უბრალოდ ირწმუნე, რომ უფალი შენთანაა და არასდროს მიგატოვებს
უბრალოდ ირწმუნე, რომ უფალი შენთანაა და არასდროს მიგატოვებს
ხშირად, არათუ ურწმუნოს, მორწმუნე ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე უიმედობა და სასოწარკვეთილება. ზოგს ჰგონია, ყველამ მიატოვა, მათ შორის ღმერთმაც, და აღარავის იმედი აქვს. ამ დროს ჩვენს სულებს ბოროტი ეპატრონება, გვაუხეშებს და გვაბოროტებს. მაგრამ დრო რომ გავა და უკვე მომავლიდან გადმოვხედავთ წარსულს, მივხვდებით, შემთხვევით არაფერი ხდება: განსაცდელი და მწუხარება - დასაფიქრებლად და გამოსასწორებლად, სიხარული კი ნუგეშად ჩვენდა გვეძლევა.

წმინდა იოანე კაბისაღმწერელი გვირჩევს წარმოვთქვათ: "დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისთვის; ამას ჩემი ცხოვრებით ვიმსახურებ: მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა!"

როგორ მოვიქცეთ, როცა სასოწარკვეთილება გვეუფლება?

* ქრისტიანი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება! მან კარგად იცის, უფალი ისეთ ტვირთს არ მოგვცემს, რომელსაც ვერ ვზიდავთ. ჩვენ კი უკვე გზები უნდა ვეძიოთ, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა. რწმენა და იმედი, რომ მომავალი არსებობს - ყველა ტკივილს ერევა... ყოველ შემთხვევაში, ცდილობს მაინც, მოერიოს. უფალი შეგვეწიოს!

* საუკეთესო გამოსავალი მოძღვართან მისვლაა. ლოცვა აუცილებლად განკურნავს სულის ტკივილს, თუმცა შვება შეიძლება მოგვიანებით იგრძნო.

* "ყოველსა შინა ყოვლისათვის მადლობდეთ უფალსა..."

* სასოწარკვეთილება მომაკვდინებელი ცოდვაა! ამ ვნების ძლევა ხდება მიზეზის გაანალიზებით - მოძღვართან გასაუბრებით, აღსარების ჩაბარებით და უფლის იმედით, რომ მას ყოველივე სასიკეთოს მოცემა შეუძლია.

* შეებრძოლე სასოწარკვეთილების მიზეზს! თუ დარწმუნდები, რომ ვერ შველი მას, ლოცვა განაგრძე. რწმენა ძალას გვაძლევს. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია - ყველაფერს ეშველება. ილოცე უზომოდ, ილოცე დაუზარებლად. თავიდან ალბათ გაგიჭირდება, მაგრამ მაინც ილოცე... შედეგად შვებას იგრძნობ: თითქოს რაღაც დიდი ტვირთი ჩამოგეხსნა მხრებიდან.

* უბრალოდ ირწმუნე, რომ უფალი შენთანაა და არასდროს მიგატოვებს; ირწმუნე მთელი შენი არსებით, როგორ უყვარხარ! შეიძლება შენ არ გესმოდეს უფლისა და ანგელოზთა გალობის ხმა, მაგრამ ღმერთს აუცილებლად ესმის შენი ყოველი სიტყვა და არ გაგწირავს. არასდროს არ არის გვიან, ყოველთვის შეგიძლია შენი შეცდომის გამოსწორება. უფალი ამ სასოწარკვეთილებასაც შეგინდობს, თუ გულით მოინანიებ!

* მორწმუნე და მხოლოდ მორწმუნე ადამიანს შეუძლია შეხვდეს ყველანაირ განსაცდელს რწმენით. თუ მოვინდომებთ, ყველას შეგვიძლია ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, მაშინ კი აღარც სასოწარკვეთილებამდე მივა საქმე.

* გამოსავალი ჩვენს თავში ვეძებოთ. ნუ მივცემთ ძალას ეშმაკს, დაამარცხოს ჩვენი სულის სიმტკიცე. ყურადღებით ვიყოთ, რომ ისედაც დიდი ცოდვებით დამძიმებულ ჩვენს სულს სასოწარკვეთილების ცოდვაც არ დაემატოს. ვილოცოთ ყველგან და ყოველთვის!

* "სასო-წარკვეთილება მოიწევა სოფლად, არა-წმიდათა დანთქამს და წმიდათა ვერას ავნებს, ამისთვის რომ ეკლესია აქუსთ მფარველად... თუ ამისთვის ხარ სასო-წარკვეთილი, რომ არ იცი, ამას სოფელსა შინა შეგიწყნარებს ღმერთი თუ არა, - ამისი ჭეშმარიტი საცნობი სარკე მოგართვა: შთახედე ძველის სარკისა მანასესსა შორის და აღმოიცნობ ცოდვილთა შეწყნარებასა... რაც სასო-წარკვეთილების ნერგი იყოს, ყოველივე აღმოვფხრათ და უჩინო ვჰყოთ ქრიტეს მიერ!
ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი,
"სასო-წარკვეთილებისათვის"

* ღმერთი მოწყალეა! არასოდეს დაგვტოვებს გასაჭირში მარტოს! ღვთისმშობლის მეოხებით მუდამ შეგვეწევა. ამინ!

* მე სასოწარკვეთილებამ მიმიყვანა და დამტოვა ტაძარში. ახლა მადლობას ვწირავ უფალს ჩემზე დაშვებული იმ განსაცდელისთვის, რადგან სწორედ ასე მიჩვენა ჭეშმარიტი გზა...

* "მტერი ცდილობს, დაბინდოს რწმენა და შიშს ცოდვების გამო იმდენად აძლიერებს, რომ ცხონების ყოველგვარ იმედს გვიხშობს და უსასოობითა და სასოწარკვეთილებით გვებრძვის. ამიტომ, ძმაო, წინასწარ მოემზადე ამ თავდასხმის მოსაგერიებლად... როდესაც სიკვდილის წინ სასოწარკვეთილება შემოგიტევს, უპირველესად, შეეცადე გააცნობიერო, რომ ეს მტრის მანქანებაა და არა საკუთარი ცოდვების გახსენებით შობილი განწყობა..."
ნიკოდიმოს მთაწმინდელი, "უხილავი ბრძოლა"

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1