თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცით, თითქოს ქართული მიწა ფეხისგულებს გვწვავდა... ვერ ავიტანეთ დისკომფორტი...
თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცით, თითქოს ქართული მიწა ფეხისგულებს გვწვავდა... ვერ ავიტანეთ დისკომფორტი...
იბრძოლეთ თქვენი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ომია - თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი...
ილია II

* ჩემთვის ამ ფორუმში შემოსვლა სითბო და სიყვარულია, ტკივილი და დარდიცაა და მას, ვისაც თუნდაც ერთი კვირა გაუტარებია უცხოთა ქვეყანაში, არ უნდა ეუცხოოს ეს გრძნობა. აქ ვხუმრობ და ვიცრემლები კიდეც; აქ ვსაუბრობ ათას სისულელესა და ფრიად სერიოზულ საკითხებზე. აქ გადავუშლით დამძიმებულ გულებს და შემოვუძახებთ ერთმანეთს... და ასე - დაუსრულებლად!

ღმერთმა ნუმც მომიშალოს!

* საინტერესო და გულზე მალამოსავით დასადები საიტია!

უკვე 10 წელია, საქართველოში აღარ ვცხოვრობ და, ხასიათს ვინ ჩივის, გვარიც აღარ მაქვს ქართული... გადაჯიშებაა, აბა, რა! ფერეიდნელებისგან განსხვავებით, მე ჩემი სურვილით წამოვედი საქართველოდან, როგორც ბევრი სხვა ქართველი. ყველა თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცით, თითქოს ქართული მიწა ფეხისგულებს გვწვავდა... ვერ ავიტანეთ დისკომფორტი... გულში ყოველთვის მოღალატედ ვთვლიდი თავს და ყველა იმ ქართველს, ვინც უცხოეთში ვცხოვრობთ და შორიდან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

იყო დრო, ქართველებს სტამბოლის ბაზარზე ყიდიდნენ, ახლა კი ჩვენი ფეხით გავრბივართ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან. განა ვიცით წამსვლელებმა, რომ სანამ ჩვენი თვითმფრინავი აფრინდება თბილისის აეროპორტიდან, მშობლები და ახლობლები მოსაცდელში დგანან, მდუმარედ უყურებენ თვითმფრინავს, იცრემლებიან და პირჯვარს იწერენ? განა ვიცით ჩვენ, მხიარულად რომ ვსხდებით თვითმფრინავში და შვებით ამოვისუნთქავთ - "გვეშველაო", ჩვენს თვითმფრინავს ჩვენი ახლობლების თვალცრემლიანი, სიყვარულიანი მზერა რომ მოსდევს, სანამ ღრუბლებში გაუჩინარდება? უკან მოვიტოვებთ სისხლსა და ხორცს... სიყვარულით სავსე გულებს...

წლების მერე მხიარულები უკან ვბრუნდებით, იმავე აეროპორტში გვხვდება იგივე ხალხი, ჩვენზე დარდსა და მოლოდინში გაჭაღარავებული და დაბერებული... ჩვენ უკვე პრაქტიკულები, მიზანდასახულები და კრიტიკულები ვართ. სერიოზული სახით ვაკრიტიკებთ ქართულ მენტალიტეტს და ქართულ ტრადიციებს...

* საკუთარი ადგილი თვითონვე უნდა იპოვო!

ეს ჩვენს ქვეყანაში უფრო ძნელია ალბათ, ვიდრე სხვაგან. თუმცა ნიჭიერი ადამიანი აუცილებლად იპოვის ადგილს საკუთარ ქვეყანაში!

და ერთიც: ბევრგან ვყოფილვარ და ბევრი ქვეყნით აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ მივხვდი, რომ არსად ასეთი ძლიერი არ ვარ, როგორიც საკუთარ ქვეყანაში. ასევე, რაც არ უნდა კარგად ვიცოდე სხვა ენა, ჩემს ენაზე რასაც ვიტყვი, ლამაზი, ძველი სიტყვებით, ხატოვნად, სრულიად მარტივად და დაუძაბავად, ისე სხვა ენაზე ვერასოდეს ვისაუბრებ.

* საქართველოდან განათლების მისაღებად წამოვედი. ერთს ვურჩევდი ყველას, ვისაც სასწავლებლად წამოსვლა გადაუწყვეტია: წამოდით და ისწავლეთ, მაგრამ ის განათლება, რასაც მიიღებთ, ისევ საქართველოს მოახმარეთ.

* ვაკეთოთ ჩვენი საქმე, როგორც შეგვიძლია - ესაა თითოეულის წვლილი საქართველოს შენებაში. მე ვაკეთებ იმას, რაც მართალი მგონია ხალხისა და ღმერთის წინაშე. მალე საქართველოში დავბრუნდები, ვიმუშავებ. რაც ვისწავლე - ახალგაზრდებს ვასწავლი... და სულაც არ ვთვლი, რომ საქართველოში ჩამოსულს სათბურის პირობები უნდა შემიქმნან, რადგან დისერტაცია თუ დიპლომი საზღვარგარეთ მივიღე.

მოკლედ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და აღვზარდოთ ბავშვები ქართული სულისკვეთებით, თორემ ზოგს ქართული უკვე აღარ ეხერხება...

* სულ სხვაა, როცა მშობლიურ წრეში ცხოვრობ და მოღვაწეობ - ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ბევრ ერს კი სამშობლო არ გააჩნია... მენატრება ჩემი თბილისი, ჩემი სოფელი, მიყვარს ჩემი ჯიგარი გლეხი ხალხი...

* გახსოვდეთ, ქართველნო, რომ ამქვეყნად ერთადერთი საქართველოა და ისიც ჩვენ გვარგუნა ღმერთმა!

* მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება, მაგრამ მინდა, ამ გაბრწყინების განთიადს ჩვენც შევმატოთ პააატარა სხივები და იქნებ იმ განთიადის განთიადს მაინც მოვესწროთ.

სულ ეს არის, ჩემო კარგებო, ჩვენი პატრიოტიზმი კი, მოდით, ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმის მუხლჩაუხრელი კეთებით დავამტკიცოთ. თუკი ამას რწმენასა და იმედსაც დავურთავთ, მერწმუნეთ, ზემოხსენებული განთიადი თითოეული ჩვენგანის სულში დაიწყება.

* თუ ჩვენ არ ვჭირდებით - ჩვენ გვჭირდება საქართველო!

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1