როცა ადამიანი საკურთხეველში შედის და სტიქაროსანი ხდება, უფლის წინაშე მეტი მოეთხოვება
როცა ადამიანი საკურთხეველში შედის და სტიქაროსანი ხდება, უფლის წინაშე მეტი მოეთხოვება
უფალს ყოველი კაცი თავისებურად ადიდებს: ზოგი - სიტყვით, ზოგიც - საქმით. ხშირად ჩვენს გვერდით მყოფ ერისკაცთა საქმიანობა ერთი შეხედვით უმნიშვნელოა და ყველასგან დაფარული. "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ ახალ რუბრიკას - "ღვთისმსახურნი", სადაც შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ის ადამიანები, რომლებიც ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ და სასულიერო პირებს ეხმარებიან საღმრთო ლიტურგიის დროს. და კიდევ, იმ მოკრძალებულ ადამიანებს გავიცნობთ, ვისი წყალობითაც ჩვენი ეკლესია-მონასტრები ასე ლამაზად და სუფთად გამოიყურებიან.

ამჟამად მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის მთავარი სტიქაროსანი მინდა გაგაცნოთ. შალვა ღონღაძემ საუბარი ასე დაიწყო:

- ტაძარში მეგობრების დახმარებით მივედი. ეს ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში მოხდა. პირველი აღსარებაც იქ ჩავაბარე მამა ალექსანდრე ახალკაცს (ამჟამად ხაშურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარია). მაშინ ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა და მოძღვარს ვეხმარებოდით მშენებლობაში. წირვისას დიდი სურვილი მქონდა, საკურთხეველში შევსულიყავი და სიწმინდეებს შევხებოდი. 2004 წლის 4 იანვარს მამა ალექსანდრემ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში სტიქაროსნად მაკურთხა. რამდენიმე დღეში კი იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული მოდიოდა და მეუფე იობი ტაძარში მობრძანდა. მას შემდეგ მეუფესთან ვსტიქაროსნობდი. ერთი წლის შემდეგ მეუფემ ურბნისის საკათედრო ტაძარში მაკურთხა მთავარ სტიქაროსნად. მეუფესთან მსახურება მართლაც უდიდესი მადლი და ღვთის წყალობაა. ვცდილობ, უფალს სუფთაAგულით ვემსახურო...

მეუფესთან მსახურება რთულიც არის და სასიამოვნოც. თავად მღვდელმთავარი წირვის დროს უფალს განასახიერებს, სტიქაროსანი კი ანგელოზს. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რათა წირვა-ლოცვა კარგად ჩატარდეს და სტიქაროსნის მიზეზით არაფერი შეფერხდეს. დიდ დღესასწაულებზე შეძლებისდაგვარად ვახერხებ ხოლმე, ძამის ხეობაში მეუფესთან ერთად ვიმსახურო.

მეუფე იობი, თავისი ცხოვრების წესით, თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი მაგალითია. ვცდილობთ, მისგან შევითვისოთ ყოველივე.

მას შემდეგ, რაც მეუფის სტიქაროსანი გავხდი, მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. როცა ადამიანი საკურთხეველში შედის და უფალს ემსახურება, მას უკვე აღარ ეპატიება არასწორი და ორმაგი ცხოვრება. განსხვავებულად ვაფასებ ირგვლივ ყოველივეს. საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი გავხდი. როცა უფლის მსახური მიეცემა თვითკმაყოფილებას, ეს მის სულზე დამღუპველად მოქმედებს, აქედან მოდის სწორედ ამპარტავნება და ხიბლიც.Uამიტომაც უნდა შევეცადოთ, ჩვენი ცხოვრება დღითიდღე ვითარდებოდეს და არ დაემსგავსოს ჭაობს, საიდანაც თავს ვეღარ დავაღწევთ.

მადლობა ღმერთს, რომ მოდის მომავალი თაობა, პატარა სტიქაროსნები, რომლებიც ღვთის სიყვარულში იხარჯებიან და ეკლესიურად ცხოვრობენ.

როცა დიდ დღესასწაულებზე ჩამოდიან მღვდელმთავრები, ეს უფრო მეტად საპასუხისმგებლოა. ყოფილა შემთხვევები, ჩვენს ეპარქიაში ათზე მეტი ეპისკოპოსი ჩამობრძანებულა. მსახურების დროს მთელი სულის და გულის ჩადებაა საჭირო, რათა ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართოს. როცა ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენც მშვიდად ვართ.

მთავარ სტიქაროსანს რა ევალება? ტაძარში, საკურთხეველში ყველაფრის მოწესრიგება.Aამავე დროს, ეპისკოპოსის შესამოსელი მსახურების დაწყებამდე უკვე გამზადებული უნდა იყოს. რუისის საკათედრო ტაძარში ზოგჯერ ოცზე მეტი სტიქაროსანი მსახურობს. ყველას თანაბრად ვუნაწილებ საქმეს. ყოველი წირვის დროს ვსწავლობთ, როგორ ვემსახუროთ უფალს და სასულიერო პირებს. ვფიქრობ, ასეთი მსახურებით უფრო ახლოს ვართ უფალთან.

უკვე ოთხი წელია, რაც მეუფე იობთან ვმსახურობ.

ღმერთმა ყველას მისცეს თავისი ჯვრის ღირსეულად ტარების უნარი, ღმერთმა გააძლიეროს თითოეული მათგანი.
ბეჭდვა
1კ1