დედიკო, ჩვენი თავი რომ გაჩუქა ღმერთმა, ეს რომელი სიკეთის გამო დაიმსახურე?
დედიკო, ჩვენი თავი რომ გაჩუქა ღმერთმა, ეს რომელი სიკეთის გამო დაიმსახურე?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მრავალშვილიანობას მიიჩნევს. ამავე დროს, ბრძანებს, რომ საქმე მხოლოდ სიმრავლე არ არის, დიდი მნიშვნელობა აქვს შვილების ჯანსაღი სულიერი ფასეულობებით აღზრდასაც, რაც, უპირველესად, მშობლებს ეკისრებათ. მშობელთა კეთილი მაგალითი ბავშვებს დიდად ეხმარება. ამის შესახებ მამა პაისი ათონელი წერს: ,,დღეს სტუმრები მყავდა: ორი პატარა გოგონა, მშობლებთან ერთად. რამდენი სიხარული მომიტანეს ამ პაწაწინებმა! ანგელოზებივით იყვნენ. გვერდიგვერდ ისხდნენ და კაბის კალთით პატარა მუხლებს იფარავდნენ. როგორი რიდი და პატივისცემა ჰქონდათ! ხედავდნენ, როგორ იქცეოდნენ მათი ღვთისმოსავი მშობლები. მათი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, კეთილგონიერი საქციელი, ლოცვა და სხვა მისთანანი აღიბეჭდება შვილების სულზე. ამიტომაც ვამბობ, თუ მშობლები შვილებს ღვთისმოსაობას გადასცემენ, ეს იქნება საუკეთესო მემკვიდრეობა".

გიორგი თოიძესა და ეკა გვასალიას ჯერ მხოლოდ სამი შვილი ჰყავთ: ანა, მარიამი და მართა, რომელთაც დიდი სიყვარულითა და სინაზით ზრდიან. ქრისტიანული ცხოვრების, ღვთისადმი მინდობის, სათნოების, კეთილკრძალულების, ურთიერთპატივისცემის მაგალითს, უწინარესად, თავად აძლევენ მათ. უჭირთ თუ ულხინთ, ადიდებენ ღმერთს, არასოდეს დრტვინავენ, რადგანაც მინდობილნი არიან უფალს და ყველაფერში მისი იმედი აქვთ. მათ ოჯახში მუდამ სიმშვიდე, სიხალისე და იდილიაა. სწამთ, ,,თუ ადამიანი მხოლოდ ზეციური სასუფევლის მოპოვებას ცდილობს, მას სხვა დანარჩენიც მიეცემა". ცდილობენ, ეს რწმენა გადასცენ შვილებს და თავადაც ამ რწმენის თანახმად იცხოვრონ. ფიქრობენ, ახლა უფრო მეტი მოეთხოვებათ, რადგანაც პატრიარქის ნათლულის მშობლები არიან.

ეკა: - დედის მხნეობაზე, სულიერ განწყობასა და შემართებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დედა საყრდენია ბავშვებისთვის. როდესაც ბავშვები თვალებში შემოგცქერიან, უფლება არა გაქვს, ცუდად იყო. ისინი ყველაფერს გრძნობენ, ჯერ კიდევ მუცელშივე. ბავშვებზე ცუდად მოქმედებს, როდესაც არ დგახარ მყარად, არა ხარ სულიერად მობილიზებული. ამ დროს მათ შიში იპყრობს. კლდესავით უნდა იდგე. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ძალასა და მხნეობას გმატებს, არ გაძლევს მოდუნების უფლებას. მხოლოდ სხვისთვის ცხოვრებაა გადამრჩენელი - "რასაცა გასცემ შენია, რასც არა - დაკარგულია". თავგანწირვა დიდი ბედნიერებაა და სიხარულის განცდა სდევს თან. ის შეიძლება გვიან, მაგრამ მაინც მოიტანს შედეგს.

ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რომელიც მშობლებმა შეიძლება შვილებს დაუტოვონ, ეს არის ქრისტიანული ცხოვრება. უფროსი შვილი, ანანო რომ შეგვეძინა, ჯერ კიდევ არ ვცხოვრობდით ეკლესიურად, არ გვყავდა მოძღვარი. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი მეგობრის წყალობით დავუახლოვდით მცხეთის ჯვრის მონასტრის იღუმენს - მამა მიქაელს, რომელიც ჩვენი ოჯახის მოძღვარი გახდა. მას მოვანათვლინეთ მეორე შვილი, მარიამი.

წირვა-ლოცვაზე ხშირად დასწრება, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა განიჭებს მადლს, რომელიც უპირველესად სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში გეხმარება. ამიტომ, როცა მოუცლელობის ანდა სხვა წვრილმანი მიზეზების გამო წირვა-ლოცვას ვაცდენ, მოუსვენრობა მიპყრობს. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც მაშინვე აირეკლება. უფრო დაუცველები ხდებიან, ავადმყოფობაც ერევათ. დაკვირვებული ვარ, როდესაც დილით გულიანად ვილოცებ, მთელი დღის მანძილზე მხნე, ენერგიული და ხალისიანი ვარ. ხალისს მიათკეცებს ისიც, რომ უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ჩემს შვილებს რომ ვხედავ. შვილი ალბათ ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარია ადამიანისათვის.

KARIBCHEსაერთოდ, რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს და რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მით უფრო სავსე ხარ სიყვარულით. საპასუხო სიყვარულსაც ხომ გრძნობ. პირველი ორი შვილის გაზრდაში ძალიან დამეხმარა ჩემი დედამთილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული! ბოლო ხანებში მძიმედ იყო ავად. მადლიერი ვარ ღმერთისა, რომ მომეცა საშუალება, მისი სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მისთვის მომევლო. ერთხელ ძილის წინ ბავშვებს ვუკითხავდი მოთხრობას, რომელიც იყო იმაზე, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება უკვალოდ და იგი ყოველთვის ჯილდოვდება ღვთაებრივი საჩუქრით. ამასთან დაკავშირებით ჩემმა ერთ-ერთმა გოგონამ მითხრა: ,,დედიკო, ალბათ იმ სიკეთის გამო, რაც შენ ბებოს გაუკეთე, ღმერთმა დაგაჯილდოვა იმით, რომ მართა გაჩუქა. ჩვენი თავი რომ გაჩუქა ღმერთმა, ეს რომელი სიკეთის გამო დაიმსახურეო?" საოცარია, ხშირად ბავშვები ისეთ შეკითხვას დაგისვამენ, რაც მართლაც დამაფიქრებელია. ვიმსახურებთ კი ზოგჯერ საჩუქარს?

მაგრამ შვილები, საჩუქართან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ ბავშვებს, რომ მათ მშვიდად განვლონ ეს ცხოვრება. უნდა შეიძინონ ის სულიერი საზრდო, რაც მათ დაბრკოლებების დაძლევაში დაეხმარებათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირად მაგალითს, რადგან ძალდატანებით ვერაფერს ასწავლი. დედ-მამის ურთიერთობა და ერთმანეთთან დამოკიდებულება პირდაპირ აისახება ბავშვების ფსიქიკაზე. ელემენტარული რაღაცაც კი განწყობას ქმნის ოჯახში. ბავშვი ხომ ოჯახის სარკეა. ვფიქრობ, თუ ბავშვი ცუდად იქცევა და ურჩობს, ამის მიზეზი ოჯახში არსებობს. პატარამ არ უნდა დაინახოს მშობლების კონფლიქტი, არ უნდა მოისმინოს მათი ურიგო საუბარი, ჩხუბი. მშობელთა მოურიდებელი და უტაქტო დამოკიდებულება ერთმანეთთან დაღს ასვამს შვილებს. ეს ტრავმა ხანდახან მთელი სიცოცხლე მიჰყვებათ ხოლმე. ჩემი მეუღლე სამსახურიდან ხშირად დაღლილი ბრუნდება. კარებთან ყველანი ვეგებებით ხოლმე. ხანდახან, როცა ვერ ვახერხებ კარებთან მისვლას, ვთქვათ, პატარას ვაძინებ, გოგონები ჯიუტად ცდილობენ კარებთან მიმიყვანონ, კაბის კალთაზე მექაჩებიან. მიხარია, რომ ცდილობენ, მამა გაახარონ, გრძნობენ, რომ დაღლილია და სურთ დაეხმარონ დაღლილობისა და სტრესის მოხსნაში. ჩვენც, უფროსები, ვცდილობთ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის, ერთმანეთის სისუსტეებისადმი მიმტევებლობის მაგალითი მივცეთ მათ. ჩვენს ურთიერთობაში ყოველგვარი უხეში ტონიც კი გამორიცხულია. ბავშვები საოცრად მგრძნობიარენი არიან სიტყვების მიმართ. ნათქვამია, როგორც ნატყორცნ ისარს ვერ დაიბრუნებ, ისევე - ნათქვამ სიტყვასო. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, სიტყვამოზომვით ვილაპარაკოთ.

მართას გაზრდაში ორივე გოგონა მეხმარება. ზრუნავენ მასზე, ეფერებიან, მფარველობენ, გულში იხუტებენ. ხანდახან ჩხუბიც კი მოსდით, არა მე მოვეფერები და არა - მეო. გოგონები სამრევლო სკოლაში დამყავს. ძალიან მადლიერი ვარ იქაური პედაგოგებისა, რომლებიც ცოდნასთან ერთად ღმერთის სიყვარულსა და რწმენას უნერგავენ პატარებს.

მართას დაბადებამ ჩვენი ოჯახური ცხოვრება უფრო საინტერესო და ლამაზი გახადა. უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ტელევიზორით შევიტყე ჩვენი პატრიარქის ამ უაღრესად სასიკეთო ინიციატივის შესახებ. ენით ვერ გამოვთქვამ იმ გრძნობას, რომელიც იმ დროს დამეუფლა. ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, რადგან ეს სტატისტიკამაც დაადასტურა, რომ საქართველოში ამ ფაქტის შემდეგ მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვმა იმატა. ღმერთმა ქნას, რომ უფრო მოიმატოს, რადგან ამის გარეშე ვერ გადარჩება ჩვენი ქვეყანა. დღეს ეს არის გმირობა, უპირველესად, რწმენისა, რადგან ღვთის რწმენა სხვაგვარ აზროვნებას, სხვაგვარ თვალს განიჭებს და ბევრსაც გაბედვინებს. ერთი შვილი რომ მყავდა, მაშინ უფრო მიჭირდა, ბევრს ვწუწუნებდი, ვდრტვინავდი, ხშირად ვიღლებოდი, ბევრი რამით უკმაყოფილო ვიყავი. ახლა კი ჩიტივით დავფრინავ. უფლის მფარველობის განცდა მაქვს. პრობლემები და საზრუნავები, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის და იქნება, მაგარამ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, როგორ შევხედავთ მათ. ,,მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ".

მადლობელი ვარ უპირველესად ღვთისა და შემდეგ ჩვენი პატრიარქისა, რომელიც მუდამ მამობრივ მზრუნველობას იჩენს თავისი ერის მიმართ და გვაჯილდოებს ღვთაებრივი სიყვარულითა და კურთხევით.
ბეჭდვა
1კ1