"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი"
"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი"
ღვთის ქმნილებათა შორის ადამიანი ყველაზე გასაოცარი და ამოუხსნელი არსებაა, ჭეშმარიტად სასწაულთა სასწაულია, თუმცა არ არსებობს ადამიანის ცნება მორალისა და სიყვარულის ცნებათა გარეშე. ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის ჩვენს გულზე გადის, ამდენად ჭეშმარიტი ადამიანის ძიება მარადიული პრობლემაა მთელი კაცობრიობისა. თუმცა ისინი ხშირად ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ვერ ვამჩნევთ და დიოგენესავით სხვაგან ვეძებთ სანთლით.

სწორედ ასეთ ფარულ კეთილშობილ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება ჩვენი რესპონდენტი მამა ლევანი. იგი ერისკაცობაშიც და ახლაც გამოირჩევა თავმდაბლობით, სიყვარულითა და მუდამ ჩრდილში დგომის სურვილით. ინტერვიუს ჩაწერაზეც იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ მის გვარსა და ტაძარს, სადაც მსახურობს, არ დავასახელებდით.

მამა ლევანს უდიდესი განსაცდელების გადატანა მოუწია - მან სიკვდილს ჩახედა თვალებში. თუმცა იქ, სადაც ღვთიური მადლი იწყებს გაბრწყინებას, სხვა ყველაფერი უფერულდება. იმედი გვაქვს, ჩვენი საუბარი მამა ლევანთან ნუგეშს სცემს წამკითხველს და ჩვენს გულებსაც მოჰფენს ღვთაებრივი მადლის ნაპერწკლებს.

მამა ლევანი 1972 წელს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა, მერე კი სასულიერო სემინარია და აკადემია დაამთავრა და სასულიერო პირად ეკურთხა. ამჟამად თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ახალგაზრდობის მიუხედავად საკმაოდ ბევრი რამ გამოიარა, თუმცა მის კლდესავით მტკიცე და ურყევ სულს ამა სოფლის განსაცდელებმა ვერა დააკლეს რა, ისევე, როგორც ზღვაში ნახევრად ჩაძირულ პეტრე მოციქულს, რომელიც უფლისკენ მიემართებოდა წყალზე სვლით...

- მამა ლევან, გთხოვთ გვიამბოთ, როგორ მოხდა თქვენი სულიერი მეტამორფოზა, როგორ ჩამოყალიბდით მორწმუნე, ეკლესიურ ადამიანად.

- სკოლა რომ დავამთავრე, შემთხვევით შევიარე ეკლესიაში. ის ჩემთვის ჩვეულებრივი შენობა იყო, სადაც რიტუალები ტარდებოდა, რომლებიც არც მესმოდა და მაინცდამაინც არც მაინტერესებდა.

ტაძარში გავიცანი და დავუახლოვდი ერთ ადამიანს, რომლის გამოც მივდიოდი ხოლმე შემდგომ ეკლესიაში და ვესწრებოდი მსახურებას. მისი თხოვნით, დიდი მარხვის ბოლო ორი კვირა შევინახე, აღსარება ვთქვი და ვეზიარე კიდეც. თუმცა ყველაფერი ინერციით მოხდა და არა შესაბამისი შეგნებით.

დაახლოებით ერთმა წელმა განვლო ამგვარად. ალბათ შეუმჩნევლად ჩემში რაღაც ცვლილებები მიმდინარეობდა. ზიარების შემდეგ დავფიქრდი სიკვდილზე და დავიწყე ძიება - რა იყო სიკვდილი.

ცხოვრებაში ბევრი რამ გამომივლია, განმიცდია, გამომიკვლევია და მომიძიებია: მატერიალური, ხორციელი, ხრწნადი და წარმავალი. შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად ყველაფერს გავუსინჯე გემო, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი უგემოვნობა იყო და მივადექი სინამდვილეს: სიკვდილს. ვხედავდი, რომ კვდებოდა ჩემი თანატოლი და მე მიწას ვაყრიდი. იხოცებოდნენ უფროსებიც, უმცროსებიც, ჯანმრთელნიც თუ სნეულნიც. ვიაზრებდი, რომ მათ რიგში მეც ვიყავი. ყველას ვეკითხებოდი, ასე რატომ ხდება-მეთქი, მაგრამ ვერავინ მპასუხობდა. ჩემთვის აზრი დაკარგა ყველაფერმა, რადგან ყოველივეს უკან სიკვდილი იდგა.

გადავწყვიტე, სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა დამეწყო, გავეცანი აღმოსავლურ რელიგიებს. ერთხელ რადიოთი შემეცნებით გადაცემას ვუსმენდი და შემდეგ სიტყვებს მოვკარი ყური: "მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ..." გავიფიქრე: "მე არ ვიცი, ვინ არის ღმერთი, მაგრამ ეს სიტყვები ან უფლის ნათქვამია, ან ვინმე ბრძენის. ეს სიტყვები ჭეშმარიტებით არის ნათქვამი და ამიტომ ვინც იგი წარმოთქვა, იმას თუ ვიპოვი და დავუახლოვდები, მივიღებ პასუხს სიკვდილთან დაკავშირებითაც-მეთქი".

ამის შემდეგ დიდი მარხვა დავიცავი, მაგრამ მარხვისას ცოდვაში ჩავვარდი. ისე განვიცადე, ვიტირე კიდეც. მივედი ეკლესიაში. ვნების შვიდეულის წინა დღეები იყო და ტაძარში ლოცვის დასაწყებად ემზადებოდნენ. ამ დროს ვიგრძენი ვიღაცის მზერა - თვალს არ მაშორებდა და ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდა; თან თითქოს რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. მუხლებზე დავეცი და ტირილი დავიწყე, - სხაგვარად არ შემეძლო. მერე ზევით ავიხედე და კუთხეში, სადაც არც ხატი იყო და არც ფრესკა, შევნიშნე - ცოცხლად მიყურებდა იესო ქრისტე. მის სახეზე დავინახე ის თვალები, ყველგან რომ მიმზერდნენ. სწორედ ამ დროს დამიძახა მღვდელმა და მითხრა, დღეს სტიქროსნები არ მოვიდნენ, მოდი, სტიქარი ჩაიცვი და მსახურების ჩატარებაში მომეხმარეო. საკურთხეველში შემიყვანა. ვგძნობდი, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი... იმ დღიდან ჩემს ცხოვრებაში ცვლილება მოხდა.

დაიწყო ვნების კვირა. მუდმივად მქონდა განცდა, რომ ჩემში კვლავ რაღაც უნდა მომხდარიყო.

აღდგომას ვეზიარე და გათენებულზე ტაძრიდან რომ გამოვედი, თითქოს სამყარო სულ სხვანაირად დავინახე.

ამის შემდეგ სხვაგვარი ცხოვრება დავიწყე - დავუპირისპირდი ჩემს დამახინჯებულ ბუნებრივ მოთხოვნილებებსა და ვნებებს; უფო მეტად დავფიქრდი სიკვდილზე; ამ პერიოდში წავიკითხე სახარებაც და მეგონა, ჩემს გარშემო არავის ჰქონდა წაკითხული. ყველას ვეკითხებოდი, ეს წიგნი თუ წაგიკითხავთ-მეთქი. მპასუხობდნენ: კი, როგორ არაო. გაკვირვებული ვსაყვედურობდი: ეს ყველაფერი თუ იცოდით, მე რატომ არ მეუბნებოდით-მეთქი?! რაც ეს წმინდა წიგნი წავიკითხე, ყველას მის მიხედვით ველაპარაკებოდი. აქ ამოვიკითხე ის სიბრძნეც, ადრე რადიოთი რომ მოვისმინე. გაოცებული ვიყავი მისი სიღრმით. მივხვდი, რომ სახარება ყოფილა გახარება და მინდოდა, ყველას წაეკითხა, რათა ისინიც ჩემსავით გახარებულნი ყოფილიყვნენ.

ამის მერე ჩავაბარე სასულიერო სემინარიასა და შემდგომ - აკადემიაში.

- მამაო, ბრძანეთ, რომ ზიარების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ მძაფრად გაჩნდა სიკვდილის რეალობა. არადა ზიარება მრავალთათვის ბედნიერებად, სიხარულად, წყალობად და ღმერთთან ახლოს ყოფნად აღიქმება, სიკვდილი კი ნეგატიურ, დამთრგუნველ და საშიშ მოვლენად...

- სიკვდილი სინამდვილეა. მე ვეზიარე ღმერთს და მან დამანახა სინამდვილე. ამ რეალობით დღემდე ვპოულობ ჩემს თავს; ამ რეალობით დავიწყე ძიება უფლისა. სიკვდილი მაშინაა დამთრგუნველი, როცა არ ვიაზრებთ. მასში უცნაური არაფერია, იგი სრულიად ბუნებრივია, ისევე, როგორც დაბადება, ჭამა და სხვა. თუ ესენი გარდაუვალია და საჭირო, ასევეა სიკვდილიც. გარდაცვალებაზე ფიქრი მიჩვენებს იმ სინამდვილეს, საიდანაც იგი იღებს სათავეს. საიდან მოდის სიკვდილი? ვის ხელშია მისი სადავეები? ცხადია, ღმერთის. უფალი არც იბადება და არც კვდება, აქედან გამომდინარე, სიკვდილი მასთან მიმყვანებელია; იგი ახლად დაბადებაა მარადიულ ცხოვრებაში. მას მესამედ დაბადებასაც ეძახიან. ის ქრისტიანისთვის ქრისტეში დაბადება უნდა იყოს და ნურავინ იფიქრებს, რომ გარდაცვალება უბედურებაა, რომელზეც არ უნდა ვიფიქროთ, რადგან იგი არასასურველი სტუმარია. სიკვდილს წუთიერი ცხოვრებიდან, ხრწნილებიდან მარადისობაში მივყავართ. ამ ორიდან რომელია უმჯობესი? აქაური ტანჯვა თუ მარადიული სიხარული?

- მამაო, რას ნიშნავს თქვენთვის სასულიერო პირობა?

- სანამ სასულიერო პირი გავხდებოდი, ჩემში გარკვეული ფერისცვალება მოხდა. მას შემდეგ ყოველ წირვაზე ვეზიარებოდი, კვირაობითაც და დღესასწაულებზეც. ხშირად ეს ცოდვათა განუცდელად ხდებოდა, მაგრამ უფლის მზერა სულ თან მდევდა.

- დღემდე ასეა, მამაო?

- ცოტა სხვანაირადაა - უფლის მზერას ახლა გულში, გონებაში, სულში განვიცდი, მთელ არსებაში: გონებაში, გრძნობასა და ნებაში.

ყოველი ზიარების შემდეგ ცუდად ვხდებოდი, მაგრამ მაინც ვეზიარებოდი. უკმაყოფილებისა და ჩემი ვნებების გამო ადამიანებთან დაპირისპირების განცდა მეუფლებოდა. ზიარება ავლენდა ჩემს რეალურ ბუნებას, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენდი. თავი კარგი მეგონა, მაგრამ ზიარების შემდეგ ვხედავდი, რომ ძალიან საზიზღარი ადამიანი ვიყავი - მძულდა მოყვასი, ადამიანის სიყვარული არ შემეძლო. ამასთან, უწმინდურებაც მინდებოდა და ჩემი ასეთი მდგომარეობა ძალიან მტანჯავდა, რაც ჩემს თავთან დაპირისპირების საბაბს მაძლევდა. მეუფლებოდა განცდა, რომ თუ გარდავიცვლებოდი ასეთი ვნებებით, პირდაპირ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი. ღმერთს ვევედრებოდი, შევეწყალებინე. აი, ასე ვცხოვრობდი სასულიერო პირობამდე.

ერთხელ მკითხეს, რატომ ვხდებოდი სასულიერო პირი. თავიდან სრულად არ მქონდა გააზრებული, რა იყო მღვდელმსახურება, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს იყო მსახურება სიწმინდისა, ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, რომელთან ურთიერობითაც შენც იგივე მოგეცემა. მერე გავხდი კიდეც სასულიერო პირი - 1995 წელს მაკურთხეს დიაკვნად. ამ გზაზე დადგომა გადავწყვიტე არა იმიტომ, რომ ვინმესთვის რაიმე მესწავლებინა, არამედ ღმერთთან უფრო ახლო ურთიერთობა მსურდა; მსურდა მისი მსახურება, თუნდაც წირვა-ლოცვის დროს. ამ დროს მღვდელი ყველაზე ახლოსაა ტრაპეზთან, მისი ხელით ხდება პურისა და ღვინის ზიარებად გარდაქცევა. მღვდლობა ის მადლია, როცა ღმერთი ადამიანით მოქმედებს, მღვდელი საიდუმლოებათა მფლობელია. სასულიერო პირობის დროს მისი მფლობელი ხდები, ვინც შენ გფლობს, ვინც ყოველივეს ფლობს - აი ასეთი განცდა დამეუფლა, როდესაც მაკურთხეს. მაგრამ ამით თავი არ უნდა მოიწონო, არც საკუთარ თავზე უნდა შეიქმნა დიდი წარმოდგენა; შენ ისევ ისეთი დაცემული და მანკიერი ბუნების ხარ, ოღონდ ახლა შენთან არის აღმატებული მადლი მღვდლობისა და, მიუხედავად შენი ნაკლულოვანებისა თუ სიმახინჯისა, არ გშორდება, არამედ პირიქით, საშუალებას გაძლევს, შენი თავიც და სხვაც გამოიყვანო ამ სიმახინჯისა და დაცემულობისგან.

- მამაო, 2000 წელს ლეიკემია აღმოგაჩნდათ...

- განსაცდელი უფლისგან არის წარმოგზავნილი, რათა ადამიანმა უფრო მეტი იფიქროს, უფრო მეტი განიცადოს, უფრო უკეთ დაინახოს საკუთარი თავი. რადგან ადამიანებს დავიწყებიათ საკუთარი სული და აღარც ზრუნავენ მასზე, ღმერთი განსაცდელებს უგზავნით. ავადმყოფობა იმის გააზრების საშუალებაა, რომ სული უკვდავია, ხორცი კი მოკვდავი, იგი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა ბედნიერების მოსაპოვებლად. განსაცდელი კი ღვთის მადლი და წყალობაა. თუ ადამიანი მართებულად გაიაზრებს მას, ღმერთს მადლობას გადაუხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში ავადმყოფობა მისთვის უსარგებლო გახდება. ვნებებთან დაპირისპირება სწორედ უძლურებითაა შესაძლებელი.

თავიდან ძლიერი სისუსტე დამეწყო. ზოგი ამის მიზეზად პეტრეპავლობისა და დიდი მარხვების მკაცრად შენახვას მიიჩნევდა. მართალია, მარხვები მართლაც მკაცრად დავიცავი, მხოლოდ საღამოობით ვჭამდი თითო ვაშლს, მაგრამ ეს არ იყო მიზეზი. საავადმყოფოში ჩემს გვერდით იწვნენ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ჭამა-სმაზე ფიქრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი 160 კილოს იწონიდა და მასაც ჩემნაირი დიაგნოზი ჰქონდა.

მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რა მძიმე დაავადება მჭირდა, როცა ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი გარდაიცვალა...

შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადებამ მიწასთან გამასწორა. ჩავიტარე ქიმიოთერაპია, ცოტა მოვმჯობინდი, მაგრამ როდესაც უფრო ძლიერი კურსი დამჭირდა, ძალიან ცუდად გავხდი, იმდენად, რომ ვიფიქრე, აი, ეს არის სიკვდილი-მეთქი. სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. კიდევ ერთი კურსი დამინიშნეს და ექიმმა მითხრა: თუ გიშველის, გიშველის, თუ არადა, არ ვიცი, რა იქნებაო.

წესით, ადამიანს ლეიკოციტების რაოდენობა 4000 უნდა ჰქონდეს, როცა 3000-მდეა შემცირებული, ქიმიოთერაპიას უტარებენ, მაგრამ როცა 2000-ია, ამ დროს ამ პროცედურის ჩატარება უკვე სარისკოა. მე 400 მქონდა და შეწყვიტეს ჩემი მკურნალობა, რადგან შეიძლება მომაკვდინებელი ყოფილიყო. მდგომარეობა სრულიად უიმედო იყო. საავადმყოფოდან გამომწერეს. ვხვდებოდი, ეს რასაც ნიშნავდა...

შინ პირველი დღე საწოლში გავატარე. ვგრძნობდი: ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, ჯანმრთელობა დღითი დღე გამიუარესდებოდა და მალე გარდავიცვლებოდი. მაგრამ მე მეორე დღესვე წამოვდექი და ძველი მანქანის დაშლა დავიწყე. გაკვირვებული მეზობლები ჩემს სანახავად რამდენჯერმე შემოდიოდნენ.

მანქანა საბოლოოდ გავმართე. ამასობაში ერთი კვირაც გავიდა. ანალიზის აღება გადავწყვიტე. ოჯახის წევრები მეწინააღმდეგებოდნენ - არ უნდოდათ, ჩემი მდგომარეობა დაზუსტებით მცოდნოდა.

საავადმყოფოში მარტო წავედი. ანალიზმა ლეიკოციტების რაოდენობა 4000 აჩვენა. ლაბორანტს არ დავუჯერე და ანალიზი ხელმეორედ გავაკეთებინე. პასუხი იგივე აღმოჩნდა. მერე ანალიზის პასუხი ჩემს ექიმს მივუტანე. გვერდზე მოისროლა - ამას ვერ ვენდობიო და თავიანთ ლაბორატორიაში ხელახალი ანალიზი გამიკეთეს. იგივე პასუხი მიიღეს. ექიმი ვერ იჯერებდა მომხდარს. ახლა ძვლის ტვინის ანალიზი გამიკეთეს და გაკვირდნენ! ექიმი ამბობდა, 16 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს და მსგავს შემთხვევას არ შევსწრებივარო.

- მამაო, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია თქვენი ჯანმრთელობის ასე რადიკალურად შეცვლა? რომელიმე განსაკუთრებული ლოცვა ხომ არ გითქვამთ?

- არა, განსაკუთრებული არაფერი წამიკითხავს; როცა ვიწექი და ძლიერ შეუძლოდ ვიყავი, ღმერთს ვესაუბრებოდი: უფალო, ყველას რაღაც ნიჭი აქვს, რომელსაც შენ ამ ადამიანის საცხონებლად იყენებ; მეც რაღაც მაქვს, მაგრამ არ ვიცი, როგორ განვავითარე იგი, შეძლებისდაგვარად ვეცადე მაინც. და თუ ამ ნიჭის საფლავში ჩატანება გინდა, ჩამატანე; თუ ასეთია ნება შენი, თანახმა ვარ-მეთქი.

ამის შემდეგ დავიწყე გამოკეთება და საბოლოოდ მკურნალობას დავექვემდებარე. ექიმმა ოფიციალურად დადგენილი სქემით ვერ მიმკურნალა, რადგან ასეთმა მკურნალობამ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესა, ამიტომ იძულებული გახდა, ბედს მინდობოდა და თავისით დამინიშნა მკურნალობა. აქედან მოყოლებული, 2006 წლამდე, მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა.

ზუსტად იმხანად ვეკურთხე კიდეც მღვდლად. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო უძლურებას განვიცდიდი, დიდი მარხვა მაინც დავიცავი და მას შემდეგ არც ერთი მარხვა არ გამომიტოვებია. მარხვის დროს მხოლოდ საღამოობით ვიღებ მცირეოდენ მშრალ საკვებს, შაბათ-კვირას - ზეთიანს. მას შემდეგ ფეხზე ვდგავარ და არ დავმჯდარვარ. ცხადია, შიგადაშიგ მკურნალობასაც ვიტარებ. ექიმებმა მითხრეს, რომ მწვავე ლეიკემია მაქვს, ვინც მსგავსი დიაგნოზით იწვა საავადმყოფოში, ყველა ორ-სამ წელიწადში გარდაიცვალა... ექიმების თქმით, 99%-იანი სიკვდილი მელოდა და მხოლოდ 1% იყო გადარჩენის იმედი. მე სწორედ ამ ერთ პროცენტს დავეყრდენი.

დასასრულს კი გვინდა დავძინოთ, რომ მსგავსი შემთხვევები აქამდეც ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მრავლად მოხდება; მთავარია, მათი სწორი აღქმა და გააზრება ვისწავლოთ. სინამდვილეში ხომ ის, რასაც ჩვენ სასწაულს ვეძახით და უჩვეულოდ მიგვაჩნია, სრულიად ჩვეულებრივი რეალობაა. როგორც მაცხოვარი ამბობს: მთავარია, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გვქონდეს, მორწმუნისთვის კი ამქვეყნად დაუძლეველი და შეუძლებელი არაფერია.

ესაუბრა
ლაშა ცაიშვილი
ბეჭდვა