თითოეული ადამიანი თავისებურად ემსახურება უფალს
თითოეული ადამიანი თავისებურად ემსახურება უფალს
- ჩემს ბავშვობაში ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ ტაძარში შესვლით და სანთლის დანთებით შემოიფარგლებოდა. მადლობა ღმერთს, რომ დრომ დამანახა ჭეშმარიტი გზა და დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, - მიამბობს სიონის ტაძრის მესანთლე ქალბატონი ლამარა ანდღულაძე-კობახიძე, - საჯარო ბიბლიოთეკასთან რომ წმინდა სამების ტაძარია, თავიდან იქ დავდიოდი. ვიდექი ჩემთვის და ველოდებოდი წირვის დამთავრებას. ერთხელ ჩემს გვერდით მდგომთან ვთქვი, ძალიან მინდა ტაძარში ვიარო-მეთქი. მერე, რა გაბრკოლებსო, მკითხა. მეუღლე მყავს ავად და მას ვუვლი-მეთქი. შენ იმხელა საქმეს აკეთებ, უფალი ტაძარში აუცილებლად მოგიყვანსო, - მითხრა. ჩემი მეუღლის ახლობელი სალომე ნიკოლეიშვილი მოვიდა ჩვენთან და მან წამომიყვანა სიონში. ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგება რომ მოვისმინე, უფალს შევთხოვე, ტაძარში შემძლებოდა სიარული... რამდენიმე ხნის შემდეგ მეუღლე გარდამეცვალა და წესის აგების დროს ჩემი შვილის მეგობრებმა, რომლებიც ეკლესიურები იყვნენ, ანდერძის ასაგებად მოიყვანეს მამა გიორგი გამრეკელი. მაშინ ის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. მას შემდეგ დავუახლოვდით მამა გიორგის და მთელი ოჯახი ტაძარში მიგვიყვანა, გვაზიარა ღვთის სიტყვას. გარდა ჩემი ოჯახისა, ნათესავებმაც დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება. 1988 წლის აგვისტოში მივედი პირველად ტაძარში და მარიამობას ვეზიარე კიდეც. განსაცდელმა გვიბიძგა ტაძარში მოსვლა. მერე სიონში გადმოიყვანეს მამა გიორგი (ახლა უკვე მეუფე იოანე) და წლების განმავლობაში სიონში დავდივართ. მამა გიორგი სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორიც ბრძანდებოდა. აქვე გახლდათ პატარა პანსიონატი, სადაც აღმრიცხველად ვმუშაობდი. მერე მოძღვარმა მთხოვა, ბუღალტრად მემუშავა. მერე ოჯახურმა მდგომარეობამ ხელი შემიშალა და მუშაობას თავი დავანებე. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, შინ არ უნდა გავჩერებულიყავი. ერთხელ ლოცვაზე მივედი სიონში. მაშინ ჩვენი მრევლის წევრები მუშაობდნენ აქ მესანთლედ და მამა გიორგის მეც ვთხოვე მესანთლეობა. ვფიქრობდი, ასე უფრო მეტად შევძლებდი ლოცვას და უფალთან მიახლოებას. დედა ბარბარემ ამიყვანა მესანთლედ. ეს იყო 1994 წლის დეკემბერი. მას შემდეგ ვარ სიონის ტაძრის მესანთლე.

საკმაოდ დიდი დრო გავიდა და გასახსენებელიც დამიგროვდა. უწმინდესის გვერდით მსახურებაზე ყოფნა დიდი ბედნიერება გახლდათ. უდიდეს მადლს ვგრძნობდი ყოველთვის. როცა სიონის ტაძრის წარსულს ვიხსენებ, მადლობას ვწირავ უფალს.

მახარებს ისიც, რომ ჩემი მოძღვარი მეუფე გახდა. უფალმა ჩვენს ოჯახზე დიდი მადლი დაუშვა. ჩემი დისწული მოძღვარია -Mმამა ბესარიონ მეფარიშვილი. ჩემი და, მარიამ ანდღულაძე, რეგენტი გახლავთ. რამდენიმე ტაძარში ხელმძღვანელობს მგალობელთა გუნდს. მამა ბესარიონი პატრიარქის დიაკვანიც იყო. ცოტა ხანი ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე სამების ტაძარში მსახურობდა. მამა გიორგის მეუფედ კურთხევის შემდეგ ეპარქიაში გაჰყვა. ჩემი სულიერი მოძღვრის, მეუფე იოანეს მადლით ჩემი ახლობლები ეკლესიისკენ მოექცნენ.

ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი სასულიერო აკადემიაში დამლაგებლად მუშაობდა, თუმცა სპეციალობით ბიოლოგია. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ხატმწერი ლაშა კინწურაშვილი. ძალიან ბედნიერები არიან დაAახლა გვყავს ოთხი შვილიშვილი - სამი გოგონა და ერთი ვაჟი. ბავშვების აღზრდაში ვეხმარებით ყველანი. ძალიან მინდა, მუდამ ლაშას გვერდით ვიყო და ყველანაირად შევუწყო ხელი. ლაშას ოჯახის წევრებიც მორწმუნეები, აღმსარებლები და მაზიარებლები არიან. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.

თითოეული ადამიანი თავისებურად ემსახურება უფალს. მეც ვცდილობ...

ქრისტიანისთვის მთავარი სიყვარულია. სიყვარული კიდევ თავისით არ მოდის, ცოტა საკუთარ თავს უნდა დააძალო. თუკი უფალს ვერ ხედავ და სიყვარული არ გაქვს, მოყვასს როგორ შეიყვარებ? მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მივყავართ სულის ცხონებისკენ.

როცა სიონის ტაძარში მუშაობა მიწევს, დილიდან საღამომდე იქ ვარ. უდიდესი გამოცდილება შემძინა იქ მუშაობამ. ხშირად შეუფერებლად ჩაცმული ადამიანები შემოდიან. მიწევს კიდეც მათთვის შენიშვნის მიცემა და განკითხვაშიც კი ვვარდები. მერე ვხვდები, რომ ასეთი ადამიანებისთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, რათა გამოისწორონ გარეგნული მხარე. ხშირად სინანულშიც ვყოფილვარ. ვფიქრობ, სიყვარულით და მოფერებით უნდა მიუდგე თითოეულ ადამიანს, რომ არ დაბრკოლდეს ეკლესიური ცხოვრების გზაზე. ვინ იცის, რა სულიერი პრობლემებითაა ტაძარში მოსული. რაც დრო გადის, ამას უკეთ ვხვდები.

დიდი სიყვარულით გავიხსენებ სასულიერო სემინარიაში მუშაობას. დღეს მაშინდელ კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სასულიერო პირი და მეუფეა.

- ჩვენს პატრიარქს თუ შეხვედრიხართ?

- როცა უწმინდესი სიონის ტაძარში აღავლენდა ღვთისმსახურებას, მოდიოდა ხოლმე, ათვალიერებდა ხატებს და გვესაუბრებოდა კიდეც. სიონის უძველესი ტაძარი ჩემთვის მშობლიურია, აქ უდიდეს მადლს ვგრძნობ. ახლა სიონის ტაძარს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე წინამძღვრობს. მამა გიორგის სასულიერო აკადემიიდან ვიცნობ. მაშინ სტუდენტი გახლდათ. ძალიან შრომისმოყვარე და ბეჯითი იყო.

- როგორი დედა და ბებია ბრძანდებით?

- ამაზე უკეთესად ოჯახის წევრები ისაუბრებენ. როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, უფრო მკაცრი ვიყავი. ახლა ვხვდები, სიმკაცრე სრულიად ზედმეტია, ქრისტიანმა მშობელმა სიმკაცრე არ უნდა გამოიჩინოს. შვილების აღზრდისათვის სხვა მეთოდის ათვისებაა საჭირო.Uალბათ, მეტი სიყვარულით მიდგომა გვმართებს. ეს უკეთეს შედეგს გამოიღებს. როგორც დედა, ძალიან მკაცრი ვიყავი, ბებია შედარებით ლმობიერი ვარ. ვცდილობთ, მომავალი თაობა ღვთის სიყვარულით და ჭეშმარიტ ქრისტიანებად აღვზარდოთ. ძალიან კარგი და ჭკვიანი თაობა მოდის. მათ კი სათანადო ხელის შეწყობა სჭირდება. უწმინდესის ქადაგებები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია.Kკარგი იქნება, თუ მას მივყვებით.
ბეჭდვა
1კ1