"სჯულისა და ერისათვის სიკვდილი მწყურია..."
"სჯულისა და ერისათვის სიკვდილი მწყურია..."
როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარები სამართლიანად აღნიშნავენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ამბროსის (ხელაია) მიწიერი ცხოვრების გზა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ერის სულიერი წინამძღვარი და ჭეშმარიტი მამულიშვილი მაშინ, როცა უგინებენ და ფეხქვეშ უთელავენ ყველაზე ძვირფასს - სარწმუნოებას, ქვეყანას კი იძულებით ადგამენ თავზე მონობის სამარცხვინო უღელს.

გასული საუკუნის 20-იანი წლების ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს ამბროსის ურთულეს პერიოდში, ათეისტური საბჭოთა სახელმწიფოს ფორმირების პროცესში მოუხდა კათოლიკოს-პატრიარქის უმძიმესი უღლის ტარება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მან პირველმა აღიმაღლა ხმა ანექსირებული ქვეყნის შელახული უფლებების დასაცავად. 1922 წელს უწმინდესმა ამბროსიმ მემორანდუმით მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც აპროტესტებდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების შემოჭრას და საქართველოს ტერიტორიიდან მათ დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა, რათა ქართველ ხალხს უცხო ქვეყნის ჩაურევლად, ძალადობის გარეშე, თვითგამორკვევის საფუძველზე გამოენახა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ისეთი ფორმები, რომლებიც საუკუნეებით ჩამოყალიბებულ მის ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებას, ფსიქიკასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. უწმინდესი ამბროსი კონფერენციას სთხოვდა, არ უგულებელეყოთ პატარა საქართველოს მოთხოვნები და დაეცვათ მისი ქვეყანა მონობისა და ძალმომრეობისგან. მიუხედავად ამისა, რუსეთის ახალშექმნილი კომუნისტური იმპერიის ინტერესების გათვალისწინების გამო საქართველოდან გაგზავნილი მემორანდუმი კონფერენციის დღის წესრიგშიც არ შეუტანიათ განსახილველად. ამ დოკუმენტზე მომუშავე სასულიერო პირთათვის სწორედ ეს გახდა რეპრესიების, დევნა-შევიწროების, ზოგიერთისთვის კი მოწამებრივი აღსასრულის დასაბამი.

საბჭოთა ბეჭდური მედია, მოგეხსენებათ, ყალბ პათოსსა და სრულ სიცრუეზე იყო აგებული. ამიტომ ამ პერიოდის შესახებ ობიექტური, უტყუარი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ ქართული ემიგრანტული პრესის გაცნობით გახდა შესაძლებელი. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტები შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს ბოლშევიკური წყობილების დამყარების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი თავდასხმის მთავარი სამიზნე ხდება. პატრიარქთან დაახლოებული ერთ-ერთი ჟურნალისტის ცნობით, "კათოლიკოზი ამბროსი, პრაქტიკულად, არაფერს გამოელოდა გენუის კონფერენციისაგან, მაგრამ ხმის ამოუღებლობას იმ დროს, როცა ქართველობა იჟლიტებოდა და სამკვიდრებელი მისი ვერანდებოდა, სასტიკ დანაშაულად სთვლიდა. "ერი და სჯული მოითხოვენ ამას ჩემგან", - იყო პასუხი მისი..." საგაზეთო სტატიაში ავტორი დეტალურად აღწერს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ სირთულეებს: "ამ დროიდან იწყება ეკლით ფენილი გზა საქართველოს მთელი ეკლესიისათვის. რუსული მაგალითის მიხედვით, საოკუპაციო ჯარის უფლება ჯიუტად შეუდგა ჩვენი ღარიბი ეკლესიის ძარცვა-გლეჯას, ხოლო ეს შარაგზაზე ყაჩაღობა დეკრეტში იწოდებოდა "ძვირფასეულობის ჩამორთმევად". საერთოდ, დრტვინვისა და შიშის ზარის ჟამს კათოლიკოსი ამბროსი შესაფერ ღირსებით წინააღუდგა ამ აქტს. მან გასცა ბრძანება, რომ ეკლესიის მსახურთ არ გაეღოთ ტაძრის კარი და არც ხელი მოეწერათ ნივთეულობის გატანის ოქმზე. ბოლშევიკებმა ჯერხანობით შიგნიდან დაიწყეს ეკლესიის ღრღნა. მათ მიიმხრეს სამღვდელოების ნაძირალები - აღკვეთილნი, ლოთები, მეძავნი... სოფლად დაიწყო დევნა და აწიოკება კანონიერად დადგენილ მღვდლების, რომელთა მაგივრად ზემოაღნიშნულ "მღვდლებს" იხმობდნენ. სამთავარხუცესო ოლქები გაივსო ე.წ. შეჭრილი მღვდლებით, რომლებიც არ სცნობდნენ სასულიერო მთავრობას და კომისარიატების ყურმოჭრილ მონობას ეწეოდნენ", - წერს გაზეთ "დამოუკიდებელი საქართველოს" ჟურნალისტი რ. ინგილო, რომელსაც, უწმინდესი ამბროსის დავალებით, საგანგებოდ შეუსწავლია ალავერდის ეკლესია "შეჭრილი მღვდლების" გამოსავლენად და მათი ეპარქიიდან განდევნის მიზნით. "ადგილობრივი პირობების გაცნობამ დამარწმუნა, რომ ბოლშევიკებს, სოფლის ნაძირალებისა და ათასგვარი მაწანწალის დახმარებით, უკვე დაეწყოთ ნამდვილი ომი კათოლიკოზის წინააღმდეგ, თვითონ კი ჯერ ფორმალურად გარეთ იდგნენ. უშიშარი ეპისკოპოზი არ დაერიდა ამ უსწორო ბრძოლას და უმეტეს შემთხვევაში კიდევაც სძლია ეკლესიის წინააღმდეგ დაყენებული შეთქმულება".

თვითმხილველი ჟურნალისტი მეტად მძაფრად და დრამატულად გვიამბობს იმ არაადამიანური ქმედების შესახებ, უწმინდესი ამბროსის მიმართ რომ ჩაიდინეს ბოლშევიკებმა. "შეუძლებელია აღწერა ფიზიკური და სულიერი ტანჯვისა, რაიც კათოლიკოზ ამბროსის გადახდა იმ დღიდან, როდესაც ის პირველად გაიტაცეს ჩეკაში 1922 წლის ზაფხულში. გამოდევნილი სასახლიდან, ის ეძებს თავშესაფარს "სიონის" ეზოში ნესტიან შენობაში. შეიძლება ჩასწვდეთ მღვდელმთავრის ტანჯვას, როცა მას კარის ეკლესიას უკეტავენ, ხატებს ფანჯრებიდან ისვრიან და ტაძარში საცეკვაო ზალას ხსნიან?! მოიგონეთ მისი გასამართლების ამბავი, ის სასაცილო ე.წ. რევოლუციური ტრიბუნალი, რომელშიაც მსაჯულებად და ბრალმდებლებად მეტად საეჭვო სუბიექტები იყვნენ წარმოდგენილნი, - ვკითხულობთ სტატიაში, - გეხსომებათ ალბათ ზოგიერთი ეპიზოდი იმ გასამართლებისა, თუ როგორ ავსებდნენ სამსჯავროს შენობის წინ მოედანს ჩეკელებით, ჯაშუშებითა და სხვადასხვა ჯურის კრიმინალური ელემენტებით. "სიკვდილი ამბროსის, სიკვდილი! - ღრიალებდა წაქეზებული ბრბო და უშენდა მას ქვებს... "მიუტევე, უფალო, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან", - ასე მიუგებდა უმეცართ უფალი საბაოთის მღვდელმთავარი.

საქართველოს ეკლესიამ, საქართველოს სახელმწიფომ და მთელმა ქართველმა ერმა დაკარგა ბრწყინვალე მღვდელმსახური, უდიდესი პატრიოტი და ხალხის ნამდვილი მამა და მესაიდუმლე!

მტერი ხარობს, რადგანაც მან მოიშორა მოწინააღმდეგე, რომლისაც მას ყველაზე მეტად ეშინოდა.

სამშობლოს მიწავ, მსუბუქად დაეფარე მის წმიდა ცხედარს!" - ამ სიტყვებით ამთავრებს ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი რ. ინგილო თავის საგაზეთო სტატიას, რომელიც მან გაზეთ "დამოუკიდებელ საქართველოს" რომიდან გამოუგზავნა.

"ქართულ ისტორიოგრაფიაში შედარებით უკეთ არის შესწავლილი 1924 წლის საერთო სახალხო ამბოხება, უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, შედარებით უფრო მეტი მასალაა შემორჩენილი მის შესახებ, - მიუთითებს აკადემიკოსი გურამ შარაძე, - მაშინ, როდესაც ძლიერ მწირია ამ მხრივ ისტორიული დოკუმენტები და, შესაბამისად, ჩვენი წარმოდგენაც 1922 წლის ე.წ. ხევსურეთის აჯანყების შესახებ, რომლითაც ფაქტობრივად იწყება ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბრძოლის ისტორია ძალით თავსმოხვეული საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად, ამის კვალობაზე კი, დამსჯელი ბოლშევიკური რეპრესიების ტალღის აგორება თავისუფლებისმოყვარე ქართველი მამულიშვილების წინააღმდეგ". მეცნიერის აზრით, ამ მხრივ ფასდაუდებელია დავით ვაჩნაძის "1922 წლის აჯანყება", რომელიც მას პარიზში "საფრანგეთში მყოფ ქართველთა ასოციაციის საჯარო სხდომაზე" წაუკითხავს, ამის შემდეგ კი "ამონარიდები თვითმხილველის მოგონებათა რვეულიდან" ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ "მხედარში" დაიბეჭდა. დავით ვაჩნაძე თავის მოგონებებში ასეთ რამეს იხსენებს უწმინდესი ამბროსის შესახებ: "ერთ დილას, ქუჩაზე საჩქაროდ მიმავალს, თავს წამადგა მეგობარი კაცი:

- დაგეძებთ ყველგან... ყოვლადსამღვდელო ამბროსისაგან (ხელაია) თქვენთან დაბარება მაქვს, გთხოვთ მომისმინოთ!

შევედით იქვე მახლობლად ღვინის სარდაფში. ნაცნობმა მედუქნემ გაგვატარა მიყრუებულ პატარა ოთახში და კარები ჩაგვიკეტა.

- ბრძანეთ! - მივუგე მეგობარს.

- ყოვლადსამღვდელო გიგზავნით თავის ლოცვა-კურთხევას და გატყობინებთ შემდეგს: თელავიდან საგანგებო კაცის პირით კათალიკოსს მოუვიდა ამბავი, რომ ხალხი დღე-დღეზე გამოსვლას აპირებს; რომ ჩოლოყაშვილი გადავიდა ხევსურეთში. კათალიკოს ამბროსის გადაწყვეტილი აქვს ხალხის ამ გამოსვლაში მონაწილეობა მიიღოს, ამიტომ გთხოვთ, როგორმე აცნობოთ ბატონ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, თუ ეს შესაძლებელია, გამოსვლის დღე ალავერდობის დღეობას შეუფარდოს (27 ენკენისთვე ახალი სტილით). ამ დღეს კათალიკოსი იქნება ალავერდში და წმ. ნინოს ჯვრით დალოცავს და აკურთხებს მებრძოლ ქართულ რაზმებს... და თვით გაჰყვება მათ ბრძოლაში.

- ეს ნაბიჯი მართლაც გადაწყვეტილი აქვს კათალიკოსს? - გაკვირვებით გადავკითხე მის გამოგზავნილ კაცს.

- დიახ, ნაფიქრი და გადაწყვეტილი.

- მაშ, გადაეცით ყოვლადსამღვდელოს ჩემი მადლობა ლოცვა-კურთხევისთვის და აცნობეთ, რომ ყოველ ღონეს ვიღონებთ და შევატყობინებთ ჩოლოყაშვილს მის სურვილს.

განშორებისას მესაუბრემ მითხრა: უკანასკნელ დროს კათალიკოსი ძალიან აღელვებულია. მუდამ იმეორებს: "სჯულისა და ერისათვის სიკვდილი მწყურია. ვეღარ ვიტან ამ შეგინებულ, ნაძრახ ქართულ სიცოცხლესო".

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი თანაუგრძნობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებასაც. მისი სიტყვები, "ოღონდ თქვენ დაიწყეთ და მე ჯვრით ხელში გაგიძღვებითო", სიხარულით გადადიოდა ხალხიდან ხალხში.

გამოსვლები ერთი დღით ადრე დაიწყო და არაორგანიზებულად გაგრძელდა, რითაც ისარგებლა ხელისუფლებამ და შეტევაზე გადავიდა.

ემიგრანტული გაზეთ "ბრძოლის" 22-ე ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციით, უწმინდესი ამბროსის გასამართლება 1924 წლის 10 მარტს დაწყებულა. "ამბობენ, ორჯონიკიძე წინააღმდეგი იყო ამ პროცესის წამოწყებისა, მაგრამ ცეკაში მოპირდაპირე აზრმა გაიმარჯვაო, - ვკითხულობთ საგაზეთო სტატიაში, - ორჯონიკიძე მართალი გამოდგა, რადგან ამ პროცესით კომუნისტებმა მიაღწიეს სრულიად საწინააღმდეგოს იმისა, რაც მათ მიზნად ჰქონდათ დასახული. პროცესმა აშკარა ჰყო ყველასათვის და უპირველესად კომუნისტებისათვის, რომ მთელი ქართველი ხალხი შეურყევლად ადგია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზას. ამ "გასამართლებამ" მთელი საზოგადოება ააფორიაქა. ბრალდებულები, დამცველები, მოწმეები ხალხის საერთო თანაგრძნობით იყვნენ გარემოცულნი, ხოლო მთავარ ბრალდებულს, კათოლიკოს ამბროსის, წამებულის გვირგვინი დაადგეს ოკუპანტებმა, - წერს სტატიის ავტორი და მნიშვნელოვან საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას, - პროცესს აუარებელი ხალხი მოაწყდა; დარბაზში კი სცდილობდნენ, არავინ შეეშვათ, გარდა თავისიანებისა. მიუხედავად ამისა, ხალხის ნაწილი მაინც ახერხებდა შესვლას, შიგ სასამართლო დარბაზში ხომ ნამდვილი ვაკხანალია იყო. გოლდბაუმმა მოახდინა კომსომოლისტების მობილიზაცია. კომსომოლის უმრავლესობა ხომ უცხოელებია, ხულიგნები, ბიჭბუჭები. მთელი ქანდარა ამათ ეკავათ, ყოველ გამოსვლას ბრალდებულთა თუ დამცველთა სტვენით, ყიჟინით, ლანძღვა-გინებით ხვდებოდნენ. განუწყვეტლივ გაისმოდა ყვირილი: "ზირს ნინიძე, ზირს ამვროსი, ზირს ბარათოვი", - სახელდახელოდ ასწავლეს ამ უცხოელებს ორი-სამი ქართული სიტყვა და აყვირებდნენ უდიერად, ქუჩურად. დამცველებს ყოველგვარ დაცინვით და შეურაცხყოფით უმასპინძლდებოდნენ, აბამდნენ პალტოზე კარიკატურას ან ადიოდნენ სასამართლოს მაგიდასთან და კარიკატურებს ცხვირში სჩრიდნენ ვექილებსა და ბრალდებულებს. საჭირო იყო იობისეული მოთმინება, რომ კაცს ეს ძალმომრეობა და დამცირება აეტანა.

პირველ დღეს, როცა ამბროსი შემოიყვანეს, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა, მოსამართლეების შემოსვლაზე კი არ ამდგარან. მეორეჯერაც ასეთი სურათი განმეორდა", - მოგვითხრობს სტატიის ავტორი.

"ეს იყო გადამწყვეტი წამი. ბზობას იერუსალიმში შესვლისას, - ქრისტემ კარგად იცოდა, იერუსალიმს ხალხი "ოსანას" გალობით დაუხვდებოდა, ოღონდ ეს "ოსანა" იქნებოდა ის უკანასკნელი წვეთი, რომელიც აღავსებდა ტაძრის მსახურთა მოთმინების ფიალას და სასიკვდილოდ გააწირვინებდა მათ მის თავს. მაგრამ ისიც იცოდა, რომ თუ არა სიცოცხლის შეწირვით, თუ არა უდიდესი მსხვერპლის მიტანით, ვერ შექმნიდა ახალ რჯულს", - ასე იწყება ივანე ზურაბიშვილის სტატია "ორი მღვდელმთავარი", რომელიც ემიგრანტულ გაზეთ "საქართველოში" დაიბეჭდა. იესო ქრისტემ თავისი სისხლითა და ხორცით აზიარა კაცობრიობა სიყვარულის უმაღლეს და უწმინდეს მცნებას, შეიქმნა ახალი რჯული, დამყარდა ქრისტიანობა!

ასეთი იყო ანდერძი, რომელიც დაუდგა ქრისტემ თავის მიერ შექმნილ ეკლესიას და ეკლესიამაც მტკიცედ მისდია მოცემულ მაგალითს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. იგი იხსენებს ქრისტიანთა დევნას ძველ რომში, სხვადასხვა დროის წამებულებს, "რომელთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს ქართული ეკლესიის წმიდა მოწამეთა". როცა ყველას ეგონა, რჯულისთვის დევნა და წამება ისტორიულ მოგონებად იქცა, თურმე მეოცე საუკუნის დამდეგსაც შესაძლებელი ყოფილა, ნერონისა და კალიგულას დროინდელი სჯულის დევნაზე უარესი ჟამი დამდგარიყო, - გაოცებას ვერ მალავდა ჟურნალისტი.

"მოსკოველმა ხელისუფლებამ, თითქოს საკმარისი არ ყოფილიყოს მის მიერ დაღვრილი სისხლის ზღვა, რომ ყველას დაენახა, რა სიმდაბლემდე და სიმხეცემდე შესაძლებელია დაეცეს ადამიანი, დაუწყო დევნა სჯულსა და ეკლესიას, და არა ერთს, არამედ ყველა არსებულს, - ხურავს ეკლესიებს, ანგრევს და აფეთქებს სავანეთ და მონასტრებს, ხოლო მორწმუნეთ ხვრეტს და ხოცავს. ან კი რა მოეთხოვება მას, ვინც ირქმევს უღმრთოს სახელს და თავი მოაქვს კიდეც ასეთი სახელწოდებით. ერთი დავიწყნია მხოლოდ - უღმრთოობა არ ნიშნავს ურელიგიობას, არამედ სიბოროტის უკიდურესობას", - დასძენს ავტორი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა დიდი მისია აკისრია მღვდელმთავარს და სასულიერო წოდების მატარებელ ყოველ ადამიანს ღვთისა და ერის წინაშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი განსაცდელის ჟამი უდგას სამშობლოს.

"ფრანგები ამბობენ, კეთილშობილება მოვალეობააო. მით უფრო დიდი მოვალეობის დამდებია ისეთ მაღალ ადგილზე არჩევა, როგორიც მიტროპოლიტის ტახტია...

დადგა დღე უდიდეს განცდის მღვდელმთავართა და ეკლესიის მსახურთათვის.

დადგა დრო მასწავლებლის მიერ მოცემული მაგალითის და ანდერძის შესრულებისა.

და როგორ გაიგეს ამ უდიდეს მოვალეობის აღსრულება ეკლესიის დღევანდელმა მსახურებმა?

პასუხად ამ საერთო აღშფოთებისა და აღშფოთებით გამოწვეულ გამოსვლებისა მთელს ქვეყნიერებაში მოსკოველმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა რუსეთის მღვდელმთავარ სერგის განცხადება, რომელიც უარყოფდა ეკლესიის დევნას რუსეთში". ი. ზურაბიშვილის აზრით, მიტროპოლიტ სერგის მიერ გაკეთებული განცხადება მორიგი სიყალბე იყო, რომელიც "არავინ არ დაიჯერა". ავტორი ერთ-ერთი იტალიელი კორესპონდენტის საგაზეთო სტატიის მოშველიებით ასეთ დასკვნას გვთავაზობს: "ამრიგად, დამტკიცდა, რომ მიტროპოლიტმა სერგიმ მართლაც უარყო ეკლესიების და მათ მსახურთა დევნა რუსეთში, რომ ეს უარი ძალად ათქმევინეს და რომ მიტროპოლიტი სერგის ასეთი განცხადება სინამდვილეს ეწინააღმდეგება. ყველა ეს ადვილი ამოსაკითხავია ზემოხსენებული კორესპონდენტის ნაამბობიდან.

მიტროპოლიტებს და კათოლიკოსებს მხოლოდ იმისთვის ხომ არ ირჩევენ, რომ დიდ უქმე დღეებს მედიდურად შემოსილებმა სწირონ და სადიდებლები წარმოთქვან. თუ არა ასეთ შავ დღეს, მაშ, როდისღა უნდა ემსახურონ თავის მრევლს, რომელიც ამ შემთხვევაში მთელი ერია? თუ არა გაჭირვებაში, მაშ, როდისღა უნდა გამოესარჩლოს სულიერი მამა მთელი ერისა ამ უკანასკნელს და, თუ საჭიროა, თავიც შესწიროს?

მოჰკლავენ? აწამებენ? და ხომ სწორედ ეს არის მისი მოვალეობა და დანიშნულება, ასეთ ვალსა სდებს მისი სახელი ეკლესიის მმართველისა, ასეთი მსხვერპლით შეუძლია მხოლოდ, ერს სული გაუმაგროს".

დასკვნით ნაწილში სტატიის ავტორი ამ ორი მღვდელმთავრის - მიტროპოლიტ სერგისა და კათოლიკოს ამბროსის ასეთ შედარებას გვთავაზობს: "არა, მიტროპოლიტმა სერგიმ ვერ გამოიჩინა სულის ის სიმაღლე და სიმტკიცე, რომელიც ჰმართებს ეკლესიის უმაღლეს საფეხურზე მყოფ მღვდელმთავარს და რომლის შესანიშნავი მაგალითი მისცა მთელ ქვეყნიერებას მეორე მღვდელმთავარმა, საქართველოს კათოლიკოსმა ამბროსიმ. ამ დიდებულმა ღვთისმსახურმა ხმა აიმაღლა და მედგრად შეეწინააღმდეგა თავის ქვეყნის, თავის ერის მტარვალთ.

მიტროპოლიტმა სერგიმ თავისი საუფლისწულოც არ დაიცვა, დევნილთ მაგიერ მდევნელთ გამოესარჩლა.

კათოლიკოსი ამბროსისთვის თავისუფალი ეკლესია განუყოფელი იყო თავისუფლებასთან - ერს, რომელსაც წაართვეს დამოუკიდებლობა, არც სჯულს შეარჩენენ და არც ეკლესიას. ამიტომაც არ შეუშინდა ეს დიდებული მამულიშვილი და ქრისტეს მცნებათა ღირსეული მოციქული არც წამებას და არც სიკვდილს, გაბედულად დაგმო თავის ერის მტერთა უდიერობა და ქვეყანას ამცნო თავისი ქვეყნის წამება და წვალება.

და როდესაც გაბოროტებულმა და გაშმაგებულმა ძალმომრეობამ ერის ამ გაბედული გამოსარჩლებისთვის სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, რა სადა და ამასთან მშვენიერისა და ღრმა გრძნობით აღსავსე სიტყვებით უპასუხა ამ უმსგავსო განაჩენს: "სული ჩემი უფალს ეკუთვნის, გული - ერს, სხეულს კი, რაც გნებავთ, ის უყავით!"

ორი მღვდელმთავარი...

ზეცისა და მიწისადმი, სინდისისა და ჭეშმარიტებისადმი მოვალეობის ორი შეგნება!

რა განსხვავებაა!

ამიტომაც იყო, რომ როდესაც კათალიკოსი ციხეში გარდაიცვალა - გაბოროტებულმა ხელისუფლებამაც კი ვერ გაბედა თავის მხეცური განაჩენის სისრულეში მოყვანა, ხოლო ციხეში ჩააგდო და ნელის წამებით ამოხადა სული მოხუც მღვდელმთავარს, უღრმესი მწუხარების გრძნობამ მოიცვა ქართველი ერი და ერთ სულ ჰყო".

ასე გამოეხმაურა გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული პრესა იმ პერიოდის საქართველოში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებმაც მეოცე საუკუნის საქართველოს უდიდესი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსის (ხელაია) სიცოცხლე იმსხვერპლა.

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საეკლესიო კრებამ ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) წმინდანად შერაცხა, წმინდა ამბროსი აღმსარებელი უწოდა და მისი მოხსენიების დღედ 16 (29) მარტი დაადგინა.

ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: "წმიდა ამბროსი აღმსარებელი განსაკუთრებული წმიდანია. ის თითქმის ჩვენს დროს ცხოვრობდა. მისი პატრიარქობის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩვენი ეკლესია ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. აქ, ამ რეზიდენციაში დააპატიმრეს იგი, დღევანდელი საპატრიარქოს შენობაში. ცნობილია მისი ისტორიული სიტყვები: "სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - საქართველოს, ამ სხეულს კი, რაც გინდათ, ის უქენითო". როგორც ამბობდნენ, ყოფილა მკაცრი პიროვნება, მკაცრი ადამიანი, კომუნისტებს არ უთმობდა თურმე. ამიტომ გამოირჩია იგი ღმერთმა, ამიტომ იყო მადლმოსილი, დიდი სიწმიდის მქონე და მაგალითია ჩვენთვის. მე ვფიქრობ, მისი წმიდა სული დღესაც ბევრს აკეთებს ჩვენთვის და საქართველოსთვის" (ინტერვიუ ჩაწერილია 2001 წელს).

წმინდა ამბროსი აღმსარებლის სამშობლოსა და ქართული ეკლესიისთვის მსხვერპლად შეწირული წმინდა ნეშტი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში განისვენებს.
ბეჭდვა
1კ1