მინდა ბოლომდე შევინარჩუნოთ წინაპართა დანატოვარი
მინდა ბოლომდე შევინარჩუნოთ წინაპართა დანატოვარი
- ემიგრანტობა არც ტრაგედიაა და არც სირცხვილი, - ასე დაიწყო საუბარი ირინა მათურელმა, რომელიც რამდენიმე წელია საბერძნეთში ცხოვრობს. ირინა ექიმია და ათენში ამ პროფესიითაც მუშაობს. ამ ქალაქში, ქართული კულტურის ცენტრში, ქართველი ექიმისთვის საგანგებოდაა გამოყოფილი ოთახი. მასთან მისული ქართველი ემიგრანტები, სიტყვიერ კურნებასთან ერთად, ფიზიკურ კურნებასაც იღებენ. ირინა 30 წლისაა და ათენში საკმაოდ წარმატებული ქართველია. შეჭირვებულ ადამიანებს მადლსაც უხვად ურიგებს და ამით ღვთისგან უდიდეს წყალობასაც იღებს.

- უცხოეთში ყოფნით უდიდესი გამოცდილება შევიძინე, - მითხრა ირინამ, - უკეთესად ვისწავლე დროის ფასი. საქართველოში დროს თუ ზოგჯერ უქმად ვკარგავდი, აქ ამის უფლებაც არ მაქვს. ასეთი რეჟიმით ცხოვრებას თანდათან მივეჩვიე, რაც ძალიან მახარებს. როცა ადამიანი ემიგრანტობას გამოცდის, საკუთარ ქვეყანას მეტად დააფასებს.

- რთულია უცხოეთში საკუთარი თავის დამკვიდრება?

- ქართველების უმრავლესობა უცხოეთში არალეგალურად ცხოვრობს. მანდილოსნები ძირითადად ოჯახებში მუშაობენ. მამაკაცების მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რადგან აქ ძალიან რთულია მამაკაცის სამუშაოს პოვნა, უმრავლესობა მუდმივად სამუშაოს ძიებაშია. ძალიან ცოტა ახალგაზრდას სურს სწავლის გაგრძელება სხვადასხვა სასწავლებელში. ამის უმთავრესი მიზეზი მაინც მათი არალეგალური, არაოფიციალური მდგომარეობაა, ამიტომაც უფრო ოჯახებში მუშაობენ.

- არ გაგიჭირდათ ადგილის დამკვიდრება?


- ადგილის დამკვიდრებამდე კიდევ დიდი დრო მჭირდება. თუკი რაიმე ცოდნა გაქვს, თუნდაც გამოცდილება, და საქმისადმი პასუხისმგებელი და შრომისმოყვარე ხარ, ყველაფერი გიფასდება. თავიდან, ვიდრე სპეციალობით დავიწყებდი მუშაობას, ერთ-ერთ ოჯახში საკმაოდ მძიმე ავადმყოფ ქალბატონს ვუვლიდი. როცა გაიგეს, ექიმი ვიყავი, გაკვირვებულები მეკითხებოდნენ, სამშობლოში სამსახური რატომ ვერ იშოვეო. დროთა განმავლობაში, როცა აქაურების ნდობა დავიმსახურე, საკუთარი ადგილის დამკვიდრებაც ნელ-ნელა დავიწყე. ეს რთულია და ხანგრძლივ შრომასაც მოითხოვს.

რამდენიმე წელია, რაც ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრ "კავკასიაში" ვმუშაობ. არა მგონია, უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში იყოს მსგავსი ცენტრი. ჩვენს ცენტრში ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და კმაყოფილნიც რჩებიან. აღნიშნული ცენტრი დაახლოებით სამი წლის წინ დაარსდა. ცენტრში არსებული სტუდიებისა და კაბინეტების მუშაობა ემსახურება ნამდვილი ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ქართულ, ბერძნულ და მსოფლიო ისტორიასთან დაკავშირებით ლექციებს კითხულობს ჩვენი ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე. ამავე ცენტრში მოქმედებს რამდენიმე სტუდია - წმინდა ნინოს სახელობის ქართული ფოლკლორის, საეკლესიო, კლასიკური და საესტრადო მუსიკის სტუდია,Aასევე სამეჯლისო ცეკვების სტუდია "დიოსკურია". ახლახან დაარსდა ათენის ქართული დაწყებითი სკოლა-სტუდია "ანი და ბანი", რომელიც ქართველ ბავშვებს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის გაძლიერებულ სწავლებას სთავაზობს. აქტიურად მუშაობს ასევე კომპიუტერისა და უცხო ენების (ბერძნულის, ინგლისურის) შემსწავლელი კურსები. ცენტრშივეა დაფუძნებული ქართული სამედიცინო კონსულტაციის კაბინეტი, სადაც უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს სამი ექიმი. ეს უდიდესი დახმარებაა ქართველი ემიგრანტებისთვის. მათ საშუალება აქვთ უფასოდ მიიღონ სამედიცინო კონსულტაციები მშობლიურ ენაზე და უფასოდ მიიღონ საჭირო მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია. პირადად მე სამედიცინო კონსულტაციის კაბინეტში ვმუშაობ. თუკი პაციენტს ესაჭიროება სტაციონარული გამოკვლევა, ვგზავნით საავადმყოფოებში. პაციენტის კონსულტაცია და გასინჯვა სრულიად უსასყიდლოა. როცა ნებისმიერი ქართველი შემოდის ჩვენთან, უკვე ვხვდები, რა უჭირს. უმეტესობა დეპრესიას დანიცდის. ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ მიქაბერიძის დახმარებით, ვცდილობთ, ემიგრანტ ქართველებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ. ამ ბოლო დროს უფასო მედიკამენტებითაც ვეხმარებით, რაც უდიდესი დახმარებაა ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან.

ქართული კულტურის ცენტრი არის ადგილი, სადაც ქართველები ერთმანეთს სიტყვიერ თუ ფიზიკურ დახმარებას ვუწევთ. როცა საქართველოში ომი მიმდინარეობდა, აქაური ქართველები ამ მოვლენებს ძალიან განვიცდიდით. მუდამ იმაზე ვფიქრობდით, რითი გვენუგეშებინა თანამემამულენი და როგორ დავხმარებოდით მათ. დევნილი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა შევაგროვეთ და გამოვგზავნეთ.Aამაში უდიდესი დახმარება გაგვიწია ათენის ქართული კულტურის ცენტრმა, საკონსულომ და ათენში მოღვაწე ქართველმა მოძღვარმა, მამა თეიმურაზმა. მამა თეიმურაზი გვერდით უდგას თითოეულ ქართველს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

მომავალშიც ვფიქრობთ საქართველოში შეჭირვებულ, ასევე ომით დაზარალებულ ოჯახებს დეფიციტური მედიკამენტები გამოვუგზავნოთ.Aრამდენიმე ხნის წინ დაარსდა ქართული სკოლაც. სამწუხაროა, რომ ამ სკოლაში მოსული ქართველი ბავშვები მშობლიურ ენაზე ვერ მეტყველებენ. აქაური პედაგოგების დახმარებით ამ პრობლემასაც ვაგვარებთ. ქართული სკოლის დაარსების უმთავრესი მიზანია, ქართველი ემიგრანტების მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ყველაფერი ქართული. ქართულ ცენტრში ქართულ ფოლკლორს ეუფლებიან არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც. ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენთან ფანდურით ხელში დავინახე პატარა ბერძენი გოგონა.

იმდენად წააგავს აქაურობა საქართველოს, რომ ზოგჯერ მგონია, სამშობლოში ვარ. მსგავსებაა როგორც რელიგიური თვალსაზრისით, ასევე ადგილმდებარეობით და ხასიათებითაც. ძალიან ლამაზია აქაურობა. ყოველ ნაბიჯზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. აქ იმდენი სანახაობაა, რომ გული მწყდება, დროის უქონლობის გამო ბევრი რამ დღემდე არ მინახავს. რაც მთავარია, ყველა ბერძენს განსაკუთრებით უყვარს თავისი ქვეყანა და იცავს მის უფლებებსაც. ქართული კულტურის ცენტრის დახმარებით მოვინახულეთ ისტორიული ადგილები, მათ შორის აპოლონის ტაძარი. ვიყავით ასევე წმინდა ლუკას მონასტერში, ტიმოს კუნძულზე, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ეკლესიაა. აქაური ბერძნებისგან ვიცი, რომ თუკი განსაკუთრებულად შეევედრები ღვთისმშობელს და ტიმოს კუნძულს მოინახულებ, ყველა სურვილი შეგისრულდება. წელიწადში ერთხელ არის ტაძრის დღესასწაული, რომელზეც უამრავი მორწმუნე იკრიბება და მადლობას სწირავენ დედა ღვთისმშობელს. შობის დღესასწაულზე ხომ ტაძრები სავსეა მორწმუნე მრევლით.Aაქაურები როცა გაიგებენ, ქართველი ვარ, თანაც მართლმადიდებელი, ძალიან უხარიათ.

- გეხმარებათ ათენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია?

- საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია მართლაც დიდ სულიერ თუ ფიზიკურ დახმარებას გვიწევს. აქ მოღვაწეობს ქართველი მოძღვარი, მამა თეიმურაზი. შობის დღესასწაულზე ქართული კულტურის ცენტრმა ემიგრანტ ქართველებს საჩუქრები უძღვნა. ტაძარში წირვა-ლოცვას უამრავი ქართველი ესწრებოდა.

თავიდან, ვიდრე ტაძარს დაგვითმობდნენ, მამა თეიმურაზი ეკლესიის გვერდით მდებარე პატარა სარდაფში აღავლენდა ღვთისმსახურებას. მრევლი მაშინაც არ აკლდა, მაგრამ დროთა განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა. წმინდა პანტელეიმონის ტაძარში მამა თეიმურაზი ბერძენ მოძღვრებთან ერთად მსახურობს. ყოველ კვირას კი ქართველებისთვის წირვა-ლოცვას ქართულად აღავლენს.

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტებისთვის ქართული ტაძარი არის ერთადერთი ადგილი, სადაც აქ მყოფი ქართველების უმეტესობა დიდ ნუგეშს იღებს. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ერთი კვირა დღე აქვთ დასვენებისთვის და ცდილობენ, ტაძარში, უფალთან ყოფნით გალიონ. არის კიდევ ბერძნული ეკლესია, სადაც ოფიციალურად აქვს უფლება ქართველ მოძღვარს, ქართულად ჩაატაროს ღვთისმსახურება, რისთვისაც დიდ მადლობას ვწირავ უფალს.

- ირინა, შეგცვალათ უცხოეთში ხანგრძლივმა ცხოვრებამ?

- თავიდან ვერ ვამჩნევდი, მაგრამ როცა დედა ჩამოვიდა, უმალ შემამჩნია. წინანდელთან შედარებით ახლა უფრო მომთხოვნი გავხდი და პასუხისმგებლობის გრძნობა გამიათმაგდა. როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრობ, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ხარ და ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვა მარტოს გიწევს. ძალიან რთულია სხვა ქვეყანაში ცხოვრების თავიდან დაწყება. რთულია უცხო გარემოსთან, ხალხთან შეგუება. აქ ყოფნით დიდი გამოცდილებაც მივიღე.

- ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

- ძალიან მინდა, რომ აქ ჩამოსული ქართველი ახალგაზრდები არ აჰყვნენ უცხოური ცხოვრების წესს. მოგეხსენებათ, ჩვენები ადვილად გადადიან უცხოურ ყაიდაზე. სამწუხაროდ, აქ ისეთ ახალგაზრდებსაც შეხვდებით, ვინც მშობლებისგან დაუკითხავად წამოვიდნენ, ზოგს მშობლებიც არ ჰყავს. აქ უფრო თავისუფლებას გრძნობენ და ყველაფერ ცუდს ითვისებენ. ეს მართლაც დასანანია. თანაც ქართული ტრადიციებისთვის მიუღებელი. იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, საკუთარ შვილს გავუშვებდი თუ არა უცხოეთში. თუმცა, ვისაც სურს კარგად შეისწავლოს ამ ქვეყნის ცხოვრების წესი და დააფასოს საკუთარი ქვეყანა, ემიგრანტობა მართლაც უნდა გამოსცადოს. ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო, მესიზმრება კიდეც.

მოკრძალებულად მინდა ვუთხრა საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს - კარგად გაითავისონ საკუთარი ქვეყნის ფასი. მართლაც საამაყოა ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, კულტურა. მინდა ბოლომდე შევინარჩუნოთ წინაპართა დანატოვარი...
ბეჭდვა
1კ1