ძალა ერთობაშია, ჩემო ჭკვიანო და ლამაზო ქართველებო!..
ძალა ერთობაშია, ჩემო ჭკვიანო და ლამაზო ქართველებო!..
რამდენი ადამიანიც ცხოვრობს დედამიწაზე, იმდენი განსხვავებული აზრი არსებობს. ყველა ქართველი თუ არაქართველი სხვადასხვა თვალით უყურებს სამყაროს და ჩვენს ქვეყანას: ზოგი ფიქრობს, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი და საქართველო ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება, რაც სიამაყის საფუძველს გვაძლევს, ზოგი კი თვლის, რომ ქართველებში უარყოფითი თვისებები დადებითს სწონის...

* უფროსი თაობა სულ იმეორებს, რომ საბჭოთა კავშირში უკეთ ცხოვრობდნენ. რას ეძახით კარგად ცხოვრებას? უღმერთო სამყაროში ცხოვრებას თუ ყამირი მიწების ათვისებას? სწორედ საბჭოეთის დროიდან დაიწყო ეს აფხაზეთის ამბები, რასაც დღეს ვიმკით...

* 30 წლის ვარ და სისხლი მიდუღს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ტოლი და კიდევ უფრო ახალგაზრდა ბიჭები საქართველოს განთავისუფლებას შეეჭიდნენ... მეც მზად ვარ... მზად ვარ იმიტომ, რომ დღეს ჩემს ქართულ მიწაზე რუსი დგას და აფხაზეთიდან ლტოლვილ ჩემს ნათესავებს მშობლიურ კუთხეში არ უშვებს! სამშობლოს სადარაჯოზე ვიდგები, ასე იქნება ჩემი შვილიც, მანამ, სანამ საქართველო ოკუპანტებისგან არ გათავისუფლდება!

* ბიჭებო, თქვენ სისხლი გიდუღთ... მე, როგორც დედას, ნამდვილად არ მინდა ვნახო ჩემი შვილი ისე, როგორც აგვისტოში უწვერო ბიჭები ჩაიხოცნენ უმოწყალოდ...

* გასაგებია, რომ მაგრები ვართ; გასაგებია, რომ საოცარი ისტორია და კიდევ უფრო საოცარი გეოგრაფიული რესურსები გვაქვს; კარგია, რომ სტუმართმოყვარეები ვართ; გასაგებია, რომ გვყავდა დავით აღმაშენებელი, კონსტანტინე გამსახურდია და რომ მართლმადიდებლები ვართ, მაგრამ საკითხავია - რას დავუტოვებთ მომავალ თაობას ან დღეს რით უნდა ვამაყობდეთ? იქნებ იმით, რომ ბრბოს ფსიქოლოგია გვაქვს? თუ ისაა საამაყო, ხალხი რომ იხოცებოდა და საფლავებს ვერ უთხრიდნენ ახლობლები, ამ დროს კი ნახევარი საქართველო თბილისში კონცერტზე იდგა და მხიარულად მღეროდა?..

* ილიელობა, თუნდაც მარტო სიტყვით, ძალიან კარგია, კარგია, მის ათას სიტყვაში ერთი მაინც თუ გწამს და აცნობიერებ. ენა, მამული, სარწმუნოება - ერთი რომ მაინც დაიცვა, პიროვნება იქნები... კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, მხოლოდ რწმენამ და წარსულის სიყვარულმა შემოგვინახა ქართველი ერი აქამდეო. ჰოდა, ჩვენც გვიყვარდეს წარსული! მომავლისკენაც უნდა ვიყუროთ, მაგრამ წარსული გამოცდილების საფუძველზე, რომ იმ სულელებს მაინც ვაჯობოთ, ვინც ჭკუას საკუთარი გამოცდილებით სწავლობს.

* კარგით რა, ცუდიც რომ გვაქვს, არ უარვყოფ, მაგრამ მთელ ერს სულში ხომ არ ჩავაფურთხებთ? რამხელა ცინიზმია! ახალგაზრდები რომ მოხუცებს პატივს სცემენ, არაა საამაყო?

* ძალა ერთობაშია, ხალხო! აბა, აქამდე როგორ მოვედით? რაოდენობრივად ყოველთვის ცოტანი ვიყავით, მაგრამ ხომ გადავრჩით? ერთობამ და კონსოლიდაციამ მოგვიყვანა აქამდე, ჩემო ჭკვიანო და ლამაზო ქართველებო...

* არ დავკარგავთ რწმენას! უფალი გვფარავდეს ქართველებს წმინდა საქმეში - სამშობლოს განთავისუფლებაში!

* ეჰ... საქართველო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე - გენაცვალე! დღესაც საქართველო ისეთივეა, ყოველთვის რომ იყო - ულამაზესი, ნაწამები, ყველაფერს მოკლებული და თანაც ყველაფრის მქონე...

* საქართველო ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორიც არის.

* საქართველო ყოველთვის ფანტასტიკური იყო, არის და იქნება. მიუხედავად იმისა, ვინ დაიპყრობს... თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ. მე მჯერა თქვენი, ხალხო!..

* რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ უფრო მომეწონება, როცა დამოუკიდებელს, თავისუფლებაში დარწმუნებულს და გამთლიანებულს ვნახავ... ისე კი, რაღაც დაობლებულ ბავშვს ჰგავს, არადა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ასე არ უნდა იჩაგრებოდეს...

* დეპორტაცია რომ ჩამირტყეს, ერთი რუსი მეგობარი რუსეთიდან მაცილებდა. საქართველო ისე გავაცანი, მითხრა: ვნანობ, ქართველად რომ არ დავიბადეო... და ტირილი დაიწყო განშორებისას... დამიჯერეთ, რუსებსაც კი უყვართ საქართველო... ანდა როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს? უფლის წყალობით, მაგრად დგას და იდგება მუდამ, უკუნითი უკუნისამდე...

* ერთადერთი რამ ვიცი - საქართველოს, ასეთ პატარა და ლამაზ ქვეყანას, უძველესი დროიდან უზარმაზარი სახელმწიფოები ჰყავს მეზობლად და ამდენი საუკუნის მანძილზე ვერავინ ვერაფერი დააკლო, იმიტომ რომ უფალი გვმფარველობს...

* გავძლიერდებით, დავიბრუნებთ ყველაფერს და ვიცხოვრებთ ძალიან მაგრად! იმედია, ასე იქნება... ეჰ, რა ლამაზი სიზმარია...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1