ყველა თაობა ერთ ანსამბლში
ყველა თაობა ერთ ანსამბლში
8 მაისს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა ანდრო სიმაშვილის შემოქმედებითი საღამო და მისდამი მიძღვნილი აუდიოალბომის პრეზენტაცია.

ბატონ ანდროსთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდი და სიმაშვილთა შთამომავლები.

ასაკის მიუხედავად, 85 წლის ანდრო პაპა მხნედ ასრულებდა კახურ სიმღერებს. როგორც პროექტის ავტორმა და საღამოს წამყვანმა, ეთნომუსიკოლოგმა ნატო ზუმბაძემ მოგვითხრო, რომ 90-იან წლებში ანსამბლ "ართანის" ხელმძღვანელსა და დიდად დაფასებულ მომღერალს სულიერად ძლიერ გაუჭირდა - მისი სიმღერა აღარავის უნდოდა. იგი ვერც იფიქრებდა, რომ კვლავ მოუხდებოდა საყვარელი სიმღერებით სცენაზე გამოსვლა.

2002 წელს ანდრო სიმაშვილი პარიზში მიიწვიეს, სადაც ანსამბლ "ირინოლას" ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა.

სიმაშვილების მთელი ოჯახი მღეროდა და დღესაც მღერის, ანდრო პაპა კი ძველებური შემართებით ეწევე პედაგოგიურ მოღვაწეობას.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლში ყველა თაობის მომღერალს შეხვდებით - 15-იდან 85 წლამდე.

საღამოს დასასრულს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმაც (მახარაძე) აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება ახალგაზრდა და უფროს თაობას შორის.

საღამო გაიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელშეწყობით. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა კონცერტი პირდაპირ გადაიცა "ფოლკ-რადიოს" ეთერით.

მოამზადა
მარი აშუღაშვილმა
ბეჭდვა
1კ1