გულით აკეთე საქმე და გამოვა...
გულით აკეთე საქმე და გამოვა...
რა აზრი აქვს ლოცვას, თუკი მას მხოლოდ ბაგენი წარმოთქვამენ? უფალი მაშინ ისმენს ჩვენს ლოცვას, როცა იგი გულიდან მოდის.

განა არსებობს დიდი და პატარა საქმე? ალბათ, არა. საქმე საქმეა და შრომას მოითხოვს. ნებისმიერი საქმიანობა საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ მას გულით აღასრულებ.

76 წლის ჩერმენ დუდაითი, რომელიც უკვე მრავალი წელია გორში ცხოვრობს, პროფესიით მკერავია. 1959 წლიდან საყვარელ საქმეს მისდევს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

- ვოცნებობდი, ლიტერატორი ან ისტორიკოსი გავმხდარიყავი. თუმცა სკოლაში საუკეთესოდ ვსწავლობდი, მაინც ვერ ავისრულე ოცნება... არასდროს მიფიქრია, რომ მკერავი გავხდებოდი...

ოთხი წელი თბილისში ვმუშაობდი მშენებლობაზე, საიდანაც სამი წლით ჯარში გამიწვიეს. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ორენბურგში წავედი, ბიძასთან. ის საკმაოდ ცნობილი მკერავი იყო. ყოველთვის მთავაზობდა თავის ხელობას, მაგრამ მე არ ვინტერესდებოდი და უარს ვეუბნებოდი.

- რამ შეგაცვლევინათ გადაწყვეტილება?

- მახსოვს, ბიძაჩემთან საიდან აღარ მოდიოდნენ, ქალაქებიდან, რაიონებიდან... ქალის სამოსსაც კერავდა და მამაკაცისასაც. ყველას მოსწონდა მისი ნახელავი და ხელებს უკოცნიდნენ: შენს მარჯვენას გაუმარჯოსო - და უამრავ სამადლობელ სიტყვას ეუბნებოდნენ.

ამის მერე დავინტერესდი. ვიფიქრე, მეც ვისწავლი და ხალხის მადლობასა და დალოცვას დავიმსახურებ-მეთქი. ასეთი ბუნება მაქვს, პატარაობიდანვე ასეთი ვიყავი: მეზობლები რომ დამასაქმებდნენ და თხოვნას შევუსრულებდი - მიხაროდა... მიხაროდა, რომ მლოცავდნენ, მადლობას მეუბნებოდნენ...

- როგორ ფიქრობთ, რა არის აუცილებელი წარმატებული საქმიანობისთვის?

- საქმე, რომელსაც აკეთებ, რა თქმა უნდა, შენც უნდა მოგწონდეს, მაგრამ მთავარია, ვისთვისაც აკეთებ, ის დაგრჩეს მადლობელი.

ჯარიდან დაბრუნებული ბიძამ ტექნიკუმში მომაწყო. გარდა ამისა, მასთან შინაც გავდიოდი კერვის პრაქტიკას. თავდაპირველად ჯგუფში გოგონებს ვეკითხებოდით, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, როგორ გვემუშავა. მეორე წლიდან კი, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, იმდენად დავინტერესდი, გოგონებსაც ვეხმარებოდი გაკვეთილის მომზადებაში.

როცა ადამიანი დაინტერესებულია თავისი სპეციალობით, მიზანსაც მიაღწევს და კარგი სპეციალისტი გამოვა. თუ ინტერესი არ აქვს, რამდენიც უნდა იწვალოს - სულ ტყუილად...

ძველად ბევრი ატელიე იყო, მაგრამ დაიხურა. დაიხურა, რადგან აღარ არის სამუშაო. უამრავი მზა სამოსი შემოდის და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი პროფესია დავიწყებას ეძლევა... ჩემი აზრით კი, ისევ უნდა ისწავლებოდეს, რადგან არ ვიცით, რა დრო მოვა, იქნებ უფრო მეტი ფასი დაედოს ხელით ნაკერ სამოსს. ამის იმედი მაქვს მეც.

როგორც ვთქვი, თანდათან ძალიან შემიყვარდა მკერავის პროფესია, იმდენად, რომ ღამეებს ვათენებდი: ვხაზავდი, ვკერავდი, ვჭრიდი... მაგრამ ლიტერატურა მაინც თავისკენ მიზიდავდა... დავიწყე ოცნება, დამემთავრებინა უმაღლესი სასწავლებელი ლიტერატურის განხრით. ეს იყო ერთადერთი ცდუნება, რომელმაც ლამის ხელი ამაღებინა კერვაზე.

ლეონარდო და ვინჩი უნივერსალური ადამიანი გახლდათ. რა ხელობა იყო, მას რომ არ სცოდნოდა, მაგრამ პროფესია პროფესიაა და მან ვერ შეიცვალა იგი - ცხოვრების ბოლომდე მხატვრად დარჩა...

დღესაც მუდამ ვკერავ ან ვკითხულობ. ქართული და ოსური ენები მაქვს გულში ჩაკრული. მიყვარს ჩემი საქმე და ლიტერატურა...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1