ბიბლიის აუდიოვერსია ახალი სიტყვაა
ბიბლიის აუდიოვერსია ახალი სიტყვაა
"დღევანდელი დღე ისტორიულია საქართველოს ცხოვრებაში, ეკლესიის ცხოვრებაში, ჩვენს ცხოვრებაში. ბიბლიის ასეთი სახით მიტანა ხალხთან, ეს იყო ოცნება საუკუნეების მანძილზე.

ბიბლია არის საოცრება, რომელსაც ვერასოდეს მისწვდება ადამიანის გონება. რამდენჯერაც წაიკითხავ მას, იმდენჯერ აღმოაჩენ სრულიად ახალ აზრებს.

ბიბლია არის პასუხი ჩვენს მრავალ კითხვაზე. მე, უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ გოგი ხარაბაძეს და მთელ ჯგუფს დიდი შრომისათვის.

ბიბლიის აუდიოჩანაწერი ძალიან დაეხმარება ჩვენს ხალხს. გავიხენოთ იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: ღმერთი არის სიყვარული. შეიძლება ამაზე უკეთ ვინმემ თქვას?!" - ბრძანა უწმინდესმა ბიბლიის აუდიოვერსიის წარდგენის დროს.

ბიბლიის აუდიოვერსია მართლაც ახალი სიტყვაა ჩვენს თანამედროვეობაში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ხელმძღვანელობით განხორციელებული ეს უნიკალური პროექტი წარმატებით დაგვირგვინდა და შემოქმედებითმა ჯგუფმა მოწონებაც დაიმსახურა. იდეის ავტორი სახალხო არტისტი, რუსთაველის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი გოგი ხარაბაძე გახლავთ, კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი, მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კონსულტანტები - სიონის ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სასულიერო აკადემიის პედაგოგი გიორგი გვასალია, პროდიუსერები: სტუდია "სანოს" ხელმძღვანელი მუსიკოსი მერაბ სანოძე (ამავე სტუდიაში ჩაიწერა "ბიბლიის" აუდიოვერსია), გიორგი ხარაბაძე-უმცროსი და თამარ ცაგარეიშვილი.

ბიბლიის ტექსტს თავად ბატონი გოგი ხარაბაძე კითხულობს. 51 დისკზე ჩაწერილი ბიბლიის აუდიოვერსიაზე შემოქმედებითი ჯგუფი რამდენიმე წელი მუშაობდა. "ბიბლიის ასე მიტანა ხალხთან საუკუნეების მანძილზე ოცნება იყო. ბიბლია არის პასუხი ჩვენი მრავალი კითხვისა. ეს ჩანაწერი, ვფიქრობ, ძალიან დაეხმარება ჩვენს ხალხს. კათოლიკოსმა კალისტრატემ ბიბლიას "ჯურღმული მეცნიერებისა" უწოდა. ეს მართლაც მიუწვდომელი და ამავე დროს ძალიან ახლობელი წიგნია ჩვენთვის. იმას, რისი მომსწრენიც ვართ, შემიძლია მოვლენა დავარქვა. ადამიანი ან მოიპოვებს, ან კარგავს მადლს, ბედნიერია, ვინც მოიპოვებს და საცოდავია, ვინც კარგავს. მახსენდება ერთი მოხუცის სიტყვები: შენ შეიძლება დაკარგო ჯანრთელობა, მაგრამ ცოცხალი დარჩე, შეიძლება დაკარგო სიმდიდრე - მაშინ არაფერი დაგიკარგავს, მაგრამ თუ დაკარგე მადლი, მაშინ ყველაფერი დაკარგული გაქვს. აი, ამ შრომაში, გოგი ხარაბაძის შრომაში არის მადლის მოპოვება, არა მარტო მოპოვება. მადლის გავრცობა, მადლის მოფენა. რაც უფრო რთულ დროში ვცხოვრობთ, რაც მეტად უჭირს სამშობლოს, მით უფრო გვჭირდება სიბრძნე და კეთილგონიერება, ბიბლიით ნასაზრდოები", - ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა ბიბლიის აუდიოვერსიის პრეზენტაციის დროს.

"ბიბლიის აუდიოჩანაწერის დახმარებით მრავალ ადამიანს მიეცემა საშუალება ხშირად მოისმინოს ღვთის სიტყვა, რაც სულისთვის მარადიული საზრდოა. დარწმუნებული ვარ, ამით ბევრი ადამიანი დაუკავშირდება ეკლესიას - ერთადერთ მაცხოვნებელ წიაღს", - ბრძანებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მისივე თქმით, ამ პროექტის იდეის ავტორს, ბატონ გოგი ხარაბაძეს კარგად ესმოდა, თუ რა პასუხისმგებლობის წინაშე იდგა, როცა ბიბლიაზე მუშაობდა. მან მთელი ძალისხმევა და თავდაუზოგავი შრომა ჩადო, რათა წმინდა წერილის თითოეული სიტყვა რაც შეიძლება ღრმად შემეცნებადი გამხდარიყო ჩვენი საზოგადოებისათვის. ეკლესიურად მორწმუნე ადამიანი ამ აუდიოჩანაწერის მოსმენით კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს რწმენაში, ხოლო ვინც ჯერ კიდევ არ არის ეკლესიური, მისთვის სავსებით ნათელი უნდა გახდეს ეკლესიური რწმენის აუცილებლობა.

ეკლესია, რომელიც სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა, ყოველთვის დამფასებელია იმ საქმისა, რაც მიზნად ისახავს სულიერების აღორძინებას, მაცხოვნებელ რწმენაში განმტკიცებას. უწმინდესთან ურთიერთობა ბატონი გოგისთვის გახდა სულიერი ძალის მიმცემი, რათა განეხორციელებინა ეს პროექტი. ეკლესია ყოველთვის აფასებს ძალისხმევას, რომელიც ემსახურება საზოგადოების წარმართვას ჭეშმარიტებისკენ, ღვთისკენ.

როდესაც წმინდა სამების დიდი ტაძარი შენდებოდა, იქ უზარმაზარი ორმო იყო. ზოგი ცოტა ირონიულადაც ამბობდა, რა ამოავსებს ამასო. მაშინ უწმინდესმა შესანიშნავად გასცა პასუხი - უფლის ნებაო. დღეს კაცობრიობას უფლის ნების გაგება სჭირდება ყველაფერში, ყველაზე მეტად - ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ნებისმიერ დარგში. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ბიბლიის აუდიოვერსიის გამოცემა, - ბრძანებს კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი. მისივე თქმით, ბიბლია არის მარადიულობის წიგნთა წიგნი. ძველ ქართულ საგალობლებთან ერთად საყრდენი იყო უწმინდესის მიერ შექმნილი საგალობლები, რამაც ძალიან გაალამაზა და სასიამოვნო გახადა ბიბლიის აუდიოვერსიის მოსმენა. პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერის გიორგი ხარაბაძე-უმცროსის განმარტებით, ბიბლიის აუდიოვერსიის ჩაწერამდე მათ სხვა პროექტებზეც აქვთ ნამუშევარი. "29 ფირფიტა" ერქვა პროექტს, რომელშიც შედის - "წმინდა ოთხთავი", "ვეფხისტყაოსანი", ქართული პოეზიის ანთოლოგია. იგი 2006 წელს დასრულდა. "უწმინდესმა მოიწონა ჩვენი ნამუშევარი და მაშინვე გაგვიჩნდა იდეა, ბიბლიის აუდიოვერსიის გამოცემისა. პატრიარქმა გვაკურთხა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ბიბლიის აუდიოვერსია მისი გადაწერის ერთ-ერთი მცდელობა გახლავთ - თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა ბიბლიის აუდიო, ვიდეო, კინოს სახით წარმოდგენა და გადაწერა.

თუ საქმის კეთებას სიყვარული და რწმენა არ ახლავს, დროის ფუჭი კარგვაა. მით უმეტეს, ბიბლიაზე სიყვარულის და რწმენის გარეშე ვერ იმუშავებ. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს ეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული.

უწმინდესთან ურთიერთობა ხომ უდიდესი ბედნიერებაა. ძალიან დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს", რომ აშუქებთ ჩვენს საქმიანობას".
ბეჭდვა
1კ1