მე ლამაზი, ერთიანი, ქრისტიანი და თავისუფალი საქართველო მინდა...
მე ლამაზი, ერთიანი, ქრისტიანი და თავისუფალი საქართველო მინდა...
ვინ როგორ საქართველოზე ოცნებობს? რა მოგვწონს, რა - არა? რა პირობებია საჭირო უცხოეთში წასული ქართველების საქართველოში დასაბრუნებლად? მართლმადიდებლური ფორუმებიდან შევეცადე დამენახა ყველა ის მიზეზი, რომელთა გამოც გვინდა ან არ გვინდა საქართველოში ცხოვრება.

როგორ საქართველოზე ვოცნებობთ და როგორია იგი სინამდვილეში?

* ვოცნებობ ჯანსაღ საქართველოზე: სულიერად და ფიზიკურად! ისეთზე, რომელშიც კანონი კანონობს! ისეთზე, რომლის ყოველი მოქალაქე აცნობიერებს თავის ვალს ქვეყნის წინაშე! ისეთზე, რომელიც აღიარებს თავისი თითოეული მოქალაქის უფლებებს და მათ გარანტად დგას. ისეთზე, რომლის თითოეული მოქალაქე იამაყებს მისით! ისეთზე, რომელიც იამაყებს თითოეული მოქალაქით! გაბრწყინებულზე!

* საქართველოზე, რომელშიც კანონი არის თვით ქრისტე...

* გაბრწყინებულ და ბედნიერი ხალხით სავსე საქართველოზე...

* საქართველო წმინდა მიწაა და არ მომწონს, რომ ევროპული სტილი და უამრავი გარყვნილობა შემოდის. მე მსურს, საქართველო სულით იყოს გაბრწყინებული...

* ყოველთვის უსაზღვროდ მიყვარდა საქართველო და დღემდე უსაზღვროდ მიყვარს! რამდენიმე წელია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ, სამწუხაროდ, და მართლა ძალიან მიჭირს სამშობლოსგან შორს ყოფნა! ეგ, ვინც საზღვარგარეთ არის, ყველამ კარგად იცის... მე ახალსა და უცხოს არაფერს ვამბობ... მეამაყება ის, რომ ჩემს ორ უფროს ვაჟს უსაზღვროდ უყვარს საქართველო და ეს მასულდგმულებს! მესამე კი, რომელიც აქ დაიბადა, ამბობს: "საქართველო ჩემი სამშობლოა" - არის ამაზე დიდი ბედნიერება? სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავ უმცროსსაც, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ტიტინს...

* სადაც ცხოვრობ, იქვე გყავს მეგობრები, ნათესავები და ახლობლები, თუნდაც ნაცნობი ადამიანები. იცი, ქუჩაში რომ გახვალ, ერთ ნაცნობ სახეს მაინც დაინახავ, ვინმეს შეხვდები, თბილად მოიკითხავ და მერე მეგობრებთან ერთად გაატარებ თავისუფალ დროს. აი, ეს არის საქართველო... ამას, მგონი, არაფერი სჯობია, მაგრამ ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს; რომ დავკარგავთ - მის ფასს მაშინ ვხვდებით.

* ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის ბუნება სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ვერსად მსგავს სასწაულს ვერ ნახავ. შეიძლება სხვა ქვეყნებში უამრავი ღირსშესანიშნავი შენობაა, კულტურული ფასეულობები მეტია, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ეს ჩვენი უნიათობის ბრალია, ხალხის ბრალია, თორემ ბუნებას, რითაც შეუძლია, გვიწყობს ხელს...

* მართლა საინტერესო თემაა! ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. რაც საქართველოდან წამოვედი, მივხვდი, რამდენად ძვირფასია ყველაფერი მშობლიური. მივხვდი, რომ თბილისი ძალიან ტკბილია. აქ კი გულში მხოლოდ სიცარიელე რჩება. ამიტომაც უარს ვამბობ აქ სტუდენტობაზე და რამდენიმე თვეში ვბრუნდები საქართველოში. კარგია ევროპული განათლება, მაგრამ აქ რომ რამდენიმე წელი რჩები, სხვა პრობლემები იჩენს თავს - შესაძლოა, ვინმე შეგიყვარდეს, შენი მეორე ნახევარი იპოვო ან უბრალოდ უკან წამოსვლა გაგიჭირდეს. იმიტომ, რომ აქაც ძალიან იცის მიჩვევა ყველაფერმა...

ყველაზე ძალიან ტაძარი მენატრება, ჩემი მეტეხი...

ქართველებს უსაქმურობა გვიყვარს და ერთმანეთის გაუტანლობა, სამწუხაროდ. ამას თუ გამოვასწორებთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთ იქნება, არც ერთ ევროპელზე ნაკლები არა ვართ. მოკლედ, უფალმა გააძლიეროს საქართველოში თუ უცხოეთში მყოფი ყველა ქართველი და ცოტათი ღრმად ჩაუფიქრდნენ იმ მარცვალს, რომელიც გულის სიღრმეში ღვივის და თავისკენ გვექაჩება...

* სამწუხაროდ, ასე მგონია, ჩვენ მარტო "ჭარტალა" ხალხი ვართ, საქმის გაკეთება გვეზარება და მხოლოდ ჩვენი წარსულით ვცხოვრობთ, იმ წარსულით, რომელსაც მსოფლიოს სათანადოდ ვერ ვაცნობთ (სომხებს რომ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ, ეს იცის ყველამ. აბა, ქართულზე ვიკითხოთ, ვინ რა იცის...). ხელი უნდა გავანძრიოთ და მივხედოთ დღევანდელობას, მომავალს. მხოლოდ წარსულით ცხოვრება დანაშაულია...

* საქართველოსა და სხვა ქვეყნებს რომ ვადარებ, ვხვდები - ჩვენი ყველაზე ლამაზია...

* მე ლამაზი, ერთიანი, ქრისტიანი და თავისუფალი საქართველო მინდა...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1