ღმერთთან უნდა ვიყოთ ყველა ერთად და აი, მერე მართლა გვეშველება და გაბრწყინდება საქართველო!
ღმერთთან უნდა ვიყოთ ყველა ერთად და აი, მერე მართლა გვეშველება და გაბრწყინდება საქართველო!
მსოფლიოში ცოტაა ისეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა. რჯული შეურყეველი, ულამაზესი წეს-ჩვეულებები და სამშობლოს სიყვარული - ასე დაახასიათებდნენ ქართველ ხალხს რამდენიმე საუკუნის წინ, დღეს კი... დღეს კი თითქოს სხვანი ვართ: უამრავი რამ არ მოგვწონს ჩვენი ქვეყნისა, მრავალი ჩვენი თანამემამულე უცხოეთს მიეშურება, თითქოს გული ავიცრუეთ სამშობლოზე...

რატომ ურჩევნია ქართველს უცხო ქვეყანაში ცხოვრება? ამ და სხვა პრობლემებზე "ფორუმელები" საუბრობენ:

* უმთავრესი პრობლემა და მიზეზი, რატომაც მიდიან საქართველოდან, უმუშევრობა და შრომის დაუფასებლობაა. ჩემი საყვარელი ადამიანები წავიდნენ და წაიყოლეს ოჯახის სული და გული. აქ რომ კარგი პირობები ჰქონოდათ, ნამდვილად არ წავიდოდნენ... თუმცა ყველას არ უმართლებს და ყველას არ შეგვიძლია, დავტოვოთ სამშობლო!

ღმერთო, ყველა დაუბრუნე მშობლიურ მიწა-წყალს და საქართველოც მაშინ იქნება ალბათ ბედნიერი... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მინდა, რომ ვიფიქრო...

* ერთმანეთთან კი არ უნდა ვიყოთ შეკრულნი, არამედ ღმერთთან უნდა ვიყოთ ყველა ერთად და აი, მერე მართლა გვეშველება და გაბრწყინდება საქართველო!

* "ივერია გაბრწყინდება"... ზოგი მოძღვარი მიიჩნევს, რომ "ივერიის გაბრწყინება" მოწამებრივ გაბრწყინებას შეიძლება გულისხმობდეს და არა მატერიალურს, როგორც ებრაელებს ეგონათ, რომ მეფეს მოუვლენდა ღმერთი და ქრისტე ვერ იცნეს. ისინიც მიწიერ დიდებას ელოდნენ...

* მე იმ ერის შვილი ვარ, რომელმაც სისხლით მოიტანა ეს ქვეყანა ჩვენთან და ის, რომ დღეს ქართულ ლიტერატურას რუსულად არ ვკითხულობთ, მაგის დამსახურებაა; მე იმ ერის შვილი ვარ, რომელმაც უამრავი გენიალური შვილი გამოზარდა, რომელმაც ენა, მამული და სარწმუნოება შეუნახა შვილებს. ჩვენისთანა ძალის მქონე ქვეყნები აღგვილან პირისაგან მიწისა... იმ ერის შვილი ვარ, რომელმაც ამ არეულობისას სხვის მიცვალებულებსა და დაჭრილებს უპატრონა, სხვისი მიცვალებული იტირა და სხვისი გასაჭირი გაიზიარა... ერისა, რომელსაც სიყვარულიც და სიძულვილიც უმძაფრესად შეუძლია და მე, ამ ერის შვილს, აზრადაც არ მომდის ჩემი ქართველობის სხვა სიბინძურეზე გაცვლა...

* სულ რომ შიმშილით მოვკვდე, სულ ყველა რომ მაგინებდეს, ყველამ რომ უარყოს ღმერთი, ჩემს მიწას, ვეცდები, მაინც არ მოვშორდე. მე არ შემიძლია ჩემი მიწის გარეშე... იქ ჩემი წინაპრების სისხლი დუღს და ძვლები ნიადაგს ამაგრებს... მე ამის მიტოვება არ შემიძლია... სუსტი ადამიანი ვარ და არ განმიკითხოთ ამის გამო.

* სამწუხაროა, რომ ბევრი ცუდი რამ ხდება დღესდღეობით საქართველოში, მაგრამ მაინც ჩემი ქვეყანაა. შეიძლება ითქვას, ქვეყნის სიყვარულმა მიმიყვანა ეკლესიაში. ვერ ვუღალატებ მე ჩემს ქვეყანას, ასე მგონია...

* 5 წელია უკვე, საქართველოს მოცილებული ვარ და ზოგჯერ, ქართული გალობის ან სიმღერის მოსმენისას, თბილისის ან საქართველოს სურათის ნახვისას, მონატრებისგან ცრემლი მომასხამს ხოლმე თვალებიდან. არაფერი სჯობია სამშობლოში ცხოვრებას! ღმერთსა და ყველა ქართველ წმინდანს ვთხოვ, ჩვენი გაფანტული ქართველები მალე და მშვიდობით დაგვაბრუნონ ღვთისმშობლის მიერ კურთხეულ, ჩვენს დალოცვილ მიწაზე - საქართველოში. ამინ!

* ცოტა რთული საკითხია... ზოგი ისეა გამწარებული, არც შენი საქართველო უნდა და აღარც არაფერი...

* ჩემო კარგებო! მოუფრთხილდით თქვენს სისხლსა და ხორცს, მოუფრთხილდით თქვენს ქართველებს. თქვენ არ იცით, რამდენ ტკივილს იტანს ემიგრანტი აქ, არ არის საჭირო მათი განკითხვა... რა იცი შენ, რამდენს არჩენს აქედან, უცხოეთიდან? რა იცი შენ, რამდენ ჩუმ ცრემლს ყლაპავს და რამდენი ღამე უთენებია თეთრად მისიანების და სამშობლოს სიყვარულსა და მონატრებაში? არ იცი შენ და არ თქვა ეგ! შეიძლება არ თქვას ჩემსავით მხატვრულად ეს ემიგრანტმა ქართველმა, მაგრამ თვალებში ჩახედეთ და მიხვდებით, იმ თვალებში რამხელა ნოსტალგიაა, რამხელა ტკივილია უცხოდ ყოფნისა!

საქართველოდან რატომ წავიდა ხალხი უცხოეთში, - არაა ეგ გასაკვირი. წავიდნენ, მიდიან და კიდევ წავლენ, სანამ სახელმწიფო არ შეუქმნის ხალხს სამუშაო ადგილებს... არაა ეგ ახალი მოვლენა. საკითხი ასე უნდა დავაყენოთ: რა გავაკეთოთ, რომ არ დავკარგოთ ეს ხალხიო. ესაა საფიქრალი და საკითხავი და არა ის, რა ცუდები არიან ის ქართველები და რა კარგები ვართ ჩვენ...

ჩვენს წილ საქართველოს ყველა გულით ვატარებთ და მთავარია, ამ საქართველოს არ გავუუცხოვდეთ, ეს საქართველო არ მივატოვოთ. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს...

* საქართველოს უჭირს და მე მტკივა საქართველო, მტკივა მასზე დაწერილი თითოეული აუგი... მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ამაყი!

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1