მე საქართველოს ველაპარაკე...
მე საქართველოს ველაპარაკე...
* დღეს საქართველოს ველაპარაკე...

და ვკითხე: როგორი სუნი აქვს სიყვარულს?

და მიპასუხა: მოდი, უსუნე ჩემს მიწას და მიხვდები...

დღეს საქართველოს ველაპარაკე...

და ვკითხე: როგორ ლაპარაკობს სიყვარული?

და მიპასუხა: მომისმინე...

დღეს საქართველოს ველაპარაკე...

- გეშინია?

- მოდი, დაადე ხელი ჩემს გულს...

საქართველომ თბილი, ბებერი ხელი მომიჭირა... წლებით გამთბარი, დაღლილი გული ძლივსღა ფეთქავდა...

- ნუ ტირი, საქართველო!!!

და მე საქართველოს გულს ვგრძნობდი... თბილს, მოხუცს, ძლივსღა რომ ფეთქავს...

- მითხარი, ქართველო, გიყვარვარ?

- მიყვარხარ, საქართველო!..

მიყვარხარ, საქართველო!..

გვიყვარხარ, საქართველო!..

* საქართველო, შენ ყველაზე ლამაზი ხარ, მაგრამ დაჩაგრული საკუთარი ხალხისგან. ალბათ, ერთხელ გაგიმართლებს და ქუჩაში ნაგავს აღარ დავყრით, აღარც ვიომებთ...

საქართველო, მიყვარხარ!

* ყველაფერი უფერულია საქართველოსგან შორს: ცა ცისფერია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც საქართველოში... ეს მთებიც ლამაზია... ტბას გადავხედე... ოკეანესაც... არა, ჩემი შავი ზღვა უფრო ლამაზია-მეთქი, გავიფიქრე. ბუხარში დანთებულ ცეცხლს ვუყურებ და ვფიქრობ: არა, ჩემს ბუხარში ცეცხლი სხვანაირად გიზგიზებს-მეთქი. წვიმის წვეთები მეცემა და ვფიქრობ: ბათუმის წვიმა უფრო საყვარლად წკაპუნობს... მიწას შევეხე და შევნიშნე - საქართველოს მიწას სულ სხვანაირი სუნი ასდის. ჩემი საქართველო, ჩემი მიწა-წყალი... იქ ვსუნთქავ თავისუფლად, იქ ჩემი სახლია, ის ჩემი სულის ნაწილია...

ასეთ საქართველოს ყიდიან?!

* დაჭიანებული ვაშლივით საქართველო შეგვხვდა, ოღონდ მარტო დაჭიანებული კი არა, აი, კარგა გვარიანად შემოჭმულიც, კურკებიღაა დარჩენილი...

მაგრამ თქვენ არ იჯავროთ - ეს კურკები, მთავარია, სველ, მიმზიდველ და ნაყოფიერ მიწაში მოხვდეს და აღმოცენდება მშვენიერი ვაშლის ხე, რომელიც უამრავ ნაყოფს გამოისხამს და ყველას ეყოფა.

* ესაა საქმე?! ყველაფერს ყიდიან! ეეჰ, ნიკო ლორთქიფანიძე გამახსენდა... გაყიდეთ ბარემ ყველაფერი, რასაც საქართველო ჰქვია...

* ჩემი ოცნების საქართველო ერთიანია არა მარტო ტერიტორიით, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ხალხის სულისკვეთებით... ჩემი ოცნების სამშობლოში ხალხის ნება ყველაზე ძლიერია. იქ არაა ეგოიზმი და პირველობისკენ სწრაფვის ასეთი ავადმყოფური სურვილი. იქ ყველა მზადაა, საკუთარი სიცოცხლეც დათმოს თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. თავისუფლება სამრეკლოს დიდი ზარია და ყველას სულთა ზეიმზე უხმობს...

შესაძლოა ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა, წარმოსახვაა, მაგრამ სად გადის ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის? რეალობა ფიზიკური თვალით აღიქმება, წარმოსახული - გონების თვალით...

* ჯერ ქართველი უნდა შეიცვალოს და მერე შეიძლება ფიქრი უკეთეს საქართველოზე...

* არ მომწონს, ადამიანები ერთმანეთის მიმართ გულგრილნი რომ გახდნენ. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და სახელმწიფო ინტერესებს არაფრად აგდებენ. ყველა ზრუნავს, ყველა შრომობს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახისთვის... ავიწყდებათ, რომ საქართველო ჩვენი დიდი ოჯახია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, გვიყვარდეს...

* მე რომ მხატვარი ვიყო, მთელ საქართველოს შემოვივლიდი, ყველა ძველ ეკლესიას, ციხესიმაგრესა და კოშკს, ყველა ლამაზ ადგილს დავხატავდი... დავხატავდი საქმიან მოხუცებს, ვაზს, მუხას... მერე კი ყველას ერთად გამოვფენდი და ჩემი ოცნების საქართველოც ეს იქნებოდა...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1