ძველი გზავნილები, რომლებსაც ავტორთა თითების სურნელი ასდის...
ძველი გზავნილები, რომლებსაც ავტორთა თითების სურნელი ასდის...
ეს ფრაგმენტები გასული საუკუნის ქართველ მამათა ხელით ნაწერი, გაცრეცილ ფურცლებზე მათ სუნთქვად დარჩენილი გზავნილებია. ზოგი მათგანი საოჯახო არქივებმა გადაარჩინა, ზოგიც - სულიერმა შვილებმა და მათმა შთამომავლებმა, თუმცა ამ მცირე ეპისტოლეთა დიდმა ნაწილმა ჩვენს თაობამდე ვერ მოაღწია - წუთისოფელი ისევე ემუხანათათ, როგორც მათ ავტორებს, ამა სოფლის ხორშაკ უდაბნოში წყაროდ რომ ექცნენ იმდროინდელ თუ დღევანდელ ადამიანებს.

არიან ისეთნი, რომელთა სახელები და წერილობითი დანატოვარი მეტ-ნაკლებად ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ ბევრის ცხოვრება ან ნაქადაგარი სრულიად მიჩქმალა და დაანაცრა დროთა დინებამ...

დღეს ამ გადარჩენილი მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ, სამომავლოდ კი შევეცდებით, უფრო ვრცელი და მრავალფეროვანი მასალა მოვიძიოთ და მოგაწოდოთ.

მოღვაწეობა ძალისაებრი შეიწირვის ღმრთისა მიერ. ამისთვისცა, უკუეთუ ვერ ძალგიძს, იქმნე, ვითარცა მზე, იქმენ, ვითარცა ვარსკვლავი; და ნუ იქმნები ხახა წუყვდიადისა უკუნისა.
დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე

ნუ ეძიებ მლიქვნელთაგან განდიდებას, რამეთუ არათუ განგადიდებს იგი, არამედ გამცრობს და გაკნინებს. თუალუხუავთა ბრძენთაგან შერისხვა უმჯობესად შერაცხე, ვიდრეღა ქება და დიდება პირმოთნისა და უგუნურისაგან.
არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია)

ბრძენი ისაა, ვინც საკუთარ უმეცრებას განიცდის და მოძღვარს ეძიებს, ხოლო თუ ვისმე სრულ სიბრძნეს მიწევნულად ეგულება თავი, ფრიად უმეცარი და საწყალობელია იგი.
წმინდა იოანე აღმსარებელი (მაისურაძე)

მრავალნი ეძიებენ სწავლებას, თუ რომელი სათნოებისაგან სხვა რომელი სათნოება იშვება, მისგან კი - კიდევ რომელი. საბოლოოდ, სურთ, გამოიძიონ, სადაა ძირი სათნოებათა და სადაა მწვერვალი და თავი; რომელია სათნოებათა შორის უმდაბლესი ანუ უმაღლესი. მე კი გეტყვით, და წმინდათა სწავლანიც მემოწმებიან, რომ ყველა სათნოება მწვერვალია! და როგორც ერთი რომელიმე მეორისაგან იშვება, ისე მეორისაგან - პირველი.

სათნოებანი, წმინდისა მაკარის მოძღვრებით, ერთმანეთსაა შენაწევრებული, როგორც სულიერი ჯაჭვი, ისინი ერთიერთისაგან იშვებიან და ურთიერთას განაძლიერებენ: სიყვარული - სიხარულს, სიხარული - სიმდაბლეს, სიმდაბლე - მსახურებას, მსახურება - სასოებას, სასოება - სარწმუნოებას, სარწმუნოება - მორჩილებას, მორჩილება - სიწრფოებას, სიწრფოება - კვალად სიყვარულს და ესრეთ დაუსრულებლად.

ეგრეთვე, ბოროტებათა მრავალი სახეც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ისინიც ერთმანეთისგან იშვებიან და განძლიერდებიან: გულისწყრომა - ამპარტავნებისაგან, ამპარტავნება - ცუდად მზვაობრობისაგან (ე.ი. უსაფუძვლო სიამაყისაგან), ცუდად მზვაობრობა - გულფიცხელობისაგან, გულფიცხელობა - უდებებისაგან (სიზარმაცისაგან), უდებება - სულმოკლეობისაგან, სულმოკლეობა - მოწყინებისაგან, მოწყინება - უთმინოებისაგან, უთმინოება - კვალად სიძულვილისაგან, და ესეც - ესრეთვე დაუსრულებლად. ერთი რომელიმე სახე ბოროტებისა სხვათა მსგავსთა შობს და განაძლიერებს.

უკუეთუ გსურს, მოიკვეთო რომელიმე ბოროტი ვნება, რომელიც მძლავრადაა შენში აღტკინებული (აგიზგიზებული), ნუუკვე (ვაითუ) მეყსეულად მისი ძლევა ვერ შეიძლო, მაგრამ თუ მოიკვეთ სხვა, უფრო მცირე ვნებებს, მათი დაშრეტა უდიდესი ვნების ალსაც ძალას მოაკლებს, და თანდათან შენი გულმოდგინებით ისიც განქარდება და უჩინო იქმნება.

მოღვაწენი თითოფერითა გზითა (ე.ი. სხვადასხვაგვარი საშუალებით) ააღორძინებენ (ზრდიან, ავითარებენ) თვისთა სათნოებათა: რომელსაცა უმეტესი სიმდაბლე აქუნდეს, სათნოება ესე აწევს მას მორჩილებადცა; ხოლო რომელსა მორჩილება ჰქონდის უმეტესი, მისი ესე სათნოება სიმდაბლედაც შეეწევა და სხვათაცა სისრულისა სახეთა მიმართ.

მოძღვარნი, რომელთაცა უწყიან მოწაფეთა თვისთა სულიერი ძალი, თუ რომელი სათნოება უმეტესად აქვთ და რომელი - უნაკლულოვანესად, ამისდა შემსგავსებულად (ამის შესაფერისად) ასწავებენ, რათა უმეტესმა სათნოებამ აღაორძინოს მათში სხვა რომელიმე უდარესი (უფრო მცირე) სიკეთე. ამისთვისცა სულიერი ამაღლების გზის დასაბამი ყოველსა მოღვაწესა სხვადასხვა აქვს, დასასრული კი ყოვლადვე მსგავსი ურთიერთას - სავსება და სისრულე მოღვაწებითა სათნოებათა.
არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე)

მედავითნე ნ. მურუსიძემ სთხოვა მიტროპოლიტ ნაომს (შავიანიძე):

- მოძღვართმოძღვარო, განგვიმარტე, საღმრთო ლიტურგიაზე ფსალმუნ-დასდებლის გალობის რომელი წესია მართებული: როდესაც ორი წმიდის საკითხავია დადებული, პირველი წარდგომის შემდეგ ზოგჯერ მეორე წარდგომასაც გალობენ მგალობელნი და ამითვე ამთავრებენ, ზოგჯერაც მეორე წარდგომის შემდეგ ისევ პირველი წარდგომის პირველ მუხლს უბრუნდებიან. სხვანი კიდევ სხვა წესებს მისდევენ. როგორ მოვიქცეთ ასეთი სხვადასხვაობის შემთხვევაში?

მოძღვარმა ნაომმა მიუგო:

- საღმრთო მსახურების ზოგადი წესი წმიდა პავლე მოციქულმა გამოთქვა: "ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდინ" (I კორინ. 14,40). ფსალმუნ-დასდებლის გალობის წესი ყველასთვის საერთოა: განწესებული მკითხველი წარდგომის მუხლებს წარიტყვის თანმიმდევრობით, მგალობელნი კი მუდამ პირველ მუხლს გალობენ. ბოლო მუხლი პირველი მუხლის გამეორებაა. მკითხველი ამ მუხლის პირველ ნახევარს წარიტყვის, ხოლო მგალობელნი განასრულებენ.

რაჟამს ორი ან სამი წმიდის საკითხავია დადებული, მკითხველი პირველი წარდგომის მუხლების შემდეგ მეორე და მესამე წარდგომის მუხლებსაც წარიტყვის, მგალობელნი კი მუდამ პირველი წარდგომის პირველ მუხლს გალობენ. მეორე და მესამე წარდგომის მუხლების დასრულების შემდეგ მკითხველი ისევ პირველი წარდგომის პირველ მუხლს წარიტყვის, რომელსაც მგალობელნი განასრულებენ. ასე რომ, რამდენი წარდგომაც უნდა წართქვას მკითხველმა, მგალობლებმა მუდამ პირველი წარდგომის პირველი მუხლი უნდა იგალობონ. ხამს, "ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდეს".
ბეჭდვა
1კ1