგრძენი. მანამდე მეგონა, რომ იქ დათოს გულისთვის მივდიოდი, ტაძარში შესული კი მივხვდი, რომ ეს მეც მჭირდებოდა. ძნელია ამის გადმოცემა, საკუთარ თავზე უნდა გამოცადო და მხოლოდ მაშინ მიხვდები, რის თქმაც მინდა.

საბედისწერო "გატაცება" საბოლოო აღმოჩნდა ჩემი შვილისთვის - იგი ბერად აღიკვეცა, რასაც ჩვენი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა. შესაძლოა ზოგიერთმა გამკიცხოს, იფიქროს, დედას შვილის ბერობა რატომ უნდა უხაროდეს, არ აჯობებდა, ოჯახი ჰყოლოდა, ცოლი, შვილებიო. მე კი მგონია, რომ დასკვნებს ცხოვრება, გამოცდილება გვაკეთებინებს. მე ვნახე ჩემი და ჩემი შვილის წარსული და სწორედ ამიტომ ვიცი ჩვენი დღევანდელი დღის ფასი.

ერთ რამეზე მწყდება გული: რატომ ადრე არ აგვეხილა თვალები, რატომ თავიდანვე არ გავიხადეთ უფალი მეგზურად, მაშინ ხომ ამდენი ტკივილის გამოვლა არ მოგვიხდებოდა..."

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1