დიდ ადამიანურ ტკივილს ეზიდებოდა - მშობელი მიწის მონატრებისას
დიდ ადამიანურ ტკივილს ეზიდებოდა - მშობელი მიწის მონატრებისას
ღირსი მამა ილია 1915 წლის 20 თებერვალს დაიბადა ქუთაისში. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და თავადაც იქ იზრდებოდა.

1922 წელს მამამისი ილია სავაჭრო ურთიერთობისთვის კონსტანტინოპოლს მიავლინეს. მან თან იახლა მეუღლე და სამი შვილი - ილია, ანტუანი და მერი, ხოლო ქალ-ვაჟი ნინო და ოთარი ბებიასთან იზრდებოდა ბათუმში. კონსტანტინოპოლიდან ილიას და მის ოჯახს ბელგიაში მოუხდა გამგზავრება. იქ ქალაქ ნამიურის წმინდა გიორგის სახელობის პანსიონში მიაბარეს ბავშვები. 1926 წელს ილიას მშობლები სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო ილია და-ძმასთან ერთად იქვე დატოვეს სწავლის გასაგრძელებლად.

1935-39 წლებში ილია მელიამ სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტი დაამთავრა და სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო ბელფორის მაცხოვრის აღდგომის სახელზე აგებულ ტაძარში. 1934 წლის 19 აგვისტოს იგი დიაკვნად აკურთხეს და შემდგომ 1943-45 წლებში სხვადასხვა ქალაქში მოღვაწეობდა, ვიდრე პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში არ დამკვიდრდა, სადაც 1950 წელს დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთის საეგზარქოსომ აღასრულა მისი მღვდლად ხელდასხმა. ამიერიდან უფრო მრავალმხრივი და დაუცხრომელი ხდება ღვაწლი მამა ილიასი, რომელიც უცხოეთში გაბნეულ ქართულ სამწყსოს იკრებდა.

პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 1947-48 წლებში გაუხსნიათ იქ მცხოვრებ ქართველ მართლმადიდებლებს. თავდაპირველად ღვთისმსახურება კერძო მესაკუთრისგან ნაქირავებ პატარა სამლოცველოში სრულდებოდა; მამა ილიას ლოცვითა და გარჯით, მრევლის მცდელობითა და სასოებით, 1964-65 წლებში როზიერების ქუჩაზე ქართველმა მართლმადიდებლებმა შეიძინეს მრავალსართულიანი ბინის ქვედა სართული. იქ გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, სადაც ჟამი დღემდე ქართულ ენაზე შეიწირვის და ქართული საგალობლები აღევლინება. წმინდა ნინოს ეკლესია უცხოეთში მკვიდრ ღვთის სიტყვას მონატრებულ ქართველ მართლმადიდებელთა საყუდელია, ხოლო წინამძღვარი ხსენებული ეკლესიისა, აწ განსვენებული მაღალღირსი მამა ილია, გაბნეულ ცხოვართა ჭეშმარიტად ღვთივგანჩინებული მოძღვარი იყო. იგი სულიერად თუ მატერიალურად შეეწეოდა თავის მრევლს; მის გარშემო ერთიანდებოდნენ ქართველები; მან დააწესა "ხუთშაბათობა". ამ დღეს პარიზში მცხოვრებ ქართველთა შვილებს დეკანოზი ილია თავის ბინაში სასულიერო გაკვეთილებს უტარებდა. მოგვიანებით ეს დღე ქართველთა შეკრების დღედ გადაქცეულა. შემდგომ უკვე ფართო ხასიათი მიუღია ამ შეკრებებს და ამიტომ "ხუთშაბათობა" მორიგეობით ქართულ ოჯახებშიც ეწყობოდა - იმართებოდა საუბრები, საღამოები და მჭიდროვდებოდა უცხოეთში გაბნეულ ქართველთა კონტაქტები. "ხუთშაბათობის" გარდა დიდი სადღესასწაულო შეხვედებიც დააწესა მამა ილიამ. კერძოდ, 25 დეკემბერს საშობაო წირვის მერე შეიყრებოდნენ ქართველები და მართავდნენ "შობის ხეს".

მრავალმხრივი და დაუცხრომელია მამა ილიას ღვაწლი. 1951 წელს იგი რადიოთი უქადაგებს და ულოცავს მრევლს ახალ წელს, აღდგომას. შორეულ თბილისში მისი ხმის ყოველ გაგონებაზე დედა ხომ აუცილებლად იტყოდა იმას, რასაც ქართველი დედები ამბობენ ასეთ დროს: "დედა გენაცვალოს, შვილო!"

ღვაწლმოსილი მოძღვარი ოჯახის კეთლადმმართველიც იყო. მას პარიზში დარჩა მეუღლე ალა და სამი შვილი: ილია, ნინო და ქეთევანი. თბილისში მცხოვრებ და-ძმასთან, ოთარ და ნინო მელიებთან მუდმივი კავშირი ჰქონდა. მძიმე იყო ჯვარი უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ღვთივგანჩინებული მწყემსისა, მაღალღირსი მამის ილიასი, რომელიც დიდ ადამიანურ ტკივილს ეზიდებოდა - მშობელი მიწის მონატრებისას. ერთგზის პარიზში მასთან სტურმად ჩასული დისთვის - ნინოსთვის გაუმხელია: "ჯერ დედა დამაკლდა და შემდეგ - დედასამშობლოო". პარიზული მრევლი განსვენებულის ოჯახს ატყობინებს: "დეკანოზ ილიას სახით ჩვენ ჭეშმარიტი მამა დავკარგეთ და ობლად დავრჩით".

"ხოლო ესევითარი ნუგეშინის-ცემაი გაქუნდინ, ძმანო, რამეთუ არა მიგეღო თქვენ მოძღვარი თქვენი, არცა წარვიდა თქუენგან, არამედ შორის თქვენსა მდგომარე არს, დაღაცათუ თქვენ არა ხედავთ მას..." "ესევითარისა ამის კაცისა სიკვდილი პატიოსან არს წინაშე ღმრთისა, და უფროისღა, არცა თუ სიკუდილი არს, არამედ განხეთქა საკრველთაი"...

1988 წლის 16 მარტს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მრევლს აუწყა, რომ ღვთივგანისვენა პარიზში მოღვაწე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია ილიას ძე მელიამ და განსვენებულის სახელზე პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს დიდძალი მრევლი დაესწრო. მათ შორის იყვნენ განსვენებულის ახლობლებიც.

ღირსი მამა ილიას უმცროსი ძმა ოთარი საქართველოში დარჩენილა. დღეს მისი შვილიშვილის ოთარ მელიას და სოფო კვაშილავას მრავალშვილიანი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ოჯახი, სადაც რვა ბავშვი იზრდება. ოთარის დედა ქ-ნ ლალი მიყვებოდა მათ შესახებ. დამპირდა, წაგიყვანო. მოიბოდიშა, ოთარი პროგრამისტია, "მაგთიში" მუშაობს, ძალიან დატვირთულია, ხშირად შინ შუაღამისას ბრუნდება, შეიძლება არ დაგხვდესო.

KARIBCHE


გამიმართლა. სახლთან მივედით, მანქანაც გაჩერდა, ოთარი გადმოვიდა და გაღიმებულმა შინ მიგვიპატიჟა. კარი ყველაზე უფროსმა 14 წლის ირაკლიმ და ყველაზე უმცროსმა 4 თვის ნინომ გაგვიღეს (ირაკლის ჩახუტებული ჰყავდა პატარა). მერე მითხრეს - ირაკლი პატარების, განსაკუთრებით კი ნინოს მოვლაში ძალიან ეხმარება დედასო. 5 წლის ნიკოლოზი, 3 წლის გიორგი და 2 წლის პეტრე თამაშით იყვნენ გართული, ცნობისმოყვარეობით შემათვალიერეს, თამაშს ცოტა ხნით თავი დაანებეს... მერე ოთახებში გაიფანტნენ და "თავიანთი საქმე" გააგრძელეს. 2 წლის კანფეტების მოყვარული პეტრე ბებოს ჩაუჯდა კალთაში. თუ ვინმე კანფეტის ჭამას დაუშლის, თურმე მაშინვე ეტყვის, ცუდი ხარო. ოთახიდან ფანდურისა და სალამურის ხმა გამოდიოდა - გვინდა შვილები ქართულ ტრადიციებზე აღვზარდოთ, ქართულ ხალხურ სიმღერას და ფანდურზე დაკვრას ვასწავლით - ვცდილობთ, ხალხური მუსიკით სული გავუფაქიზოთო, თქვა სოფომ. ოთარი და სოფო ცდილობენ, ბავშვებს განათლება მისცენ, ერთმანეთის სიყვარული ჩაუნერგონ. მთელი ოჯახი ეკლესიურად ცხოვრობს. სოფო ყველაფერს ღვთის წყალობად თვლის. არ წუწუნებს, არც დაღლას უჩივის. დიდი წინაპრის, მამა ილიას გარდა მათ ღვთის გზაზე დადგომაში ოთარის მამას, აწ გარდაცვლილ ბ-ნ ამირანსაც დიდი წვლილი მიუძღვის. ღვთისმოსავი და ქველმოქმედი ადამიანი ყოფილა...

ირაკლი და 12 წლის ამირანი სტიქაროსნები არიან. სწავლასა და სპორტში წარმატებულნი. 10 წლის ანას ქართულის მასწავლებლობა უნდა, დედიკოს მარჯვენა ხელია. 8 წლის დავითთან განსაკუთრებით მეგობრობს. დათოც ყველაფერს უჯერებსო...

ქართველი პოეტის სიტყვებით გვინდა დავასრულოთ ამ სიყვარულის ბუდედ ქცეულ ოჯახზე საუბარი:

"და დღეს თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ირაკლი
ამირანი
ანა
დავითი
ნიკოლოზი
გიორგი
პეტრე
ნინო
იარონ! იარონ! იარონ! ამინ!"


მოამზადა
ნათელა კეშელავამ
ბეჭდვა
1კ1