ერი გაუტეხელი...
ერი გაუტეხელი...
* იყო ქართველი - ნიშნავს, ღვთისგან გქონდეს მადლი ბოძებული...

ერთმანეთისა და სამშობლოს სიყვარულისგან დაცლილი ერი - სამწუხაროა, მაგრამ ასეა. გამოსავალი? არის. სამშობლოს სიყვარული უნდა ვისწავლოთ, უნდა მოვინდომოთ და ერთმანეთის დაფასებასაც ვისწავლით... მთელ მსოფლიოში ერთმანეთის მეტი მაინც არავინ გაგვაჩნია, ჩვენ თვითონ დავეხმაროთ ჩვენს თავს.

* ერი, რომელიც ვერ გატეხეს და ვერც გატეხენ ფლიდი, ორგული შემოსეული გარეშე მტრები...

* ანომალია დედამიწის ზურგზე - ამდენ ხანს როგორ ვარსებობთ? მინიმუმ 2000 წელია, ჭკუა ვერ ვისწავლეთ, მაგრამ არც ბოლომდე გადავჯიშდით და დავრჩით ჰიბრიდები, რომელთა ადგილიც კავკასიონის მთების ქვეშ და შავი ზღვის პირასაა. მთავარია, მუცელი იყოს სავსე და დანარჩენს ეშველებაო. კართან რომ მტერი მოგვადგება, მერე გაჰკივიან - ღმერთო, ეს რა ხდებაო! რა დღეში ვართო! დღეს აქ ნარკომანია მოდაშია, ტრადიციები კი "მაგრა ტეხავს"...

ქართველო ხალხო! რატომ აგიცრუებია ქართველობაზე გული? რატომ გგონიათ, რომ ცუდები ვართ? ვინ დაგაჯერათ ეს? ძალიან კარგი თვისებები გვაქვს, შიგადაშიგ ცუდიც, მაგრამ, აბა, გადახედეთ, სხვა რომელი ერია ჩვენზე უკეთესი?!

* "ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველდღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს - მზე უყვარს... როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით..."

"ნუ გეშინია, დედა"
აი, როგორები ვიყავით და რანი დავრჩით დღეს! ერთმანეთს დედას ვაგინებთ და ეს მიღებულია, გავსასტიკდით და გული გაგვიბოროტდა. ვმღერით? ვაი ასეთ სიმღერას! მეგობრობას ვამბობთ, თორემ ასე მტრები თუ მოექცევიან ერთმანეთს, როგორც დღეს ქართველი მეგობრები ექცევიან. დედას კი არა, ღმერთის დაფიცებაც აღარ გვჯერა, იმდენად გაგვიჯდა სისხლში ტყუილი; სამშობლოს სიყვარული ფულზე და ფუფუნებაზე გავცვალეთ და ორივე დავკარგეთ: ფუფუნებაც და სამშობლოც... მე, პირადად, ისევ ისეთი მინდა ვნახო საქართველო და ქართველები, როგორსაც ნოდარ დუმბაძე გვიხატავს...

გავაბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი.
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არი?!.

"მკაფიო კაფია"
ვახუშტი კოტეტიშვილი


* რა არის სამშობლო? ამ თემაზე იმდენი რამაა ნათქვამი, მე რაღა უნდა ვთქვა ახალი, მაგრამ დღეს ჩემთვის ამ დასაქცევარში სამშობლო ცრემლის ბურთია, სიმწრით ყელში გაჩრილი, გაფაციცებული მოსმენაა ყოველი სიტყვისა მის შესახებ და ვაი მას, ვისაც ურიგო წამოსცდება...

* საქართველოს გადაარჩენს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს რჩევებს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებსა და სულიერ ფასეულობებს.

* საქართველოს რწმენა გადაარჩენს - ასე ყოფილა ოდითგან... ჩვენი წინაპრები ქრისტეს რჯულისთვის, ჯვრისთვის სისხლს ღვრიდნენ. საქართველოს ისტორიიდან რომელი ფურცელიც არ უნდა გადაშალოთ, სულ სარწმუნოებისთვის ბრძოლაა, შემოსეული მტრები ქართველებს, პირველ რიგში, რჯულის მიტოვებას სთხოვდნენ... ქართველი და მართლმადიდებელი ერთი და იგივე ცნებაა, განუყოფელია...

* საქართველოს მომავალი ბედ-იღბალი ისევ ერის სულიერ სიძლიერეშია. ყველა ქართველმა ეკლესიურად უნდა იცხოვროს, ილოცოს საქართველოს გადარჩენისთვის და მაშინ კი უფლის ნებით ივერია გაბრწყინდება...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1