საქართველო ისეთი ძლიერი გახდება, თავის ყველა სისხლ-ხორცს დააბრუნებს საკუთარ უბეში, დაიცავს და მიეალერსება...
საქართველო ისეთი ძლიერი გახდება, თავის ყველა სისხლ-ხორცს დააბრუნებს საკუთარ უბეში, დაიცავს და მიეალერსება...
* დღეს საქართველოს ბევრი რამ სჭირდება...

* ერთიანობა, სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა გვჭირდება...

* ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, ალბათ, ნამდვილი პატრიოტები, განათლებული საზოგადოება და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდება... ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!

* ქართველი ხალხის ერთსულოვნება და უფლის სიყვარული...

* კაცნო, გიყვარდეთ ერთმანეთი! ამას კი უფლის სიყვარული და მისი რწმენა შეგვაძლებინებს.

* განათლება, რაციონალური აზროვნება გვჭირდება... მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლა ვერაფერს გამოასწორებს, რადგან ერს ყოველთვის ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს...

* ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება - როცა ერი ერთიანია, ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს.

* ჩვენ ვერც კარგი პრეზიდენტი გვიშველის, ვერც ამერიკა და ვერც ევროპა. ხალხო, გაიგეთ, ჩვენი ხსნა მართლმადიდებლობაშია! მხოლოდ უფალი, რწმენა და სინანული გადაგვარჩენს.

* განათლება, განათლება და კიდევ ერთხელ განათლება! განათლებული ადამიანი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

* რწმენა! შეუძლებელია ღვთით დაწერილი სიტყვებით ხელმძღვანელობდე და ხელი არ მოგემართოს. თუ გწამს, ისიც იცი, რომ არ უნდა ეწინააღმდეგებოდე იმას, რაც უფალმა მოგივლინა, არ უნდა ლანძღავდე სხვას, არ უნდა ღალატობდე ქვეყანას და არ უნდა ცდილობდე, შენი კეთილდღეობის გამო სხვის დაზარალებას - აი, ამ ყველაფრის ცოდნა გვჭირდება.

* ქართველ მეფეებს ძლიერი რწმენა რომ არ ჰქონოდათ, აქამდე მოვიდოდით?! რწმენა და სიყვარული გადაარჩენს საქართველოს.

* მე, სადაც ვცხოვრობ, იმით ვარ უზომოდ კმაყოფილი - ჩემი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი ვარ, რომელიც სამშობლოს გამოღვიძებაში მონაწილეობს და სიმართლისთვის ბრძოლაში გვერდით უდგას საქართველოს. დავით აღმაშენებლის ეპოქას კი ნუ ნატრობთ - აშენებულ ქვეყანაში ცხოვრებას ნუ გაიხდით ნატვრად. თქვენ თვითონ ააშენეთ ეს ქვეყანა - საკუთარი ხელით შექმნილი უფრო სასიამოვნოა. ნუ მისტირით ძველ დროს! ყველაფერი ჩვენს ხელთაა და სწორედ ჩვენივე ხელებით უნდა შევქმნათ მომავალი, ბრწყინვალე საქართველო...

* ქართველებო, ღმერთი პატრიარქის ბაგით გვესაუბრება და მას თუ არ მოვუსმინეთ და დავუჯერეთ, გადავშენდებით... ყველაზე მეტად ახლა ლოცვა, ერთიანობა და ერთმანეთის სიყვარული დაგვეხმარება. ჩვენ რომ ფეხზე ვდგავართ, პატრიარქის წყალობითაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მე პირადად და მთელი საქართველო. ასე რომ, დავუგდოთ ყური - ჭეშმარიტებას მხოლოდ მისგან გავიგებთ.

* ერთხელ ხალხმა პატრიარქს არ მოუსმინა... და დიდი სისხლის ღვრა მოხდა. ახლა მაინც შევისმინოთ და გვეყოს ძმათა შორის ომი. ჩვენ ყველა ერთნი ვართ...

* ემიგრანტები... ძალიან მტკივნეული საკითხია. ვისაც შვილი ჰყავს, ის გაიგებს, როგორია ევროპაში წასვლა და შვილის ნატვრაში გატარებული ღამეები. იქ ლუკმაპურისთვის მიდის ხალხი. ყველას არ ხვდება მემკვიდრეობით დიდი ქონება და ცხოვრების ნულიდან დაწყება უწევს. სწორედ ემიგრანტმა იცის, სამშობლოს სიყვარული და მონატრება როგორი გრძნობაა. უკან დაბრუნების იმედით მიდის ადამიანი სხვა ქვეყანაში...

* რამდენიმე წელი რუსეთში ვიყავი წასული, იქ ვცხოვრობდი, მაგრამ დავბრუნდი... და იცით, რატომ? მშობლიური ქვეყნის სითბოს ვერც ერთი სიმდიდრე ვერ შეედრება. მშობლები კი იმიტომ წავიდნენ, რომ მე უზრუნველი ცხოვრება მქონოდა. ამ მიზეზით მიდის უმეტესობა, რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ - ჰქონდეთ ყველაფერი. მაგრამ სრულყოფილად ვერავინ იცხოვრებს, მუდამ რაღაც უნდა დათმო, გაწირო... თუმცა, იმედია, საქართველო ისეთი ძლიერი გახდება, თავის ყველა სისხლ-ხორცს დააბრუნებს საკუთარ უბეში, დაიცავს და მიეალერსება.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1