საწინდარი ნათელი მომავლისა
საწინდარი ნათელი მომავლისა
17 სექტემბერს ქარელში ოფიციალურად გაიხსნა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასულიერო გიმნაზია.
სპეციალურად ამ დღისთვის უამრავი სტუმარი ეწვია ქარელს. მათ შორის იყვნენ: შვიდი მღვდელმთავარი: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი), ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი); ნინო წერეთელი, რუსუდან კერვალიშვილი, თემურ წიკლაური, ალექსანდრე ჩივაძე, ვახტანგ ჯავახაძე, ემზარ კვიტაიშვილი და სხვები.

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი):
"დღეს გაიხსნა ქარელის სასულიერო გიმნაზია და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოში, ისტორიულად, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლებას. საგანმანათლებლო ცენტრები კი ყოველთვის ეკლესია-მონასტრებთან იყო და ჩვენც სწორედ ამ ტრადიციის აღორძინება გვსურს, რამეთუ "ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა" - ცოდნა ქრისტეს ნათელთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ამ სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სულიერებას და სწორედ მასზე ავაგებთ ცოდნას. ეს უდიდეს ნაყოფს მოგვცემს. ჩვენ გვინდა, ბავშვები აღვზარდოთ ეროვნული ცნობიერებითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების სულისკვეთებით, რაც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისა..."

ზაზა კორინთელი (ზუმბა):
"განწყობა, რა თქმა უნდა, ამაღლებულია. ბედნიერი ვარ, რომ მამა სტეფანეს მრევლი გახლავართ და უკვე მეცხრე წელია, ამ ეპარქიასთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. დიდი მადლობა უფალს, რომ გავჩნდი ამ ეპოქაში, წევრი ვარ ამ საზოგადოებისა და მოწმე ამ სასწაულებისა...

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მარტო ქარელის ცხოვრებაში, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასე კომპლექსურად წარმოდგენილი საგანმანათლებლო, კულტურული და სულიერების კერა ჩვენს ქვეყანაში ბევრი ნამდვილად არ მეგულება. ღმერთმა ქნას, აქედან დაიწყოს ერის გამთლიანების, სულიერი ამაღლების, განათლებისა და კულტურული აღორძინების ახალი ეტაპი.

მიხარია, რომ ამ დღის აქტიური მონაწილე ვარ. ჩამოვედი ანსამბლ "ჩვენებურებთან" ერთად და შევეცდებით, მთელ საქართველოს მივულოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე. მადლობა ყველას!"

გიმნაზიის დირექტორი, არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი), უაღრესად თბილი პიროვნება, დაუღალავად იღვწოდა ახალი სასწავლებლისა და ნათელი მომავლის შესაქმნელად. არქიმანდრიტი სტეფანე:

KARIBCHE"2001 წელს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ქარელში შეიქმნა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია. იგი დაარსდა ქარელის I სკოლის ბაზაზე, რომელიც იჯარით გვქონდა აღებული. მისი პირველი ხელმძღვანელი ბრძანდებოდა ბოლნისის ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). რასაკვირველია, ეს იყო ისტორიული მოვლენა და თანაც არამხოლოდ ამ ეპარქიისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, გიმნაზიაში ბავშვი ცოდნასაც იძენს და სულიერებასაც. სწორედ ეს იყო მიზანი მისი დაარსებისა: მიგვეცა მომავალი თაობისთვის სულიერება და განათლება!

უკვე წელიწადნახევარია, ახალ შენობაში ვცდილობთ გადასვლას. მშენებლობა, წესით, 2008 წელს უნდა დასრულებულიყო, რუსეთ-საქართველოს ომს რომ არ შეეშალა ხელი.

ჩვენი სკოლა განათლების სამინისტროს მიერაა ლიცენზირებული და სასწავლო გეგმასაც სწორედ მათგან ვიღებთ. დამატებულია "საღვთო სჯული".

დღესდღეობით 292 მოსწავლე და 50-მდე მასწავლებელი გვყავს. საერთო პერსონალი 75-ს ითვლის.

ჩვენს გიმნაზიაში დავნერგეთ სისტემა, რომელიც უწინაც იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: თითოეული ტრიმესტრის ბოლოს პედაგოგი განვლილი მასალიდან ტესტებს ადგენს; ბავშვები შეავსებენ ტესტს, რომელიც გასწორდება და გამრავლდება: მოსწავლე-მასწავლებლისთვის და გიმნაზიის არქივში შესანახად. ტესტის შედგენით - პედაგოგი, მოსწავლე კი გაცემული პასუხებით შეფასდება.

ვფიქრობ, ეს პროექტი უკვე გამართლებულია, რადგან ბავშვებს ვასწავლით ცუდისა და კარგის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, ვაძლევთ ყოველმხრივ განათლებას.

ჩვენს მოსწავლეებს წარუვალი ღირებულებების ჩამოყალიბებას ვუსურვებ. ასეთი ადამიანი ბევრს მიაღწევს და მის ცხოვრებასაც ფასი და აზრი ექნება.

მკითხეთ: როდის ჩათვლით, რომ გაიმარჯვეთ და მიზანს მიაღწიეთო. გავიმარჯვებთ მაშინ, როცა აქედან წასული ბავშვი იცხოვრებს ეკლესიურად და იმ წესებით, რომლითაც უნდა ცხოვრობდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი; როცა უმეტესობა ამ ბავშვებისა ისეთი ადამიანი გამოვა, რომელსაც ექნება წარუვალი ღირებულებები, სიყვარული უფლისა და ადამიანებისა, იქნება უბრალო გულითა".

მართლაც, ძალზე სასიხარულოა, რომ ჩვენს ერს, ჩვენს დედაეკლესიას კიდევ ერთი საგანმანათლებლო კერა შეემატა. პირველი წამალი იმ მანკიერებებისა, რაც დღეს ქვეყანაში გამეფებულა, გიმნაზიების დაარსება და ამოქმედებაა, იმ სულიერების სწავლებაა, რასაც გადმოგვცემდნენ ჩვენი წინაპრები.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1