ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი განძთსაცავია
ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი განძთსაცავია
ქაშვეთის ტაძრის ახლოს, გიორგი ჭანტურიას ქუჩის #8-ში ადვილად შეამჩნევთ თეთრ ორსართულიან შენობას, რომელშიც უკვე სამოც წელზე მეტია, რაც საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმია. ეს მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი კულტურული ცხოვრების უტყუარი სარკეა. ოთახებში, რომლებშიც სხვადასხვა განყოფილებებია განთავსებული, საოცარი წესრიგი და სისუფთავეა. დერეფნებს მხატვართა მიერ შესრულებული ჩვენი სასიქადულო მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები, ფერწერული ნამუშევრები და ფაქიზად მოვლილი ყვავილები ამშვენებს.

ლიტერატურის მუზეუმის დაარსებას 1929 წელს მთაწმინდაზე გამართული ალექსანდრე გრიბოედოვის საიუბილეო გამოფენა დაედო საფუძვლად. გამოფენის მზადების დროს მე-19 საუკუნის 20-30-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრების ამსახველი მდიდარი მასალა და კერძო პირთა ოჯახებში შემონახული საინტერესო არქივები აღმოჩნდა. გადაწყდა გრიბოედოვის მუდმივმოქმედი მუზეუმის გახსნა. მოძიებული სიძველენი ახალ მუზეუმს გადაეცა და მასვე დაევალა მთაწმინდაზე დაკრძალულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ცაგარელისა და ვასო აბაშიძის შესახებ სამუზეუმო ექსპონატების შეგროვება. სწორედ მაშინ გახდა შესაძლებელი ქართველი ინტელიგენციის დიდი ხნის ოცნების ასრულება. 1930 წელს, ტიციან ტაბიძის თაოსნობითა და მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით, "მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი" გაიხსნა. 1931 წელს მუზეუმის გამგედ პოეტი გიორგი ლეონიძე დაინიშნა და ახალშექმნილი განძთსაცავის გამდიდრებას შეუდგა. მოიძია და მუზეუმში დააბინავა საზოგადოებისათვის უცნობი, უნიკალური ექსპონატები. 1935 წელს მუზეუმს "საქართველოს მწერალთა მუზეუმი" ეწოდა, 1938 წელს კი - "საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი". 1967 წელს ლიტერატურის მუზეუმს გიორგი ლეონიძის სახელი მიენიჭა.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი განძთსაცავია, სადაც თავმოყრილია უნიკალური ხელნაწერები, ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტოდედნები, ფოტოალბომები, მემორიალური ნივთები, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. ეს ექსპონატები უმნიშვნელოვანესი მასალაა ქართული თუ უცხოური ლიტერატურის განვითარების შესასწავლად.

მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი ცნობილი მწერალი, ქალბატონი იზა ორჯონიკიძე გახლავთ. მისი თაოსნობით მუზეუმში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, გამოიცა ისტორიული მნიშვნელობის წიგნები, მოეწყო შთამბეჭდავი გამოფენები, საღამოები და ა.შ.

მუზეუმში ერთ-ერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანია ხელნაწერთა კოლექცია. ვესაუბრებით ხელნაწერთა კოლექციის კურატორს, ქალბატონ მარინე ყიფიანს:

- ლიტერატურის მუზეუმში ხელნაწერთა ყველაზე დიდი კოლექციაა. ჩვენთან არის დაცული ხელნაწერი წიგნები. მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცულ ნუსხათა შორის უძველესია ფერადი მინიატურებით შემკული XII საუკუნის ათონური ოთხთავი. ძველ ხელნაწერთა შორის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია: "ვეფხისტყაოსნის" მე-17-19 საუკუნეების რედაქციები, "ომანიანი", "ქილილა და დამანა", სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" და "ქართული ლექსიკონი" (XVIII-XIX ს.ს-ში გადაწერილი), ვახუშტი ბატონიშვილის "ქართლის ცხოვრება" და "გეოგრაფია" (1829 წელს გადაწერილი), XVIII-XIX ს.ს-ის ფილოსოფიურ-რელიგიური ხასიათის თხზულებანი, ოთხთავები, საგალობელთა კრებულები, წყალობისა და ბოძების სიგელები. აქვეა დაცული ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე მაჩაბლის, ნიკო ნიკოლაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოტე მაყაშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გერონტი ქიქოძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ნიკო სამადაშვილისა და სხვა მწერალთა არქივები თუ ცალკეული ხელნაწერები. აღსანიშნავია ალექსანდრე დიუმას, ივანე ტურგენევის, არტურ ლაისტის, მარჯორი და ოლივერ უორდროპების, მაქსიმ გორკის, ალექსანდრ ბლოკის, ანდრეი ბელის, კონსტანტინ ბალმონტის, ვალერი ბრიუსოვის, ბორის პასტერნაკის და სხვა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების ავტოგრაფები და პირადი წერილები ქართველი მოღვაწეებისადმი. გარდა ამისა, ჩვენი განყოფილების ფუნქცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ვემსახურებით მკვლევარებს, ვაწვდით მათ საინტერესო მასალებს.

იკონოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელია ქალბატონი თამარ ზურაშვილი.

- იკონოგრაფიულ კოლექციაში დაცულია გამოჩენილი ქართველი მხატვრების: ალექსანდრე ბერიძის, ალექსანდრე მრევლიშვილის, მოსე თოიძის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ირაკლი თოიძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, თამარ აბაკელიას, ირაკლი გამრეკელის, ლადო გრიგოლიას, უჩა ჯაფარიძის, კორნელი სანაძის, რობერტ სტურუას, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა მიერ შესრულებული პორტრეტები თუ ლიტერატურულ ნაწარმოებთა ილუსტრაციები. ფონდი მდიდარია მე-19 საუკუნის უცხოელი მხატვრების - ფეოდორ ბუროვის, ალექსანდრ მოლინარის, ლუდვიგ ლონგოს, გრიგოლ გაგარინის, ჩელიშჩევის, გრიგოლ კორადინის, ალექსანდრ მორგუნოვის, ივან ფრიდრიცის პორტრეტებითა და ბრწყინვალე მინიატურებით. აქვე ინახება იაკობ ნიკოლაძის, იროდიონ ოქროპირიძის, ბიძინა ავალიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის და სხვათა მიერ შესრულებული ბიუსტები, სახის ნიღბები, ხეში ამოკვეთილი გრავიურები და სხვა ძვირფასი ექსპონატები. იკონოგრაფიული ფონდის დიდ ნაწილს ფოტომასალა შეადგენს: ცნობილი ქართველი თუ უცხოელი ფოტოგრაფების - ალექსანდრე როინიშვილის, დავით აბაშიძის, ოთარ თურქიას, ვასილ ჩლაიძის, გურამ თიკანაძის, დიმიტრი ერმაკოვის, ალექსანდრე ენგელის, ედუარდ კლარის, ვეზებერგის ფოტოორიგინალები. მემორიალურ კოლექციაში დაცულია ქართველ თუ უცხოელ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა ავეჯი, ტანსაცმელი, იარაღი, ჭურჭელი და საოჯახო რელიკვიები.

უნიკალურ წიგნად კოლექციაში თავმოყრილია XVIII-XIX ს.ს-ისა და XX ს-ის დასაწყისის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემები.

მუზეუმში არსებობს აღრიცხვა-დაკომპლექტების განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქალბატონი ნინო ვადაჭკორია.

- ნებისმიერი სახის საარქივო მასალა, ფერწერული ანდა გრაფიკული ნამუშევარი იქნება ეს, წიგნი თუ მემორიალური ნივთი, პირველად სწორედ ამ განყოფილებაში შემოდის. განყოფილების წევრები ვამუშავებთ შემოსულ მასალას, შემდეგ გადავცემთ ფონდების მთავარ მცველს, რომელიც მას ანაწილებს განყოფილებების მიხედვით. ჩვენი სამუშაო მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა იმდენად, რამდენადაც არქივია თავისთავად საინტერესო. თუმცა საკმაოდ შრომატევადიც. ეს განყოფილება 1989 წელს შეიქმნა ქალბატონი იზა ორჯონიკიძის თაოსნობით. ადრე ამ საქმეს ფონდების მთავარი მცველი ასრულებდა. მასალის მიღება ხდება ჩვეულებრივ განცხადების საფუძველზე, რომელიც იწერება მუზეუმის დირექტორის სახელზე. მიღებულ მასალას განყოფილების წევრები ვამუშავებთ და შემდეგ გაგვაქვს შემფასებელი კომისიის სხდომაზე. შემფასებელი კომისია გადაწყვეტს, რომელი ექსპონატი როგორ შეაფასოს და ამის მიხედვით ხდება მასალის შესყიდვა, თუკი, რა თქმა უნდა, მუზეუმს ამის საშუალება შესწევს.

აუდიო-ვიდეო განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ მწერალი ანდრო ბუაჩიძე.

- აუდიო-ვიდეო კოლექციაში დაცულია ქართველი და უცხოელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების უნიკალური ჩანაწერები: "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" (კინოფირი), "შალვა დადიანის იუბილე" (კინოფირი), გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, გიორგი ლეონიძის, პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, სერგო კლდიაშვილის, შალვა ნუცუბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის, გურამ რჩეულიშვილს, ბორის პასტერნაკის, ალექსანდრ ბლოკის, ვალერი ბრიუსოვის, სერგეი ესენინის და სხვათა აუდიოფირები. ამავე დროს ამ ფონდში არის შემონახული აუდიო-ვიდეო მასალა, თუ როგორ კითხულობენ ცნობილი მსახიობები ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.

დღესაც ამ განყოფილების მიზანი და დანიშნულება გახლავთ ის, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ხმა, საუბარი, მათი გამოსახულება ჩაიწეროს, აღბეჭდოს ფირზე და დაუტოვოს მომავალ თაობას, როგორც ეროვნული საგანძური.

საგამოფენო განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი ნატო სეიდიშვილი. მუზეუმის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია: იკონოგრაფიულ კოლექციაში დაცული ქართველ თუ უცხოელ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენების მოწყობა, ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების იუბილეების აღნიშვნა, ხსოვნის საღამოების, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციების, ხელოვნების ამა თუ იმ დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა, ასევე აქ გამოცემული წიგნების პრეზენტაციების მოწყობა და ა.შ. მუზეუმში არსებობს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ტრადიცია ამა თუ იმ მწერლის იუბილესთან დაკავშირებული გულთბილი და დახვეწილი საღამოების მოწყობისა.

მუზეუმის ყველაზე აქტიური ლიტერატურული ცხოვრება დაკავშირებულია მის საგამომცემლო საქმიანობასთან, რომელსაც საფუძველი 1940 წელს ჩაეყარა. სწორედ ამ დროს მუზეუმის ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი: გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოვიდა ალმანახი "ლიტერატურის მატიანე". მუზეუმი დღესაც აქტიურად განაგრძობს ტრადიციას და ბეჭდავს საზოგადოებისთვის უცნობ საარქივო მასალებს. უნდა ითქვას, რომ ქალბატონი იზა ორჯონიკიძის დირექტორობის პერიოდში მუზეუმში განსაკუთრებით აქტიურად და ფართოდ გაიშალა საგამომცემლო საქმიანობა. ვესაუბრებით საგამომცემლო საქმიანობის მენეჯერს, ქალბატონ ლალი ცომაიას:

- მუზეუმში 1989 წელს მოვედი და მას შემდეგ აქ ვმსახურობ. მუზეუმი პერიოდულად გამოსცემს ალმანახს: "ლიტერატურის მატიანე". ასევე ვამზადებთ სხვადასხვა მწერლების საარქივო კრებულებს. ამ კრებულებს ვბეჭდავთ ზუსტად ისე, როგორც დაწერა მწერალმა, ყოველგვარი რედაქტირების, სტილისა და პუნქტუაციის გასწორების გარეშე. მომზადდა შალვა ამირეჯიბის ორტომეული. შალვა ამირეჯიბი XX საუკუნის ცნობილი მაღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლდათ. 1925 წლიდან იგი ემიგრაციაში იმყოფებოდა. მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა მოიტანა მუზეუმში მისი არქივი, რომელიც 1989 წლამდე დახურულ ფონდში ინახებოდა. 1989 წელს კი ეს ფონდი გაიხსნა და შესაძლებლობა მოგვეცა ამ ორტომეულის გამოცემისა. გამოვეცით ლადო ასათიანის კრებული: "ასათიანური". სხვათა შორის, ამ კრებულის გამოცემა თავად ლადოს აუხდენელი ოცნება გახლდათ. გამოვეცით ნიკო სამადაშვილის, შოთა ჩანტლაძის... საარქივო მასალები; ვფიქრობ, მკითხველისთვის ძალზე საინტერესო იქნება კრებული "ევროპულ-აზიური ორიენტაციისათვის", სადაც თავმოყრილია XX საუკუნის ცნობილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების - გრიგოლ რობაქიძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვათა შეხედულებები და აზრები იმის შესახებ, თუ რომელი გზის არჩევა სჯობს - აზიისა თუ ევროპისა. რუსულ ენაზე გამოვეცით ბორის პასტერნაკის გამოუქვეყნებელი მასალები. ძალიან ბევრი უბის წიგნაკი გვაქვს მომზადებული. ამჟამად გადაწყვეტილი გვაქვს გიორგი ლეონიძის მიერ დაარსებული ალმანახის, "ლიტერატურის მატიანის" ხელახალი, რეპროდუქციული გამოცემა, ვინაიდან წიგნი უკვე საკმაოდ დაფლეთილია და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული. ცოტა ხნის წინ გამოიცა პაოლო იაშვილის ოთხტომეული. ამ გამოცემებში შეჯერებულია ოჯახის არქივი, სხვადასხვა გამოცემები და ასევე ჩვენს მუზეუმში დაცული არქივი. ამდენად, ეს გამოცემები მეტ-ნაკლებად სრული გახლავთ. ქალბატონ თეა თვალავაძეს გამოსაცემად უკვე მზად აქვს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, რომელიც უსახსრობის გამო ჯერჯერობით ვერ იბეჭდება. იმედი გვაქვს, იგი მალე იხილავს დღის სინათლეს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ წელს მუზეუმის ისტორიაში მოხდა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა - დასრულდა გალაკტიონ ტაბიძის 25-ტომეულის გამოცემა, რომელშიც სრულად თავმოყრილია გალაკტიონის მთელი არქივი. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ თეა თვალავაძეს და სწავლულ მდივანს, ქალბატონ ნანა კობალაძეს. მათ სისტემაში მოიყვანეს გალაკტიონის მთელი შემოქმედება. ვესაუბრებით ქალბატონ ნანა კობალაძეს.

- გალაკტიონ ტაბიძის არქივი მუზეუმს გადაეცა მისი გარდაცვალების შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქივი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. 25-ტომეულის გამოცემა თავად გალაკტიონის სურვილი იყო. მუშაობდა კიდეც ამაზე, მაგრამ არ დასცალდა. ერთ-ერთ უბის წიგნაკში ჩაუწერია: "დიდმა ყურადღებამ და ხალხის სიყვარულმა შემაძლებინა მე, გულწრფელად მემუშავა და დამეწერა 25 ტომი". სწორედ ეს გახდა საფუძველი ამ 25-ტომეულის გამოცემისა. პირველ თორმეტ ტომში შევიდა გალაკტიონის ლექსები და პოემები. მე-13 ტომიდან იწყება უკვე დღიური ჩანაწერები, რომელიც ასეთი სახით აქამდე არ გამოცემულა. ამავე გამოცემაში არის წერილები და ბოლო, 25-ე ტომი მთლიანად ეთმობა ჩანახატებს. თითქმის 1260-მდე ჩანახატია თავმოყრილი. ვფიქრობთ, ეს, თავისი მნიშვნელობით ისტორიული გამოცემა დიდ ბიძგს მისცემს გალაკტიონის შემოქმედების კვლევას, მკითხველს კი დაეხმარება, ღრმად ჩასწვდეს ამ უდიდესი შემოქმედის შინაგან სამყაროს.

ლიტერატურის მუზეუმი ფართოდ უღებს კარს მეცნიერებსა და სტუდენტებს, ლიტერატურული საკითხების კვლევა-ძიებით დაინტერესებულ პირთ.

მუზეუმის მუშაკთა მეცნიერული საქმიანობა, მათი თანამშრომლობა სამეცნიერო დაწესებულებებთან, რადიო-ტელევიზიასთან, ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან, ქართული ლიტერატურის შემდგომ შესწავლასა და პროპაგანდას ემსახურება.
ბეჭდვა
1კ1