ჩვენებურები, რომლებიც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ინახავენ საუკუნეებისგან გახუნებულ ქართულ სუნთქვას
ჩვენებურები, რომლებიც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ინახავენ საუკუნეებისგან გახუნებულ ქართულ სუნთქვას
საქართველოს ისტორია ერთი გრძელი ამოოხვრაა, რომელსაც დასასრული ჯერ არ უჩანს. ჩვენმა ერმა რამდენიმე უმძიმესი განსაცდელი გადაიტანა, როცა მას საუკეთესო შვილები წაართვეს და ამან უმძიმესი დაღი დაასვა მის განვითარებას:

ვახტანგ მეექვსის რუსეთში წასვლა ათას ორასი საჯიშე ქართველით, რომლებიც იმპერიის სამსახურში ჩარჩნენ;

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე სამეფო კარის წევრთა გადასახლება რუსეთში;

მენშევიკური მთავრობის ემიგრაციაში წასვლა;

ბოლშევიკური ბატონობის პირველი 25 წელი (წინააღმდეგობის მონაწილეთა დასჯა, გაკულაკება, 1937 წლის რეპრესიები, სამამულო ომი)...

და დღეს - სამშობლოდან ქართველთა ნებაყოფლობით-იძულებითი გადახვეწა - თანამედროვეობის უდიდესი უბედურება!

თითქმის აღარ დარჩა მსოფლიოში ქვეყანა, ქართველს რომ ჩაეღწიოს ცხოვრების უკეთესი პირობებისა თუ, უბრალოდ, ლუკმაპურის შოვნის იმედით.

ინგლისშიც საკმაოდ ბევრია ქართველი. ღვთის მადლით, "ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლოც" აქვთ და მოძღვარიც ჰყავთ. გამოსცემენ ჟურნალ "თანამემამულეს", რომელიც გავრცელების მხრივ ერთ-ერთი პირველია ემიგრანტულ გამოცემებს შორის. ჟურნალი უცხოეთში მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრებას აშუქებს.

"თანამემამულე" 2003 წლის 26 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში დაარსდა. მალე რედაქციამ ლონდონში გადაინაცვლა. დროთა განმავლობაში გაფართოვდა ჟურნალის მოქმედების სფერო, გაიზარდა მისი ტირაჟი და სულ მალე უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა გახდა.

აღსანიშნავია, რომ "თანამემამულე" შეუფერადებლად ასახავს ემიგრანტული ცხოვრების ტკივილიან ყოფას, აშუქებს საქართველოში თუ მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს, პერიოდულად აქვეყნებს ჩვენი გმირული წარსულის სურათებს, მშობლიურ ენასთან აშინაურებს უცხოეთის მიწაზე აღზრდილ ქართველ ბავშვებს, ამასთანავე, ასპარეზს უთმობს ფერეიდანში, ჰერეთსა და თურქეთში საქართველოს მშობლიურ სხეულს მოკვეთილ ჩვენებურებს, რომლებიც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ინახავენ საუკუნეებისგან გახუნებულ ქართულ სუნთქვას.

გერმანიაში კი ქართული სათვისტომო 50 წელზე მეტს ითვლის. დღესდღეობით აქ უამრავი ქართული და ქართულ-გერმანული ორგანიზაცია მოქმედებს. ქართული სათვისტომოს შემადგენლობაც იცვლება - ის აღარაა მხოლოდ ემიგრაციული ორგანიზაცია, მასში გერმანიაში დროებით მყოფი ქართველებიც გაერთიანდნენ. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში სათვისტომო ახალჩამოსულებს გზამკვლევის როლში ევლინებოდა. სათვისტომო პოლიტიკურიდან (როგორიც უმთავრესად საბჭოთა კავშირის დროს იყო) კულტურულ ორგანიზაციად იქცა, ამჟამად კი კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად უკვე იურიდიულად ჩამოყალიბდა.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, 2001 წლის 25 მარტს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და მიუნხენსა და მის გარეუბნებში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით დაარსდა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით შეიქმნა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). აღნიშნული ეპარქიის დაქვემდებარებაში გადავიდა მიუნხენის ქართული ეკლესიაც, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები.

გერმანიის ქართულ სათვისტომოსთან 2008 წელს ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ჯგუფი "იბერისი", რომელიც, თავის მხრივ, გერმანიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. მისმა წევრებმა აღადგინეს და გააფართოეს ქართული ხალხური სიმღერების გუნდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ასევე "იბერისის" სახელით არსებობდა და მიუნხენის ეკლესიის მგალობელთაგან შედგებოდა.

უცხოეთის ცის ქვეშ უამრავ ქართველს შეხვდები და არც ერთი მეორეს არ ჰგავს. სხვადასხვაა მათი სამშობლოდან გამგზავრების მიზეზიც. მაგრამ თითქმის ყველას ერთი რამ აერთიანებს: საქართველოზე გამუდმებული ფიქრი. სწორედ ამ ფიქრს, სიყვარულსა და ძალისხმევას აგროვებენ, ქმნიან პერიოდულ გამოცემებს, სამრევლოებს, სათვისტომოებს, რათა სამშობლოსთვის სასიკეთო საქმის კეთება შორიდანაც შეძლონ.
ბეჭდვა
1კ1