მართლმადიდებლობა უნდა გწყუროდეს
მართლმადიდებლობა უნდა გწყუროდეს
"გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს".
ილია II, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

* ეკლესიური ცხოვრების პირველი ნაბიჯი ტაძარში მისვლაა, რაც სხვადასხვა მიზეზით ხდება: წინაპართა ტრადიციის მიყოლით, ჯოჯოხეთში მოხვედრის შიშით, მადლისა და სულიერი სიმშვიდის მიღების სურვილით, უმეტესობა კი მხოლოდ დიდი უბედურების დროს იხსენებს სულის ხსნის ერთადერთ გზას...

* ეკლესიაში, პირველ რიგში, უფლის სიყვარულმა მიმიყვანა. ყოველთვის მსურდა ტაძარში მისვლა და ამით სულიერი სიმშვიდის მოპოვება, უპირველესი კი ცოდვების მონანიების სურვილი იყო. იმ დღის შემდეგ თითქოს სულიც შემიმსუბუქდა... ეს ენით გამოუთქმელი სიხარულია... დიდება უფალს!

* რატომ დავდივარ ეკლესიაში? ეკლესიიდან ყოველი დაბრუნებისას, ყოველი აღსარებისა და ზიარების შემდეგ უდიდეს მადლს ვგრძნობ და ასე მგონია, ნელ-ნელა ჩემი ბინძური სული ცოტცოტაობით იწმინდება. მინდა, რაც შეიძლება მეტად განვიწმინდო გული და გავილამაზო სული, რათა უფლის მოსაწონი გავხდე და ღირსი გამხადოს დავდგე მის მარჯვნივ, რომ სულ უფალთან ვიყო და მუდამ ვისმინო მისი ხმა... ვიცი, ბევრი მოვინდომე, მაგრამ ხარბი ყოფილა კაცის გული და ნეტავ მხოლოდ უფალთან სიახლოვის სურვილში ვიყოთ ხარბები! ერთ წმინდა მამას უთქვამს: თუ წყლის წვეთი წლების მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას ეცემა, ქვას გახვრეტსო... და მეც იმედი მაქვს, ჩემი დაუღალავი ლოცვით, საკუთარი თავის კონტროლით, უფლის სიახლოვეს ყოფნით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით მოვუხერხებ რამეს ამ ჩემს ცოდვილ და ბინძურ სულს, ჯერ კიდევ ვნებებში რომაა ჩაფლული და ასე უჭირს მისგან განთავისუფლება...

* ეკლესიაში საკუთარ თავს ვეძებ. და კიდევ, ვცდილობ, ჩავწვდე უფლის ნებას ჩემზე...

* სიმართლე რომ ვთქვა, ტაძარში ძირითადად მაშინ დავდიოდი, როცა რაღაც მიჭირდა... ერთხელ დიდ განსაცდელში აღმოვჩნდი და შვება და დახმარება მხოლოდ იქ ვიპოვე. ვმადლობ ამისთვის უფალს და მინდა, ყოველთვის და ყველგან ვგრძნობდე მის შემწეობას, მადლს, სიყვარულსა და შიშს. ჩემს ცოდვებით დამძიმებულ სულს მუდმივი მკურნალობა სჭირდება და ეს მხოლოდ ტაძარშია შესაძლებელი.

* ეკლესიაში ბედნიერ და გახარებულ ხალხს ვხედავ და მეც სიხარული მეუფლება - ერთად გვიხარია უფალთან სიახლოვე.

* მეშინია სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვედრის...

* მართლმადიდებლობა უნდა გწყუროდეს - ეს ვალდებულებაა.

* ტაძარში დავდივარ, რათა ვილოცო ჩემი ოჯახის, ახლობლების, ნათლულების და ბოლოს - ჩემი ცოდვილი სულისთვისაც.

* ჩემთვის ეკლესია ცივი წყაროა ხრიოკ უდაბნოში, მალამოა ცოდვებით გადამწვარი სულისა და ხორცისთვის. მხოლოდ ტაძარში ვარ მწუხარე ჩემი ცოდვების გამო, და ბედნიერი, რომ უფლის მონა ვარ. მდიდარი ამაყიც ვარ და გლახაკი მათხოვარიც - მხოლოდ უფლის სახლში.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1