გაწყვეტილი მძივის დაფანტული მარგალიტები კვლავ აისხმება და მთელ ქვეყანას დაანახვებს, რომ ჩვენს ჯიშს გადაშენება არ უწერია!
გაწყვეტილი მძივის დაფანტული მარგალიტები კვლავ აისხმება და მთელ ქვეყანას დაანახვებს, რომ ჩვენს ჯიშს გადაშენება არ უწერია!
იქ სული დარჩათ, აქ კი შინ დაბრუნების იმედი გამოჰყვათ
შარშანდელი აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. ყველა ქართველს დაწყლულებული გულის სიღრმიდან ალბათ ძალაუნებურად და თავისთავად აღმოხდება ეს კითხვა: რატომ და რისთვის ვისჯებით? რა დავაშავეთ? ილიას თქმისა არ იყოს, მართლაც "ვის რა ვისი მოვპარეთ"?

მიზეზები ძალიან შორიდან იწყება. ამ მოვლენებს თავისებურად აფასებენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები... ეკლესიას კი თავისი შეფასება აქვს. მაცხოვარი გვასწავლის, რომ შეთხვევით არაფერი ხდება, ერთი ღერი თმაც არ ჩამოგვვარდება შემთხვევით და როდესაც ამ მასშტაბის ტრაგედია ხდება, მართლა უნდა დავფიქრდეთ და ვიკითხოთ - რატომ?

ბოლო 15 წლის განმავლობაში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მშვიდობას ხშირად არღვევდნენ, იტაცებდნენ, კლავდნენ, გზას კეტავდნენ... მშვიდობა თითოეული იქ მაცხოვრებლისთვის სანუკვარ ოცნებად იყო ქცეული. თუმცა არასდროს არც ერთ იქაურს არ უფიქრია, დაეტოვებინა სახლ-კარი და ის მადლიანი მიწა, რომელიც სალოცავთა სიმრავლით იყო ნაკურთხი... "ახლა იქ ღამე ტურა-მგლები ყმუიან, დღე კი ყვავები თუ დაფრინავენ... დასჩხავიან ნაგვის გროვებად ქცეულ კერას და უბედურებას აღარავის აუწყებენ, თვითონ გოდებენ ადამიანების მაგივრად... კატებიც აღარ კნავიან თურმე. მარტოს, დანგრეულ კერაში ძაღლს არ დაედგომება პატრონის გარეშე... ქარი თუ შეარხევს ტაძრის ზარს და მტვერს გადაწმენდს... სანთლის წმინდა სიმხურვალეს ელიან გარინდებული ტაძრები..." (გაზეთი "ხეობის მაცნე").

წელიწადი გავიდა იმ შემზარავი ტრაგედიიდან. სხვათა შორის, არსებობს ცნება - "ომის ფსიქოლოგია". ომი ხშირად ლაკმუსივით ავლენს ადამიანის, საზოგადოდ, ერის მანკიერ თუ საამაყო თვისებებს. ომიც ხომ თავისებური გამოცდაა, გამოცდა ადამიანობისა, ურთიერთსიყვარულისა. რამდენად გავუძელით ამ გამოცდას, რამდენად ჩავუღრმავდით საკუთარ თავს, სინდისს? რამდენად დავინახეთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ მოვლენებში საკუთარი ბრალეულობა და რამდენად გავერთიანდით სამშობლოს სიყვარულით?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ალბათ არც ისე იოლია და დიდ ზნეობრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოდით, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ დევნილებს, ადამიანებს, რომელთაც ძლივს მოახერხეს გადამწვარი და გავერანებული მშობლიური ადგილების დატოვება. მათ ყველაფერი დაკარგეს. იქ სული დარჩათ, აქ კი შინ დაბრუნების იმედი გამოჰყვათ.

განსაკუთრებით ამაღელვებელია ბავშვების სუფთა გულით განცდილი და ღრმა ტკივილით გაჯერებული ამბები. "ისინი ნაადრევად დაღვინდნენ და შეფიქრიანდნენ. მათ ხომ უსაშველო ტკივილი და მონატრება, სევდა დააქვთ ჯერ კიდევ პაწაწინა, დამფრთხალი გულებით. მათ ხომ ის ბილიკები ენატრებათ, უდარდელად, სიცილ-კისკისით რომ ჩამოირბენდნენ ფერდობს გვირილებით ხელში... იმ დიდი ცაცხვის ჩრდილი ენატრებათ, სიცხისგან გათანგულნი, სირბილით გულამოვარდნილნი ჯერ რომ დაისვენებდნენ და შემდეგ იქვე კამკამა წყაროს ხარბად დაეწაფებოდნენ... თითქოს ყველაფერი გუშინ იყო... მერე უცბად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, წვიმის ნაცვლად ცეცხლი წამოვიდა, ჩამობნელდა და... გაწყდა ის უხილავი ძაფი, რომელსაც წარსული აწმყოსთან უნდა დაეკავშირებინა... ეს ძაფი გაწყდა, გაუჩინარდა და უსასრულობაში ჩაიკარგა... ეს თვალხატულა გოგო-ბიჭებიც გაიფანტნენ, დაიბნენ, როგორც მძივები".

ამ ბავშვებს რომ ვუსმენ, თანდათან მიძლიერდება რწმენა, რომ გავა წლები, ისინი გაიზრდებიან, დაქალდებიან, დავაჟკაცდებიან და ქალაქებსა თუ სოფლებში ახალ მისამართებზე მიმოფანტულები არასოდეს დაივიწყებენ იმ გატკეპნილ ბილიკებს, მოუყვებიან მთელ სამყაროს კეხვისა და აჩაბეთის ბებერ ციხეთა ლეგენდებს, თირის მონასტრის ამბებს, ხეითის მთავარანგელოზის მშვენებას და კიდევ ბევრ რამეს; გააცოცხლებენ თავიანთ ბავშვობას, საიდანაც სურათიც კი აღარ შემორჩათ. გაწყვეტილი მძივის დაფანტული მარგალიტები კვლავ შეგროვდება, აისხმება და მთელ ქვეყანას დაანახვებს, რომ ჩვენ მომავალი გვაქვს და ჩვენს ჯიშს გადაშენება არ უწერია!

ლელა მაზმიშვილი: "შეშინებული დედა შემოვიდა, კანკალებდა. მე ვიჯექი და ვტიროდი. დედამ ტირილით თქვა: "აბა, გავიქცეთ!" ისე გამოვიქეცით, არაფერი წამოგვიღია; ჩემი ახალი წიგნები, დისკები და შარიკა დამენანა. მივრბოდით ტყის გზაზე და შორს ჩანდა ჩვენი ძაღლი... მალე დაღამდა. ისე ისროდნენ, ცა საოცრად იყო განათებული, ცეცხლმოკიდებული სახლებიც ჩანდა. დედას ჩავეხუტე. ორივე ვტიროდით".

ნატო მაისურაძე (მეთეკლასელი): "ძალიან მომენატრა სახლი; მე რომ სიზმარში ვნახე, ისევ ისეთი ლამაზი იყო ჩემი სოფელი და... ძალიან მრცხვენია, არავინ გამიგოს, მაგრამ იქ ცაც სხვანაირია, ბალახიც, წყალი ხომ შეუდარებელია... უჰ, ჩვენი წყარო, ცივი და გემრიელი!"

ილიკო ბურნაძე (III კურსის სტუდენტი): "ბედნიერია ადამიანი, რომელიც უღრუბლო ცას უყურებს, რომელსაც არ გამოუცდია დაღამებისა და გათენების შიში, არ უგრძნია ცხოვრების ის მწარე ტკივილი, რომელსაც მე ყოველდღე თვალებში ვუყურებდი... ალბათ ძნელია, წარმოიდგინოთ, როგორი იყო ეს ტკივილი, მაგრამ მაინც შეეცადეთ!

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ცხინვალში პირველი კონფლიქტი მოხდა, მხოლოდ სამი წლის ვიყავი. იქიდან მოყოლებული თითქმის ყოველი დღე და ყოველი საათი შიშსა და დაძაბულობაში გავატარე. ცხინვალის დატოვების შემდეგ საცხოვრებლად მარნეულში გადავედით. ერთი საათით გამოვასწარით სახლიდან. დახოცვას გადავურჩით. ბებია და პაპა მეორე სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან იქ მათაც აღარ დაედგომებოდათ. ეს სახლი ცხინვალისა და თამარაშენის საზღვარზე გვქონდა.

მარნეულში ძალიან გაგვიჭირდა ეკონომიურად, არაფერი გაგვაჩნდა; საჭმელს ფეხზე მდგარნი, ფანჯრის რაფაზე ვჭამდით. ასე გაგრძელდა თითქმის ნახევარი წელი. შემდეგ, როდესაც ცხინვალში სიტუაცია ცოტათი დასტაბილურდა, ბებიამ და პაპამ მე და ჩემი ძმა უკან წაგვიყვანეს, რადგან მშობლებს ჩვენი რჩენა არ შეეძლოთ. ბებიამ შეგვიყვანა თამარაშენის საშუალო სკოლაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე მარტო სახელისა და გვარის დაწერა გვესწავლა. ღრმა ცოდნის მიღებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. გაჭირვებით, მაგრამ მაინც წარჩინებით დავამთავრე თამარაშენის საშუალო სკოლა.

ჩემი სახლის წინ, ზუსტად ათ მეტრში, ოსების პოსტი იყო. დღეში ორჯერ მიწევდა ჯერ ოსების, შემდეგ რუსების, შემდეგ კი ქართველების პოსტის გავლა. ბოლოს ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ოსებმა თამარაშენში წასვლა ამიკრძალეს. ამის გამო სკოლაში ჩუმად მიწევდა სიარული. უკან დაბრუნებისას გული მიკანკალებდა, ოსებს არ დავენახე. ასე მოვიპარებოდი ყოველდღე სკოლიდან შინისკენ. ჩემი უფროსი ძმა რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს.

2005 წელს დავამთავრე სკოლა და შევედი ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსებზე (ნათესავები დამეხმარნენ). დღე და ღამეს ვასწორებდი და მეორე წელს ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წამი. მაშინ ვირძენი, რა მშვენიერი იყო ცხოვრება; თურმე შეიძლება ადამიანმა დაიძინოს და სროლის ხმა არ ესმოდეს...

აგვისტოს ომის შემდეგ კი მეორე სახლიც მივატოვეთ. ისევ ხელცარიელები წამოვედით. ბებო მაინც იქ დარჩა იმედით - გავიმარჯვებთო. ძალიან მძიმე დღეები გამოიარა. ერთი კვირა ორასლიტრიან კასრში იმალებოდა, რუსებს რომ არ ეპოვათ და არ მოეკლათ. ღვთის ძალამ გადაგვარჩინა.

ახლა ჩვენ უკვე აღარ ვცხოვრობთ, არამედ ვარსებობთ. ეს ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. გულწრფელად ვამბობ, არ მინდა არაფერი ცხინვალში დაბრუნების გარდა. მინდა მის ქუჩებში თავაწეულმა და ბედნიერმა გავიარო, ოსებს თვალებში ჩავხედო და უთქმელად ვაგრძნობინო, რომ გაიმარჯვა სიმართლემ, სიკეთემ და ნათელმა. მჯერა, ეს დღეც დადგება. უფალი არ გაგვწირავს, სამაჩაბლოს მიტოვებულ ტაძრებში კვლავ აინთება წმინდა სანთლები, კვლავ ჩატარდება წირვა-ლოცვა. ეს რწმენა მაცოცხლებს".

ლაშა ხადური: "პატარა ლიახვის ხეობაში, სოფელ ერედვში დავიბადე და გავიზარდე. ამ სოფლით აღფრთოვანებული იყო ყველა სტუმარი - მისი სილამაზით, ბუნებით, კულტურის სახლით, სადაც იმართებოდა გასართობი ღონისძიებები; საჭიდაო მოედნით, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ფალავნები; სპორტული მოედნებით, სადაც იმართებოდა სოფლებს შორის შეჯიბრებები; ულამაზესი სკოლებით... ეს ყველაფერი დაინგრა და დაიმსხვრა 8 აგვისტოს რუსული ავიაციის შემოტევებისას. არ გვეგონა, ასე თუ მოხდებოდა; მე და ჩემი ოჯახი აივნიდან ვუყურებდით, როგორ იბომბებოდა სოფელი დისევი. წმინდა გიორგის ეკლესიის ახლოს ერთტონიანი ბომბი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ატყდა პანიკა. ხალხმა აღარ იცოდა, რა ექნა. სოფლის დატოვება არავის უნდოდა. მართლაც, ძნელია იმის დატოვება, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი შრომით ააშენე. ამიტომაც დარჩა სოფელში ბევრი ხანშიშესული ადამიანი, რომლებიც სეპარატისტებმა უმოწყალოდ დახოცეს. დაიღუპნენ ჩემი თანასოფლელი ბიჭებიც, რომლებმაც პირნათლად მოიხადეს ვალი ქართული მიწა-წყლის წინაშე.

ჩემს ოჯახს და თითოეულ ჩემს თანასოფლელს გვჯერა, რომ დავბრუნდებით ჩვენს ლამაზ კუთხეში, კვლავ გაიღვიძებს ჩვენი ხეობა. ეს არის ჩემი ხეობისა და მთელი ქართველი ხალხის ოცნება".

ნათია გოჩაშვილი: "ცხინვალში დავიბადე. ხოლო მას შემდეგ, რაც თავი შევიცანი, სულ ომია.

ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ 1991-92 წლებში დევნილად იქცა. ფრაგმენტებად მახსოვს ხალხის წუხილი, დევნილობაში ცხოვრება, ტყვიები, სიკვდილის შემზარავი სიჩუმე... მაშინ მეგონა, რომ მთელი სამყარო ასე ცხოვრობდა და ტკივილი, რომელიც საკუთარი სახლის დატოვებით იყო გამოწვეული, მშობლებისგან ქვეცნობიერად ჩემზეც გადმოვიდა.

მერე მშვიდობის სიჩუმეც ჩამოდგა და დროებით ცხინვალის მახლობლად, სოფელ ხეითში დავსახლდით... ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება, მიწის სუნი, ჰაერი და წყალი ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ყოველი ლოცვა, რომელსაც დილით ვამბობ. და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ისევ დავკარგავდი იმას, რაც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის...

8 აგვისტოს შემდეგ მარტო მე კი არა, მთელი საქართველო პანიკაში იყო. მე თბილისში ვიყავი, დედ-მამა და დები - სოფელში, სადაც დღეს ჩემი სახლის მხოლოდ ნანგრევებია...

დამეღუპა რამდენიმე მეგობარი, ნაცნობი და ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვდი, რომ ჩემი ახლობლების სიკვდილი არ გამეგო...

ახლა კი მხოლოდ ის სიცარიელე დგას ჩემს სული, რომელიც მოგონებებით ივსება ხანდახან... აღარ ვნერვიულობ საკუთარ სახლზე, საკუთარ საწოლზე, ჩემს საყვარელ ნივთებზე, ფოტოსურათებზე და იმაზე, რომ მეორედ დევნილი გავხდი... მტკივა მხოლოდ ის, რომ ვერ ვხედავ იმ პეიზაჟს, რომელიც სიმშვიდეს მგვრიდა, ვერ ვსუნთქავ ჰაერს, რომელიც სიხარულით მავსებდა და ვერ ვსვამ წყალს, რომელსაც ვერსად დალევ ისე გემრიელად, როგორც იქ".

ლია და დიანა ჩალაურები:
"ეს იყო დღეები, რომლებიც არ ღამდებოდა. გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, ცუდი სიზმარი, მოსულიყო დედა და ეთქვა: "გაიღვიძეთ, ეს ცუდი სიზმარია!" ტიროდნენ მეზობლის ბავშვები და მშობლები ამშვიდებდნენ, - ქუხს და უნდა იწვიმოსო.

ფიქრობ ყველაფერზე - მშობლებზე, ახლობლებზე, სახლსა და პატარა ძაღლზეც კი... და გეშინია, დაკარგო შენი წარსული, საუკეთესო წლები და დაკარგო ადგილი, რომელიც საქართველოს გულია - შიდა ქართლი..."

ამ ადამიანებისთვის ერთი წლის წინ სამყარომ უცბად იცვალა ფერი. როგორღაც დააღწიეს თავი იმ საშინელებას. მერე კი ნელ-ნელა თითქოს დალაგდა ყველაფერი და დაიწყო ცხოვრების სულ სხვა, ახალი საფეხური, მოლოდინით, ტკივილითა და მონატრებით სავსე დღეები. მძიმეა მათი ხვედრი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვაჟკაცურად უმკლავდებიან მოძალებულ სულიერ ტკივილებს, არ უხრიან ქედს ცხოვრებისგან შემოთავაზებულ ახალ-ახალ განსაცდელს. მშვიდობის, ჭირთათმენის, გამძლეობის, სიხარულისა და აღმასვლის სულისკვეთებას ლიახვისპირელებს ისევ და ისევ დედაეკლესია უღვივებს. სხვადასხვა ადგილას გაფანტულები წმინდა სამების ტაძარში გარკვეულ დღეებში იკრიბებიან, თავიანთ მოძღვრებს ხვდებიან, ლოცულობენ, ერთმანეთის ტკივილს იზიარებენ, მხარში უდგანან ერთმანეთს და იადვილებენ მონატრებასთან გამკლავებას.

ახლოვდება ფერისცვალების დღესასწაული და ამ დღესასწაულის მადლი ღვთაებრივი იმედის სხივით გვასხივოსნებს, გვინათებს მომავლის რწმენას, უკვდავ რწმენას, რომ სიბნელის მეუფება წარმავალია, ღვთაებრივ სინათლეს კი ჩრდილი არ ეკარება. შევთხოვოთ უფალს:

"იესო, სიბნელის საბრძანებლიდან მიუწვდომელსა ნათელსა შინა აღმოგვიყვანე!..

იესო, რომელმან გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი, შენი ზეციური სინათლის თოვლივით სპეტაკი სამოსლით შეგვმოსე ჩვენცა, წყლულებით დაფარულნი!" (უფლის ფერისცვალების დაუჯდომლიდან).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler