ვმადლობ უფალს, რომ ღირსი გამხადა, მცირედით ვემსახურო
ვმადლობ უფალს, რომ ღირსი გამხადა, მცირედით ვემსახურო
ბოლნისის ეპარქიაში, მეუფე ეფრემთან სტუმრობისას, ღვთისმსახურებას სიონის ტაძარში დავესწარი. ამ უძველეს და მადლიან ეკლესიაში წირვა-ლოცვას თავად მეუფე აღავლენდა. კარებთან ერთი სათნო ქალბატონი შევნიშნე. საეკლესიო ნივთებით და სანთლებით სავსე მაგიდასთან იდგა და ტაძარში შემოსულ მლოცველებს ტკბილი საუბრით სანთლებს აძლევდა. ალბათ, მიხვდი, მკითხველო, რომ ჩვენი რუბრიკის სტუმარი ბოლნისის სიონის მესანთლეა.

ქალბატონი მზია გომართელი, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელია ამ ტაძარში მსახურობს. მისი ყოველი წუთი და დღე ღვთის დიდებით იწყება და მთავრდება. ბოლნისის სიონი კი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე უკეთ გრძნობს. ყველაზე მეტად იქ ყოფნით უახლოვდება გამჩენ ღმერთს და ამით უფალს მუდამდღე მადლობს. ვიდრე ქალბატონ მზიას საუბარს შემოგთავაზებდეთ, გადავავლოთ თვალი ბოლნისის სიონის წარსულს.

ქართული ქრისტიანული კულტურის უძველესი ძეგლი მდინარე ფოლადაურის ახლოს მდებარეობს. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, "ფოლადაური გამოდის ლელვარს და მიერთვის მდინარეს მაშავერას, მას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისი, მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო, ბოლნისისა, რომელი აღაშენა მეფემან ფარსმან. გორგასალ დასვა ეპისკოპოზი, შემდგომად შემუსვრილი აღაშენა დედოფალმან მარიამ". ბოლნელ ეპისკოპოსს, ნიკოლოზს აუგია ბოლნისის სიონის სამრეკლო. ბოლნისის სიონის კედლებს შემორჩა ასომთავრულით შესრულებული ოთხი წარწერა, რომელთაგან სამი ტაძრის აღმშენებლობას უკავშირდება. მშენებლობის მოთავე ყოფილა დავით ეპისკოპოსი. ბოლნისის სიონს წარსული საუკეთესოდ იცის ქალბატონმა მზიამ და ტაძარში მოსულ მომლოცველებსაც ამცნობს.

წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეკლესია-მონასტრები უმოქმედოდ იყო, ამ ტაძარს თავისი მესანთლე და მომვლელი ჰყავდა - უკრაინელი ქალბატონი ევგენია, რომელიც მეუფე ეფრემმა მონაზვნად აღკვეცა. დედა მარიას უკრაინაში წასვლის შემდეგ სიონის მესანთლეა ქალბატონი მზია.

- დაახლოებით ათი წლის წინ მძიმე ოპერაცია გადავიტანე. მორწმუნე კი ვიყავი, მაგრამ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. ალბათ, ავადმყოფობა გაფრთხილება იყო, დამეწყო ეკლესიური ცხოვრება და უფალი მედიდებინა. მადლობა უფალს, რომ ღირსი გამხადა, კომაში ყოფნის დროს 45 წუთის განმავლობაში სხვა სამყარო მენახა. როცა მეუფე ეფრემს ვუამბე ჩემი თავგადასავალი, - მითხრა, - საიქიოში ყოფილხარო.

კიდევ ერთხელ დავფიქრდი მომავალ ცხოვრებაზე, როგორ შეიძლებოდა შევგუებოდი ამქვეყნიურ სიცრუეს, გაუტანლობას, ღალატს. ერში ცხოვრება მიმძიმდა. დავტოვე სამსახური. როგორც კი უფალი შევიცანი, ყოველივე ამქვეყნიური გაუფერულდა... ამ პრობლემებით მოვედი ბოლნისის სიონში. ამ ტაძარმა, დედა ღვთისმშობელმა ჩამიხუტა გულში და მზრუნველობა მაგრძნობინა.

ტაძრის წინამძღვარს მამა ბესარიონ სულხანიშვილს ვკითხე რჩევა და მისი ლოცვა-კურთხევით, გავბედე, მეუფისთვის მესანთლეობა მეთხოვა. მეუფემ დიდი სიამოვნებით დამადგინა სიონის ტაძრის მესანთლედ. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. რამდენიმე თვე ყოველდღე მოვდიოდი ტაძარში. მერე მეუფემ ერთი დღე მომცა დასვენებისთვის, განტვირთვისთვის. იმდენად მივეჩვიე აქაურობას, რომ უკვე ვეღარ ვძლებ ტაძრის გარეშე.

- ამ ტაძარში მოღვაწე უკრაინელ დედაზე რა იცით?

- მორწმუნენი როცა ტაძარში ვერ ხედავდნენ მონაზონს, მეკითხებოდნენ, სად არისო. უფრო მეტად შევიცანი ამ ქალბატონის მადლი, როცა უძლურებაში ყოფნისას შინ ვაკითხავდი. ამ ღვთისნიერმა ადამიანმა 50 წელი იმსახურა ბოლნისის სიონში. ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენამდე უვლიდა აქაურობას.

მეუღლესთან ერთად საკუთარი ხელით გაასუფთავა ტაძარი. ერთხანს აქაურობა ბოსლადაც ჰქონიათ გადაქცეული. ამ ქალბატონის წყალობით ტაძარი მოწესრიგდა. პროფესორმა გიორგი ჩუბინაშვილმა გამოარჩია ეს ქალბატონი აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფელში და ჩააბარა ტაძარი. მთელი არსებით ემსახურებოდა როგორც მომვლელი, დარაჯიც. ტაძარში მოსულებსაც უწევდა გიდობას. 1989 წელს ბოლნისის სიონში მამა ბესარიონი მობრძანდა და აღდგა წირვა-ლოცვა. მას შემდეგ დაახლოებით 25 წელი კვლავ გააგრძელა მოღვაწეობა. მეუფე ეფრემის ყურამდეც მივიდა მისი ღვაწლი, რამდენიმე თვის წინ მონაზვნად აღკვეცა და უწოდა დედა მარია. მოხუცებულობის გამო - 85 წლის გახლავთ - მოინდომა თავის სამშობლოში, უკრაინაში დაბრუნება. ღვთის შეწევნით, დღეს ვაგრძელებ მის საქმეს. შაბათ-კვირას სიონის ტაძარში სამეუფო წირვა-ლოცვა აღესრულება. ძალიან დიდი მადლი ტრიალებს ამ უძველეს ტაძარში. ასეთი დიდი მოცულობის ძველი ტაძარი საქართველოში არ მეგულება.

ვმადლობ უფალს, რომ ღირსი გამხადა, მცირედით ვემსახურო. ვიმსახურებ მანამდე, ვიდრე უფლის ნება იქნება. ალბათ, ამით შევეწევი ჩემს ოჯახს.

ტაძარში მრევლმა თანდათან იმატა. შაბათ-კვირას უფასო ავტობუსია დანიშნული. მომლოცველი ბოლნისის სიონს არასდროს აკლდა. დღესაც რომ მოდიან, ვცდილობ, ავუხსნა ამ უდიდესი წარსულის მქონე ტაძრის ისტორია.

მეუფე ეფრემმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანა ეკლესია-მონასტრების ამოქმედებაში, მრევლის გაძლიერებაში. ეპარქიაში სასულიერო პირებიც მოგვემატნენ, რაც მთავარია, წმინდა ელიას მთაზე ძველი ტაძრის საძირკველზე შენდება წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი. ჯვრებიც აღმართა მეუფემ. ხალხის თანადგომით, შემოწირულობებით დიდ ღვაწლს ეწევა ჩვენი მეუფე. ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მღვდელმთავარი ჰყავს ბოლნისის ეპარქიას.
ბეჭდვა
1კ1