დღემდე უფლის რწმენით მოგვიღწევია და სულ ასე ვივლით
დღემდე უფლის რწმენით მოგვიღწევია და სულ ასე ვივლით
* მივმართავ ყველას, ვინც საქართველოსკენაა, ვისაც უფლის სჯერა და მის მცნებებს იცავს, ვინც აქ, ამ მადლიან მიწაზე გაზრდილა და უცხოვრია, თუნდაც სულ ერთი დღე... ქართველს ჰყავს ერთი უფალი და ორი დედა: დედა - მშობელი და დედა - სამშობლო...

ომში ჩვენთვის დაჭრილი დედა შველას ითხოვდეს და ჩვენ უცხოებივით შორს გავიწიოთ მისგან?! გაჩენის პირველივე წუთებიდან სიმართლის თქმას გვასწავლიდეს და ჩვენ ბოროტად მოვატყუოთ?! სიყვარულს გვასწავლიდეს და შევიძულოთ?! მაშ, ყოჩაღ ჩვენს ქართველობას! ყოჩაღ ჩვენს ვაჟკაცობას! სასაცილო და უცნაურია სამყარო: გუშინ კამკამა მთის წყარო ერთ დღეში როგორ გადაიქცა ასეთ მღვრიე მორევად...

* თავმდაბალია საქართველო და ჩვენ ვერ ვხედავთ! ამდენ საზიზღრობას რომელი ქვეყანა აიტანდა? გვინდა, ვაკონტროლოთ... ქვეყნის გაკონტროლება არავის შეუძლია, მით უმეტეს, ჩვენნაირ ერს. ერს, რომელსაც XXI საუკუნე არ ეყო, კარგის და ცუდის გარჩევა რომ ესწავლა! ხალხო, დაფიქრდით: ჩვენ შეიძლება გავანათოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ უფლის რწმენითა და ნებით საქართველოს გაბრწყინება შეგვიძლია; ჩვენ შეიძლება ტყე გავაშენოთ, ყვავილი დავრგოთ, მაგრამ უფლის ნებით საქართველოს ედემის ბაღად გადაქცევაც შესაძლებელია...

* გვეყოს ერთმანეთის დადანაშაულება და ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება... შენს გულში რომ ვერ იხედები, სხვისი რა ბრალია?! საკუთარ შეცდომას რომ ვერ ხედავ, ესეც "სხვისი" ბრალია?!

* გთხოვთ, ნუ გააიგივებთ ერთმანეთთან მართლმადიდებლობასა და ქართველობას. მე არ ვარ მართლმადიდებელი, არ მჯერა მღვდლების და არც ერთ კანონს, რომელიც ეკლესიამ შემოიღო, პატივს არ ვცემ.

სახელმწიფოსა და რელიგიასაც ნუ გააიგივებთ. აღარ არის შუა საუკუნეები...

ადამიანი, მე მგონი, უფრო ცოდნაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ვიდრე იმის რწმენაზე, რომ მოვა ვინმე და გადაარჩენს. ივერია გაბრწყინდება... ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ, ვერასდროს გაბრწყინდება საქართველო. სახელმწიფო ენა უნდა არსებობდეს, მაგრამ არც საზღვრებია საჭირო და არც სახელმწიფო, არც კანონები და არც რელიგია; მთავარია სიყვარული და ცოდნა, ზნეობრიობა, გააზრება საკუთარი სიცოცხლისა...

* ქართველობა და მართლმადიდებლობა იყო, არის და მუდამ იქნება იდენტური ცნებები. დღემდე უფლის რწმენით მოგვიღწევია და სულ ასე ვივლით. მღვდელი უბრალოდ ღვთის მსახურია, არავინ გაძალებს, რომ გიყვარდეს. მართლმადიდებლობა არც არაფერს გაძალებს: გინდა? - იყავი; არ გინდა? - შენი ნებაა...

სიყვარული, მორალი და ყველა ის ცნება, რომლებიც ჩამოთვალე, მართლმადიდებლობამ დანერგა საქართველოში, სხვა ქვეყნებში კი სხვა რელიგიებმა. ამიტომ თვალი უნდა გაახილო და დაინახო - ქართველი რომ იყო, მართლმადიდებელი, დიდი საჩუქარია ღვთისა.

ღმერთმა შეგინდოს და დაგიფაროს!

* გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ ხომ ქართველები ვართ!

* მე, პირადად, ბედნიერად ვცხოვრობ. ძალიან დიდი ხანია წასული ვარ ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ თავს ემიგრანტად სულაც არ ვთვლი. თუმცა გულის სიღრმეში მაინც ტკივილი მტანჯავს და ეს ტკივილი საქართველოა...

* შორიდან ასე ჩანს: ვინც საზღვარგარეთ ვართ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ცდება, ვინც ასე ფიქრობს! ჩვენ ძალიან უბედურები ვართ, გვენატრება ჩვენი საყვარელი ხალხი, გვაკლია სითბო და სიყვარული, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის, რას ვიზამთ?! ჩვენ ხომ ჩვენი შვილებისთვის ვწვალობთ და სხვებს ვემსახურებით, ამდენ ტკივილს ვიტანთ... ჩემთვის ყოველი დილა ცრემლით იწყება, რადგან შვილები გვერდით არ მყავს და ძილის წინ ტკბილ სიზმრებს ვერ ვუსურვებ. მაგრამ იმედს ვიტოვებ, მალე გავა დრო და დადგება ის დღეც, როცა ჩემს პატარა სიხარულებს გულში ჩავიკრავ და აღარასოდეს დავშორდები; მოვა დრო, როცა ამაყად გავივლი ჩემს მიწაზე!.. მენატრება საქართველოში ყველაფერი, მენატრებით და იცოდეთ, აქ კარგად არასოდეს ვყოფილვართ, არც ვართ და არც ვიქნებით...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1