წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილი მღვდელ კ.-ს.
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილი მღვდელ კ.-ს.
კაცო ღმრთისაო, მსოფლიო კრიზისზე, მის მიზეზსა და მნიშვნელობაზე, ამ დიდ საიდუმლოზე რომ მეკითხები, განა ისეთი ვინ ვარ? "ისაუბრე, თუ გაქვს სათქმელი, მდუმარებაზე აღმატებული", - ბრძანა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა. თუმცა ვფიქრობ, მდუმარება ყველა სიტყვაზე აღმატებულია, სიყვარულის გამო მოგწერ, თუ რას ვფიქრობ ამ კრიზისზე.

"კრიზისი" - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: "სასამართლოს, სასჯელს, მსჯავრს, სამართალს". ამგვარ რამეს ვკითხულობთ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნებში: "ამისთვის არა აღსდგენ უღმერთონი საჯელსა" (ფს. 1,5) ანდა: "წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო" (ფს. 100,1). ბრძენი მეფე სოლომონი კი ამბობს, რომ უფლისგან მიეცემა ყველას სამართალი (შდრ იგავთა 29,30) თვით მაცხოვარმა ბრძანა: არცა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა" (იოანე 5,22). მოციქული პეტრე: "ჟამმან დაწყებად სასჯელისა, პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს" (1 პეტრე 4,17).
შეცვალე სიტყვა "სამართალი - სასჯელი" სიტყვა "კრიზისით" და წაიკითხე: წყალობასა და კრიზისს "გაქებდე", "უფლისაგან მიეცემა ყველას კრიზისი", "მამამან ყოველი კრიზისი მოსცა ძესა", "ჟამმან დაწყებად კრიზისისა, პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს".

ადრე ევროპელებს როცა რაიმე უბედურება შეემთხვეოდათ, სიტყვა "სასჯელს" ხმარობდნენ "კრიზისის" ნაცვლად. ახლა "სასჯელი" კრიზისით" - გასაგები სიტყვა ნაკლებ გასაგებით შეცვალეს. დადგებოდა გვალვა და ამბობდნენ, "ღვთის სამართალი გვეწიაო!" წყალდიდობისას - ღვთის სამართალიაო! ომი დაიწყებოდა თუ ეპიდემია გავრცელდებდა, ისევ "ღვთის სამართალს" ახსენებდნენ. ესე იგი კრიზისია გვალვისგან, კრიზისია წყალდიდობისგან, ომისა და ეპიდემიისგან. ახლანდელ ფინანსურ-ეკონომიკურ კატასტროფას ხალხი ღვთის სასჯელად მიიჩნევს, მაგრამ ეძახის არა სასჯელს, არამედ კრიზისს. რამეთუ გამრავლდა უბედურება (განსაცდელი) უგუნურებისაგან! რამეთუ ვიდრე წარმოსთქვამდნენ გასაგებ სიტყვა "სასჯელს", გასაგები იყო უბედურების მიზეზიც და ამ განსაცდელის მომწევი მსაჯულიც და მიზანიც, რის გამოც ეს უბედურება დაიშვა. სიტყვა "სასჯელი" სიტყვა "კრიზისით" შეცვლის მერე, უმრავლესობისთვის ძნელად გასაგებია და ვერვინ ხსნის, ვისგან მოიწევა იგი, რისთვის, რატომ. მხოლოდ ამით განსხვავდება ახლანდელი კრიზისი, გვალვის, წყალდიდობის, ომის, ეპიდემიის, თუ სხვა განსაცდლებისგან მოწეული კრიზისისგან.

ყველაფრის მიზეზი: გვალვის, წყალდიდობის, ეპიდემიის და სხვა უბედურებათა, ისევე როგორც ახლანდელი კრისიზისა, ღვთისგან განდგომა გახლავთ. ღვთისაგან განდგომის ცოდვამ გამოიწვია ეს კრიზისი და უფალმა დაუშვა იგი, რათა გამოაღვიოს, გამოაფხიზლოს ადამიანები, რათა ისინი გონს მოვიდნენ და დაუბრუნდნენ უფალს. ცოდვებისმიერია ეს კრიზისი. მართლაც, უფალმა თანამედროვე საშუალება გამოიყენა, რომ გონს მოიყვანოს თანამედროვე ადამიანები: მან შეარყია ბანკები, ბირჟები, მთელი საფინანსო სისტემა. მთელი მსოფლიოს მაგიდები ამოატრიალა, ისევე როგორც ერთ დროს იერუსალიმის ტაძარში მოიქცა. გაუგონარი პანიკა გამოიწვია ვაჭრებსა და გადამცვლელებს შორის. აამღვრია, დაამხო, შეურია, შეაშფოთა, შიში შთაუნერგა და ეს მოხდა იმიტომ, რომ ქედმაღალი ამერიკელი და ევროპელი ბრძენები გამოფხიზლდნენ, გონს მოვიდნენ, ღმერთი გაიხსენონ, რათა მატერიალური კეთილდღეობის ნავსადგურში ღუზაჩაშვებულებმა გაიხსენონ საკუთარი სულები, აღიარონ უსჯულოება და თაყვანი სცენ მათალ ღმერთს, ცოცხალ ღმერთს.
ეს კრიზისი გაგრძელდება, ვიდრემდე ქედმაღალი დამნაშავენი არ აღიარებენ ყოვლისშემძლე ღმერთის გამარჯვებას. იქამდე ვიდრე ადამიანები არ მიხვდებიან და გაუგებარ სიტყვას "კრიზისს" საკუთარ ენაზე არ გადათარგმნიან და სინანულის ოხებით იტყვიან - "სასჯელი ღმრთისა". პატიოსანო მამაო, "კრიზისს" შენც ღვთის საჯელი დაუძახე და ყველაფერი გასაგები გახდება.

სალამი და მშვიდობა უფლისა მიერ!
ბეჭდვა
1კ1