ჩვეულებები, რომლებიც წინაპართა ქრისტიანული სულითაა გამსჭვალული
ჩვეულებები, რომლებიც წინაპართა ქრისტიანული სულითაა გამსჭვალული
აჭარის მთიანეთში, ხულოს რაიონში, შემორჩენილია ჩვეულებები, რომლებიც წინაპართა ქრისტიანული სულითაა გამსჭვალული. გვინდა, ცოტა რამ მოგითხროთ მათ შესახებ, რადგან მოგეხსენებათ, როგორია დღევანდელი სინამდვილე ამ კუთხისა, სადაც პირველად დაირწა ჩვენი სულიერად შობის აკვანი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად აგვისტოს თვეს დღემდე შემორჩა მარიობის ანუ მარიამობის სახელი. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ბეშუმში ერთ-ერთი ქედელი ქალბატონის საუბარი, რომელიც იანვარს გაცხადებისთვედ იხსენიებდა. ეს სიტყვა თურმე ბებიისგან გაეგო. მხოლოდ სულიერებით აღსავსე ქართველებს შეეძლოთ, ასე ზუსტად შეერჩიათ წელიწადის პირველი თვისთვის სახარებისეული ჭეშმარიტებით ნასაზრდოები სახელი - აკი სწორედ იანვარში იღო ნათელი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ვითარცა ძე ღვთისა განუცხადდა კაცობრიობას.

ასევე გაცხადებული, მაგრამ გარკვეულწილად გაუცნობიერებელი სიმბოლოა რკინის ჯვარი, ჯვარი ქედი, ლოდნარის ჯვარი. ჯვარი გამოისახება წინდებზე, ტანისამოსზე, ფარდაგებზე. ის ამშვენებს თითქმის ყველანაირ ნახელავს.

მთაში დღესაც ცოცხალია ნეფე-დედოფლის ოჯახში შებრძანებისას მათი გადაჯვარედინებულ დანებქვეშ გატარების ჩვეულება. ეს რიტუალი ძველი ქართული გადაჯვარედინებულ ხმლებქვეშ გატარების ანალოგს წარმოადგენს, მაგრამ იმედია, მომავალში ის უკეთ გაცნობიერებულ მნიშვნელობას შეიძენს.

1997 წელს ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში მამამთილი გარდამეცვალა. მიცვალებული მაჰმადიანური წესით დაიკრძალა. ჩემი მართლმადიდებლური მრწამსის გამო არ დავსწრებივარ იმ საკითხავებს, რომლებსაც მოლა კითხულობდა, შემდეგ კი ასეთი რიტუალის მოწმე გავხდი: მეზობელმა ქალბატონმა ასტამზე დადებული ნახშირით საკმევლით სამჯერ უკმია გარშემო მიცვალებულს. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალბატონ თამარ მელაძეს ვთხოვე, აეხსნა ამ რიტუალის მნიშვნელობა. ქალბატონმა თამარმა მითხრა: "63 წლის ქალი ვარ. დედა ადრე გარდამეცვალა. თუ რაიმე ვიცი, მამაჩემისგან მისწავლია. ეს წესი ძველებიდან მოდის. ნაკვერჩხალს დავაყრით ფიჭვის საკმეველს, - ფიჭვისას იმიტომ, რომ უფრო სურნელოვანია, - მოვაყრით უკვდავა ყვავილსაც და ასე ვუკმევთ მიცვალებულს სამჯერ მარჯვნიდან მარცხნივ. ამას ოჯახის ახლობელი აკეთებს, მეტწილად ქალი, მაგრამ შეიძლება კაცმაც გააკეთოს. გადმოცემით ვიცი ისიც, რომ საკმევი და ნახშირი იცავს მიცვალებულს ქვეწარმავლებისგანო".

ქრისტიანს არ გაუჭირდება, დაინახოს ამ რიტუალის მსგავსება ქრისტიანულ წესის აგებასთან: მღვდელი გუნდრუკით (რომელშიც ნახშირი და საკმეველია) ხელში სამჯერ უკმევს მიცვალებულს.

ჩემი მეუღლე ვახტანგ აბულაძე იხსენებს: "ბავშვობაში ყოველ ძველით ახალ წელს, გამთენიისას, უნაყოფო ხესთან ცულით ხელში დადგებოდა ოჯახის წევრი და სამჯერ დაიძახებდა: "უნდა მოვჭრა". სახლიდან სამჯერვე უპასუხებდნენ: "არ მოჭრა. ვაცალოთ ერთი წელიც, იქნებ მოისხას". ეს რიტუალი ხალხში უნაყოფო ხის დაშინების სახელითაა ცნობილი. ის უთუოდ ძველით ახალ წელს უნდა შესრულებულიყო". წმინდა სახარებაში (ლუკა 13:6-9) ვკითხულობთ: "ლეღვ ვისმე ედგა ნერგი სავენახესა თვისსა; მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა. და ჰრქვა ვენახის მოქმედსა მას: "აჰა ესერა სამი წელი არს, ვინაითგან მოვალ და ვეძიებ ლეღვსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკვეთე ეგე, რაისათვის ქვეყანაიცა დაუპყრიეს უქმად". ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: "უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდის მოუთოხნო მას გარშემო და სკორე დაუდვა, ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი".

ვინმეზე განაწყენებული ჩემი დედამთილისგან გამიგონია: "ის ამოსაბარძიმებელი!", "მაგას ხომ არ უნდა, ამოვაბარძიმო!" რა უნდა ითქვას ღვთისაგან აკრძალულ წყევლაზე კარგი, მაგრამ როდესაც პირველად გავიგონე დედამთილისაგან, ერთი მხრივ, მესიამოვნა კიდეც, თუმცა, როცა მისი მნიშვნელობა გავიაზრე, გულიც დამწყდა. ეს წყევლა ადამიანის დედაბუდიანად ამოწყვეტას, განადგურებას ნიშნავს, მაგრამ ის შეიძლება აიხსნას სხვა მნიშვნელობითაც, როგორიცაა უზიარებლად დარჩენა, რაც სულიერად სიკვდილის ტოლფასია. აქვე მინდა გავიხსენო ბარძიმთან დაკავშირებული სამეგრელოში ცნობილი წყევლის ფორმულა: "პაპაშ ზიარებას ვამოჭიშაფუდა" - "მღვდლის ზიარებას არ მოსწრებოდეო". "ამობარძიმებაც" იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უზიარებლობისთვის, სულიერი და ფიზიკური განადგურებისთვის გვემეტება.

სოფელ ვაშლოვანში არის ადგილი, რომელსაც საყდარი ჰქვია. ლევან აბულაძე (სოფელი ვაშლოვანი) იხსენებს: "ჩემი ბებია და ბაბუა ხშირად იხედებოდნენ იმ სერისკენ, სადაც უწინ საყდარი იდგა და იტყოდნენ, იწვიმებსო. ჩავეძიებოდით ბავშვები, ამ მზიან ამინდში მაინც საიდან ხვდებით, რომ იწვიმებსო? მოკლედ გვპასუხობდნენ: შეითნებმა სარეცხი გაფინეს და იქიდანო".

სარეცხისა რა მოგახსენოთ და დღევანდელი თვალთახედვით რატომღაც მგონია, ეს იყო მათი გენეტიკური ხედვა, რწმენისმიერი ლტოლვა იმ ადგილისკენ, რასაც საყდარი ჰქვია, ისლამური ბურუსი კი "შეითნების სარეცხია", სხვა ტაძრების მსგავსად "ძინძეს" საყდარმაც რომ გაიზიარა. იქნებ ამიტომაც მოედინება წვიმებად მეხსიერებაში წინაპართა აცრემლებული სული...

დასასრულ, მინდა გავიხსენო ერთ-ერთი აჭარელის ოჯახში სტუმრობა. სოფელი ელელიძეები მაღალ მთაზეა გაშენებული. სოფლის განაპირა ადგილს ნამონასტრევი ჰქვია. ოჯახში ყოფნისას ჩემი ყურადღება მიიქცია კედლის ნაქარგობამ, რომელზეც სათუთად ამოექარგათ ანგელოზები, მტრედები, მამალი, წმინდა ბარძიმი კოვზით. მამლის ხილვამ წმინდა პეტრე მოციქულის ცრემლები გამახსენა, ანგელოზებმა და წმინდა ბარძიმმა კი - საიდუმლო სერობაზე უფლის ერთგულებაში ურთიერთის მოცილე მოციქულები.

დაე, თითოეული აჭარელი, წმინდა პეტრე მოციქულისაებრ სინანულით აცრემლებული, უფლის სისხლისა და ხორცის მოზიარე გვეხილოს, რაც ქართული გენისა და დიდებული წარსულის გამართლება იქნება. იმედის საფუძველს გვაძლევს მომავალი თაობაც - აჭარის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონის, ხულოს, აბუსერისძე ტბელის სახელობის გიმნაზიის აღსაზრდელები და პედაგოგიური კოლექტივი, რომელთა ღვაწლს ერთგული მოძღვრის დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევა ახლავს თან, რათა გაცხადდეს ყოველი დაფარული და ყოველი დაცემული აღდგეს.

მოამზადა
ირინაქი (იზოლდა) კვირკველიამ
ბეჭდვა
1კ1