ცამეტი ასურელი მამის ხატით მოილოცა ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები და მათი საფლავები
ცამეტი ასურელი მამის ხატით მოილოცა ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები და მათი საფლავები
უკვე თხუთმეტი წელიწადია, რაც თამაზ ციბაძემ ბზისგან ჯვრების გამოკვეთა დაიწყო. ჯვრებს ეკლესიებში აბარებდა. ეს იყო და არის ციბაძეების ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ამასობაში დაოსტატდა კიდეც და ხატების კვეთასაც მიჰყო ხელი. ამ საქმეს საოცარი რუდუნებითა და გულისხმიერებით უდგება. მის მიერ შექმნილ თითოეულ ნამუშევარს ეტყობა შთაგონებული განწყობა და მოწიწებული დამოკიდებულება თითოეული წმინდანის მიმართ. ხეში კვეთილი მაცხოვრის, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის, ასურელი მამებისა და სხვა წმინდანთა სახეები არაჩვეულებრივად ცოცხალი, მეტყველი, დახვეწილი და შთამბეჭდავია. მნახველებს აკვირვებს ის იშვიათი ნიჭი და ოსტატობა, რომლის წყალობითაც თამაზ ციბაძე საჭრისით ზოგჯერ უფრო ღრმა ემოციურ მუხტსა და ეფექტს აღწევს, ვიდრე ხატმწერები. როგორც ამბობს, ზოგჯერ ხატებზე მუშაობის პროცესში მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანების სახეები უჩვეულოდ ბრწყინდება მის ხელებში, ნაკვეთ სახეებში. მათ იერში ადვილად იკითხება ხასიათის თავისებურებანი და სათნოებები: მოწყალება, ლოცვა-ვედრება, სიწმინდე, თანაგრძნობა... ეს მნახველში ლოცვით განწყობილებას ქმნის, რაც სწორედ ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა. ამჟამად განზრახული აქვს თორმეტი საუფლო დღესასწაულის ციკლის დასრულება, "საქართველოს დიდების" ხატის გამოკვეთა და შემდეგ - ხეში ნაკვეთი ხატების გამოფენა, რომელსაც საქართველოში პრეცედენტი არ აქვს. ამიტომაც, სოლიდური თანხის მიუხედავად, უცხოელებისთვის არც ერთი ხატი არ მიუყიდია. მიაჩნია, რომ ეს ხატები ქართველი ხალხის საკუთრებაა. დიდი სურვილი აქვს, მისი შექმნილი ხატების სრული კოლექცია საქართველოს რომელიმე ტაძარში იხილოს, შთამომავლობა კი მათ წინაშე ლოცვას აღავლენდეს.

ცოტა ხნის წინ უწმინდესს შეხვდა სამების საკათედრო ტაძარში და ბზაში ნაკვეთი პორტრეტი და ვაზის ორნამენტებით გამშვენებული კვერთხი უძღვნა. უწმინდესს ძალიან მოეწონა ნამუშევარი. ამ დღეს ერთ-ერთ უბედნიერეს დღედ თვლის ცხოვრებაში. ამჟამად კვეთს დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის ხატებს.

თამაზ ციბაძემ ქართველი საზოგადოების ყურადღება ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის არაერთი რეპორტაჟითაც მიიპყრო. წელიწადნახევრის წინ თავის მიერ ნაკვეთი წმინდა ცამეტი ასურელი მამის ხატით მოილოცა ასურელი მამების მიერ დაარსებული მონასტრები და მათი საფლავები. აქვს სხვა გეგმებიც, რომელთა განხორციელებასაც საზოგადოების ფინანსური დახმარების იმედით უახლოეს მომავალში აპირებს.

- ეს მოლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და ჩემი მოძღვრის, ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, მამა აბრამ სოლომნიშვილის ლოცვა-კურთხევით მოვახერხე. ღვთის წყალობით, მეგობარმაც დამაფინანსა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ ზაზა აბაშიძისა და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ზაზა სხირტლაძისგან შევიტყვე, რომ წმინდა ასურელი მამები მეექვსე საუკუნეში საქართველოსკენ წმინდა სვიმეონ მესვეტის მონასტრიდან წამოსულან. როგორც გადმოცემიდან ვიცით, წმინდა იოანე ზედაზნელს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და დაავალა, თავისი თორმეტი მოწაფით საქართველოში წამოსულიყო მონასტრების დასაარსებლად და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ღვთის წყალობით, წმინდა ასურელი მამების ხატით ველოსიპედით მოვილოცო წმინდა სვიმეონ მესვეტის მონასტერი სირიაში. დავუკავშირდი მსოფლიო მოგზაურს, ბატონ ჯუმბერ ლეჟავას და ვთხოვე, გაეწია ჩემთვის თანამგზავრობა. იგი დიდი სიხარულით დამთანხმდა. მაგრამ, მოგეხსენებათ, ამ საქმის აღსრულებისთვის მარტოოდენ სურვილი არ კმარა. ფინანსური შემწეობისთვის არაერთ კომპანიას მივმართე, მაგრამ მხოლოდ ფარმაცევტულმა კომპანია ,,ჯი პი სიმ" გამოიჩინა გულისხმიერება და შეგვპირდა, რომ შეგვიძენს ველოსიპედებს თავისი აღჭურვილობით, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მათ. ასევე მინდა, ეს მოგზაურობა (მოლოცვა) აღვბეჭდო ფირზე და გადავიღო დოკუმენტური ფილმი, სადაც დაფიქსირებული იქნება ყველა ის ადგილი, სადაც მოღვაწეობდა და ლოცულობდა წმინდა სვიმეონ მესვეტე; ის მიწა-წყალი, საიდანაც წამოვიდნენ წმინდა ასურელი მამები; ის გზა, რომელიც მათ გამოიარეს, ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ღვთის უდიდესი მადლი და წყალობა. სწორედ მათ სახელსა და მოღვაწეობას უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მძლავრი ქრისტიანული კერების დაარსება და მართლმადიდებლობის აყვავება-აღორძინება. ამიტომაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ჩვენს ერს, შთამომავლობას მიეცემა საშუალება ამ კადრების ნახვისა. ეს კიდევ ერთხელ დაგვეხმარება და ხელს შეგვიწყობს ჩვენი ვინაობის, ქართველი ერისთვის მართლმადიდებლობის გადამრჩენი მნიშვნელობის უკეთ შეცნობასა და გააზრებაში.

ქართველ საზოგადოებას, ყველა ქრისტიანს, ვინც გვერდით დაგვიდგება და შემწეობას აღმოგვიჩენს ამ ღვთისნიერი საქმის განხორციელებაში, უდიდეს მადლობას მოვახსენებთ. ღმერთმა შეგიწიროთ თითოეული ზარი. უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ანგარიშის ნომრებია:
700 604 - ჯეოსელი და მაგთი
700 399 - ბილაინი
ზარის ღირებულება - 1 ლარი
საქართველოს ბანკი:
134 241 000
ბეჭდვა
1კ1