უფლისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელი"
უფლისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელი"
* არ არსებობს არავინ და არაფერი, რამაც შეიძლება სარწმუნოება შემაცვლევინოს! ქრისტიანი მართლმადიდებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები კიდეც...

* ერთი ბერი გამოქვაბულში იჯდა და ლოცვებს კითხულობდა. ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: წადი ამ გამოქვაბულიდან, ეგ ლოცვები ფუჭი დროის კარგვააო. ბერმა შეხედა და უთხრა: არ დაგიჯერებ, რადგან შენი ყოველი ზრახვა დაწყევლილია და ყველა საქმე - ბოროტიო. ისევ მივიდა ბერთან ეშმაკი და იგივე უთხრა. ბერმა გახედა და უპასუხა: თუ ამ ლოდს შეარყევ, რომელზეც ვზივარ, მაშინ დაგიჯერებ და წავალო. ეშმაკმა აიტაცა ლოდი და მთელი გამოქვაბული შემოატარა. ბერმა კი განუცხადა, რომ არასოდეს წავიდოდა გამოქვაბულიდან და არც ლოცვას შეწყვეტდა: მე ლოცვით ავმაღლდი შენზეო. ეშმაკი, როცა მიხვდა ბერის ნათქვამს, მაშინვე გაეცალა.

* მართლმადიდებელი ყოველ წამს უნდა იბრძოდეს ბოროტის წინააღმდეგ. პირველ რიგში, უნდა ებრძოდეს მის შემოთავაზებებს. ლოცვა, მარხვა და ღვთის შეწევნა - ალბათ ეს არის ძირითადი იარაღი მის წინააღმდეგ. ყველა დავფიქრდეთ: გვიყვარს ღმერთი ისე, რომ მის გამო თავი გავწიროთ? თუ ასეა, მაშ, ნაკლებად ვცოდოთ.

* ჩემი აზრით, ქრისტიანი ყოველდღე ებრძვის ანტიქრისტეს. ხოლო რაც შეეხება უფლისთვის თავის გაწირვას, ჩემი უფლისა და ჩემი სამშობლოსთვის - ყოველთვის მზად ვარ!

* ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, სიცოცხლისთვის, სიყვარულისა და სიკეთისთვის - აი, ესაა ანტიქრისტესთან შებრძოლება, რადგან ანტიქრისტე პირდაპირ არ მოვა და არ გეტყვის, მე ამირჩიეო. ის უკვე დიდი ხანია მოვიდა და იმით, რითიც ჩვენ ვერ ვხვდებით, ჩაგვითრია კიდეც. უცოდველი მარტო ძე ღმერთი იყო, რომელმაც ახლიდან დაგვბადა. მაგრამ ჩვენ დღეს ისევ ჭუჭყით სავსენი ვართ! მთავარია, ვიკითხოთ ბიბლია, ვილოცოთ და ღმერთს შევევედროთ, მოგვცეს ძალა, რამეთუ ახლოა აღსასრული. შევთხოვოთ ძალა და სიბრძნე, რომ გავძლიერდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი სულების გადარჩენისთვის, არ დავხამდეთ ხორციელ სიამოვნებებს... წუთია ეს სოფელი და ჩვენთვის ყოველი წამი ძვირფასია.

* ანტიქრისტე ვერაფერს დაგვაკლებს, თუ ჩვენ ლოცვაში გავძლიერდებით და უფალს ვიწამებთ. ეს ძალიან ადვილია, მხოლოდ გულით უნდა მივიდეთ ეკლესიაში, მივიდეთ მოძღვართან, ჩავაბაროთ აღსარება და ვეზიაროთ, დავიცვათ მარხვა და ვიკითხოთ ლოცვა... დამიჯერეთ, უფალი ჩვენთან იქნება!

* ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს ადამიანებს. ერთმანეთის პატივისცემა, გაჭირვებულის დახმარება, ფიქრი, ვის რა სიკეთე გავუკეთოთ, მშიერს - ვაჭამოთ და მცივანს - ჩავაცვათ - აი, ეს არის უფლის სიყვარული.

* ვამაყობ, რომ იმ ქვეყნის შვილი ვარ, რომლის სულიერი წინამძღოლიც ილია მეორეა.

* მწამს, უფალი ყოველთვის ჩემს გვერდითაა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვების გარეშე ცხოვრება არ გამომდის, მაინც ყოველთვის ვგრძნობ უფლის ძალას.

* სამწუხაროდ, უმეტესობას უფალი მხოლოდ განსაცდელის დროს გვახსენდება. ეს ჩვენი დიდი შეცდომაა. უფალი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ვჭირდებით მას ჩვენი კეთილგონიერებითა და სიყვარულით. ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ეს ყოველივე ქართველ ხალხს!

* გიფიქრიათ როდისმე მონასტერში სამუდამოდ წასვლაზე? მე მიფიქრია... ღმერთს პატიებას ვთხოვ ჩემი სიტყვებისთვის, თუ ვცოდავ, მაგრამ ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ვერ შევძლებდი... ვერ შევძლებ, მთის მდინარესავით სულ არ ვიჩუხჩუხო, არ ვიმუშაო და არ მყავდეს ოჯახი. ნეტა მარტო მე ვარ ასე?

* არა, მარტო შენ არ ხარ. ალბათ, ძალიან ძნელია წახვიდე მონასტერში სამუდამოდ. ყველას გვაქვს ჩვენი მოწოდება ამ ცხოვრებაში: შენი მოვალეობა ერი ყოფილა, თუმცა ან ეგ რა ვიცი... ყველაფერს უფალი წყვეტს. ერთი კი ნამდვილად ასეა: ვისი ბერობაც საჭიროა, მას უფალი ყოველთვის მისცემს საამისო ძალას და რწმენას. ღმერთისთვის არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელი".

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1