გალობა სულს ავითარებს
გალობა სულს ავითარებს
თითოეული ადამიანი თავისებურად ადიდებს უფალს. შმაგი ოხანაშვილი და ქალბატონი ნანა დავლიანიძე უფალს გალობით ასხამენ ხოტბას. ტაძარში გალობას პედაგოგობასაც უთავსებენ და მომავალ თაობას პატრიოტული სულისკვეთებით და ჭეშმარიტ ქართველებად ზრდიან.

- უფალმა ყველას თავისი ჯვარი არგუნა, მთავარი კი ის არის, რომ ჭეშმარიტად ემსახურო შემოქმედს და დედაეკლესიას, - თქვა შმაგიმ, - წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უდიდესი სათნოება მორჩილებაა. თუ დაკისრებულ ვალდებულებას მორჩილებით შევასრულებთ, უფალი ხელსაც მოგვიმართავს. ნათქვამია, მუსიკა ანგელოზთა ენააო. მით უმეტეს, საეკლესიო გალობა. უდიდესი ბედნიერებაა უფლისადმი სადიდებლის აღვლენა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. მგალობელი თანამონაწილე ხდება ერთ-ერთი საიდუმლოს შესრულებისა. ბუნებრივია, მგალობელს ყველაფრის მიმართ გეცვლება დამოკიდებულება. შინაგანადაც სხვაფერდები და სულიერ ფერისცვალებას განიცდი. რაც მთავარია, აღმსარებელი და მაზიარებელი ხდები.

ცხადია, შესაძლებელია გალობის შესწავლა. მანამდე მისასვლელი გზა საკმაოდ საინტერესოა და ცოტა რთულიც. პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო გალობის სურვილი და მისწრაფება. შეძლებ თუ ვერა ამას, სხვა საკითხია. ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული ლოცვა და გალობა, რადგან მრევლი მთელი გულისყურით ჩაერთოს მსახურებაში და უფალთან თანაზიარი გახდეს.

მე არ მაქვს მუსიკალური განათლება. ჩემი ახლობელი გახლავთ ცნობილი ლოტბარი ლევან წიტაიშვილი.

ლევანს ხალხური სიმღერების ანსამბლიც ჰყავს და მგალობელთა გუნდსაც უძღვება. მასთან ურთიერთობამ, რეპეტიციებზე დასწრებამ მომასურვა, სიმღერა დამეწყო.

ხალხური სიმღერების შემდეგ მოულოდნელად დავიწყე საგალობლების შესწავლა. დღეს გალობის გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია. თანდათან ნოტების სწავლაც დავიწყე. ჩემი შვილებიც გალობენ ქაშვეთის სამრევლო სკოლაში. ფაქტობრივად, საგალობლების შესწავლამ მიმიყვანა ტაძარში და ეკლესიური ცხოვრებაც დავიწყე. ამის წყალობით, სულ სხვაგვარად დავინახე სამყარო, ოჯახი, ადამიანებთან ურთიერთობაც სხვაგვარად დავიწყე. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

KARIBCHE KARIBCHE

პარალელურად ვმუშაობ გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეროვნულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. ვცდილობ, ეროვნულ ფესვებზე აღვზარდოთ მომავალი თაობა, ღვთისა და სამშობლოს სიყვარული გავუღვივოთ.

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ვგალობ მამა ალექსანდრე გალდავასთან. მანამდე პატარა სამების ტაძარში ვიყავი.

ეკლესია საუკეთესო საშუალებას გვაძლევს, რათა უფალთან მეტად ვიგრძნოთ სიახლოვე. უფალმა ყველას თავისი საკეთებელი მისცა, მთავარია, როგორ შევასრულებთ ღვთისგან ბოძებულ საქმეს. თუ სიყვარული და მორჩილება გვექნება, გაგვიადვილდება ჩვენი ჯვრის ზიდვა. თან უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ჯვრის ტარების დროს უფალი ჩვენთან არის. ღმერთმა შეგვაძლებინოს უფლის გზაზე სიარული.

ქალბატონი ნანა: - პროფესიით არც პედაგოგი ვარ და არც მუსიკალური განათლება მაქვს. მაგრამ ისე მოხდა, რომ გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეროვნულ სკოლაში ვასწავლი გალობას და ხელოვნებას, ვაკის სამების ტაძარში კი მგალობელთა გუნდის რეგენტი ვარ.

ჩემი გალობის დაწყება ეკლესიურ ცხოვრებას უკავშირდება. როცა ეკლესიაში მივედი, მაშინ გადავწყვიტე გალობის შესწავლა და მივედი სიონის სამრევლო სკოლაში ქალბატონ ლია სალაყაიასთან. უფლის შეწევნით, ვისწავლე გალობა. ჩანს, უფალმა მომმადლა ამის ნიჭი. წინამძღვრის, მამა მიქაელ წულუკიძის ლოცვა-კურთხევით, ქალთა და ვაჟთა გუნდს ვხელმძღვანელობ. როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაშინ ცოტანი იყვნენ ეკლესიური ბავშვები და გალობასთან შეხება თითქმის არ ჰქონდათ. ახლა სულ სხვაგვარად ჩამოყალიბდა მათი დამოკიდებულება. გალობის წრეებზე სიარულის სურვილიც გამოთქვეს. ვფიქრობ, რომ გალობა უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. მართალია, ზოგს მეტი მონაცემი აქვს, ზოგს - ნაკლები, მაგრამ როცა ერთმანეთის ნამღერს უსმენენ, შედეგი მაინც გვაქვს. თუ ადამიანს გულით სურს გალობის შესწავლა, უფალი მას მიმადლებს ნიჭს და გამოუმუშავებს სმენას. გალობა სულის განვითარებას ემსახურება და მომავალ თაობას სულიერად ზრდის. გალობასთან ერთად, ბავშვებს ვესაუბრები რელიგიური დღესასწაულების შესახებ. ვეცნობით წმინდანთა ცხოვრებას.

ღვთის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მოზარდებთან მაქვს ურთიერთობა. მთავარია, ურთიერთსიყვარული მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მადლობას ვწირავ უფალს ყველაფრისთვის.
ბეჭდვა
1კ1