უკანასკნელ ქართველ ათონელებსა და არა მხოლოდ მათზე
უკანასკნელ ქართველ ათონელებსა და არა მხოლოდ მათზე
გასულ ნომრებში XX საუკუნის ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი ათონელის, მამა სიმონ ბაღდავაძის შესახებ გიამბეთ და შეგპირდით, თემას კვლავაც გავაგრძელებდით.

ამჯერად მცირე შემოკლებით გთავაზობთ წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ინგლისურ ენაზე დაწერილ და გადმოქართულებულ პუბლიკაციას ქართული ელემენტის გავლენის შესახებ ბალკანურ კულტურაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უხვ და საგულისხმო მასალას შეიცავს იმდროინდელ ქართველ ათონელებსა და არა მხოლოდ მათზე. და აქვე დავძენთ, რომ ამ მამებზე თხრობას ისევ გავაგრძელებთ.

წმინდა გრიგოლ ფერაძე
ქართული ელემენტის გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე

დიდი ხანია ვნატრობდი ათონის მთის მონასტრების მოხილვას. მხოლოდ 1935 წლის ზაფხულში მოვახერხე ამ ნატვრის ასრულება. გზად რუმინეთი და ბულგარეთი უნდა გამევლო, ამიტომ ეს ქვეყნებიც მოვინახულე.

ათონზე ორი მიზნით გავემგზავრე - როგორც მოგზაური და როგორც მკვლევარი. ვითარცა საეკლესიო მოღვაწეს, მაინტერესებდა შემეტყო, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ბერები და თვითონაც მეგემა იქაური ცხოვრება. ამასთან, მსურდა ივერთა მონასტრის ქართული ხელნაწერები დამეთვალიერებინა, ზოგი მათგანი კი გადამეწერა, შემეკრიბა მასალები მეცხრამეტე საუკუნეში იქ მცხოვრები ქართველების შესახებ; დაბოლოს, მსურდა შემეძინა ქართული წიგნები და თუ შევძლებდი, ქართული ხელნაწერებიც.

ათონის წმინდა მთაზე ოცი მონასტერი, თხუთმეტი სკიტი და ორასზე მეტი სენაკია. ეს ყველაფერი ერთ დამოუკიდებელ სამონასტრო რესპუბლიკას წარმოადგენს. მისი დედაქალაქია კარიესი. აქვეა რესპუბლიკის პარლამენტი, რომელიც ოცი წევრისგან (ოცი დიდი მონასტრის წარმომადგენლისგან) შედგება. აქვე ცხოვრობს პრეზიდენტიც. რესპუბლიკას თავისი პატარა ნავსადგური აქვს - ქალაქი დაფნი. ჰყავს თავისი მცირერიცხოვანი პოლიციაც. ოცი მონასტრიდან ხუთს, უძველესს, უმეტესი უფლებები გააჩნია. სწორედ ამ ხუთი მონასტრიდან ყოველწლიურად რიგრიგობით ირჩევენ პრეზიდენტს. ეს მონასტრებია: 1. ლავრა; 2. ვათოპედი; 3. ივერონი; 4. ხილანდარი; 5. წმინდა დიონისე. დღეისთვის ამ მონასტერთაგან ოთხი ბერძნების ხელშია და მხოლოდ ერთი, ხილანდარი, ეკუთვნით სერბებს.

წინათ ივერთა მონასტერს მეორე ადგილი ჰქონდა მიკუთვნებული და ქართველებისა იყო. თვით სახელიც მიანიშნებს ამას. ის მეათე საუკუნეში ააშენეს ქართველებმა - იოანე და თორნიკე ერისთავებმა. მომდევნო საუკუნეში ივერთა მონასტერი ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრი გახდა. აქ ცხოვრობდნენ დიდი მწერლები ექვთიმე (გარდ. 1028) და გიორგი (გარდ. 1065) მთაწმინდელები, რომლებმაც უამრავი თეოლოგიური და ფილოსოფიური თხზულება თარგმნეს როგორც ბერძნულიდან ქართულად, ისე - პირუკუ.

ათონის სკოლამ გარდატეხა მოახდინა ქართულ კულტურაში. ბიზანტია იმ დროს ისევე მოწინავე იყო, როგორც პალესტინა, ანტიოქია და კოპტური ეკლესია ძველად. ათონზე ადრეული საუკუნეების კულტურულ მემკვიდრეობას ისევ მიაქციეს ყურადღება, წიგნების უმრავლესობა ხელახლა ითარგმნა ოფიციალური ბიზანტიური ტექსტებიდან. თეოლოგიის ყველა სფეროში დიდი მუშაობა გასწიეს, რათა ათონზე მისი დონე ბიზანტიის დონემდე და უფრო მაღლაც აეწიათ.

ივერთა ქართული მონასტრის დაამარსებლები ათონზე ბერმონაზვნობისა და დიდი ლავრის დამაარსებლის - ათანასეს მეგობრები იყვნენ. წმინდა ათანასე ტრაპიზონელი ლაზი იყო. დედა ქართველი ჰყავდა. დედა-შვილი ჯერ ერთ მონასტერში იღვწოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მრავალი ქართველი შემოუერთდათ, დედამ ცალკე მონასტერი აიშენა.

ივერთა მონასტრის ასაგებად აირჩიეს კლიმენტის უბის სანაპირო, სადაც ღვთისმშობელი და იოანე მოციქული ერთად მოვიდნენ ღვთის სიტყვის გასაცხადებლად. სწორედ ამ ადგილებში იმალებოდა დევნილობისას წმინდა ეპისკოპოსი კლიმენტი. ქართული მონასტერი აგებისთანავე გადაიქცა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად.

ღვთისმშობლის სახება გამოჩნდება ზღვაზე და ბერი - ქართველი, სახელად გაბრიელი - გაივლის ზვირთებზე, როგორც მიწაზე. მოჰკიდებს ხელს ღვთისმშობლის ხატს და დიდი ზეიმით დაასვენებს ეკლესიაში. მეორე დილით ხატი ბერებს მონასტრის კარზე, გარეთ დახვდება. შეასვენებენ ეკლესიაში. სასწაული განმეორდება. ბოლოს ღვთისმშობელი სიზმრად მოევლინება გაბრიელ მონაზონს და მოახსენებს: "არ მსურს, ბერები მიცავდნენ, მე თვითონ დავიცავ თქვენს მონასტერს". მაშინ კარიბჭესთან პატარა საყდარი ააგეს და ხატი შიგ დაასვენეს. იგი დღესაც იქ არის.

ამ საოცარმა თქმულებამ და სასწაულებრივმა ხატმა აურაცხელი სიმდიდრე შესძინა მონასტერს მთელი საქართველოდან, რომელიც ამ პერიოდში თავისი ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა. ივერონს უამრავ სიმდიდრეს სწირავდნენ ეკლესიები, მეფეები, თავადები, რათა ქართველთა მონასტერს უცხოეთში შესაფერისად წარმოეჩინა მათი ქვეყნის სიმდიდრე და დიდება. მეჩვიდმეტე საუკუნეში (1647 წელს) ამ ხატის ასლი მოსკოვში გაგზავნეს და მონასტერს თვით რუსეთშიც უბოძეს დიდძალი მიწები და სიმდიდრე.

ივერთა მონასტრის დიდებამ და სიმდიდრემ ბერძენ ბერებს შური აღუძრა და მოინდომეს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, მიეთვისებინათ იგი. როგორც ქართული წყაროები გვამცნობენ, ბერძნებმა ჯერ კიდევ ადრე, მეთერთმეტე საუკუნეშივე, მოინდომეს ქართველების გაძევება მონასტრიდან, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოახერხეს. შემდგომ საუკუნეებში კი მიზეზთა გამო უფრო გაძნელდა მონასტრის დაცვა ბერძნების შემოტევებისგან: მეცამეტე საუკუნის შუა წლებიდან ქართველების პოლიტიკური ძლიერება თანდათან ეცემა. ქვეყანა სუსტდება და ღატაკდება. მონღოლების შემოსევამ, სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ დაუსრულებელმა ომებმა ერთიანად გამოაცალეს ძალა. ამას დაემატა არეულობა ქვეყნის შიგნით. საქართველო რამდენიმე სამეფოდ და სამთავროდ დაიშალა. ძლიერ გაჭირდა უცხოეთში მონასტრების შენახვა. ქართველებს რომ ორიოდე მონასტერი ჰქონოდათ, კიდევ შეძლებდნენ მათ მოვლასა და დაცვას, მაგრამ მონასტერი საკმაოდ მრავლად იყო. მარტო პალესტინაში ოცამდე ქართული სავანე იღვწოდა. ქართული სამონასტრო კომპლექსი იყო სირიაშიც (საკვირველ მთაზე), სინაზეც. საქართველოდან წამოსულ მოგზაურებსა და ბერებს გზაზე თურქები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ. ქართველები იძულებული გახდნენ, ივერონში ბერძნები შეეშვათ. მაგრამ დამკვიდრდნენ თუ არა მონასტერში, ბერძნებმა მოახერხეს, დაეკავებინათ ყველა მაღალი თანამდებობა და ქართველები შეევიწროებინათ. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, როდის გადავიდა ივერთა მონასტერი ბერძნების ხელში.

მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი ეპისკოპოსები შეეცადნენ დაებრუნებინათ მონასტერი, მაგრამ რუსეთის მთავრობას დიდი გულისყური არ გამოუჩენია ამ საქმის მიმართ. მან მხოლოდ ის მოითხოვა, რუსებიც მიეღოთ ივერთა მონასტერში, რაც იმას მოასწავებდა, რომ ბერძნულად ქცეული მონასტერი ახლა რუსულად გადაიქცეოდა. ქართველებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. გარდა ამისა, რუსებს არ სიამოვნებდათ, რომ მათი ხელქვეითი ქვეყნის ეკლესია რანგით მესამე იყო ათონის იერარქიაში, ეს მაშინ, როცა რუსული წმინდა პანტელეიმონის მონასტერი მეცხრამეტე ადგილზე იდგა მხოლოდ. რუსეთის პოლიტიკა საქართველოში ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიური ტენდენციების წინააღმდეგ იყო მიმართული და როგორღა დაგვეხმარებოდა რუსეთის მთავრობა ქართული კულტურის ახალი ცენტრების დაარსებაში?

ბოლოს ქართველმა ეპისკოპოსებმა ათონზე სენაკი დაიმკვიდრეს იმ ადგილას, სადაც წინათ იოანე მახარებლის მონასტერი მდებარეობდა. ეს სენაკი ივერიის მონასტრის ახლოს იდგა და მასვე ეკუთვნოდა. მას ქართველები 1885-იდან 1919 წლამდე განაგებდნენ. ამ სენაკმაც საკმაოდ დიდ როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში. სამწუხაროდ, მის შესახებ ჯერ არაფერი დაწერილა. ათონზე ყოფნისას შევეცადე შემეგროვებინა მასალა სენაკის ისტორიისთვის, მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაკვლიე. სენაკში ორმოცდაათი ბერი ცხოვრობდა. ჰქონდათ კარგი ბიბლიოთეკა. ნაბეჭდი წიგნების გარდა აქ იყო ხელნაწერები, რომლებიც თვითონ გადაეწერათ ივერონისა თუ სხვა ქართული მონასტრებიდან და მუზეუმებიდან. ბედმა გამიღიმა - თხუთმეტი ხელნაწერი ვიშოვე და თან წამოვიღე.

ბერძნები ითმენდნენ ამ სენაკის არსებობას, მაგრამ ხელსაყრელ დროსა და საბაბს უცდიდნენ იქიდან ქართველების გასაძევებლად. ასეთი ხელსაყრელი დრო დაუდგათ ომის შემდგომ წელს, როცა რუსეთში არეულობა დაიწყო და ბოლშევიკების მოძრაობა გაძლიერდა, ახალგაზრა საქართველოს რესპუბლიკის წინაშე კი უამრავი პრობლემა იდგა - მას არ ჰქონდა საშუალება, დაეცვა ქართველი ბერების უფლებები ათონზე. სწორედ მაშინ გამოაძევეს ქართველები სენაკიდან და, როგორც იტყვიან, ქუჩაში დაყარეს. ზოგი მათგანი საქართველოში გაემგზავრა დახმარების მისაღებად, დანარჩენებმა კი რუსეთის მონასტრის კუთვნილ პროტომარტირ სტეფანეს სენაკს შეაფარეს დროებით თავი. აქ 1926 წლიდან ხუთი ქართველი ბერი დასახლდა ქირით. დღეს იმ ხუთიდან სამია ცოცხალი: ძმები მათე და ათანასე გვაზავები და ტიხონი. ახლაც იქვე ცხოვრობენ და ბაღში მუშაობენ. ორი ქართველი ბერი - იოანე და მიქაელი - ღვთისმშობლის საფარველის ეკლესიის სენაკში ცხოვრობს, ბერი სიმონ ბაღდავაძე კი წმინდა პანტელეიმონის მონასტრის სამზარეულოში მუშაობის საფასურად ცხოვრობს ოთახში და თავს ირჩენს.

ათონზე მცხოვრები ქართველები ძლიერ მოხუცდნენ და გაღარიბდნენ. მაგრამ სიღარიბეს ისე არ უჩივიან, როგორც იმას, რომ შესაძლოა უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონზე, მათი სიკვდილის შემდეგ იქ ქართველის სახსენებელი გაქრება. ერთადერთი სალოცავი ის არის, რომ მათ შემდეგაც დარჩნენ ათონზე ქართველები. იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა!

როდესაც ქართველები იოანე მახარებლის სენაკიდან გააძევეს, მათ შეძლეს გადაერჩინათ ბიბლიოთეკა და ახალ ადგილას გადაეტანათ. მაგრამ 1932 წელს ხანძარი გაუჩნდა სწორედ იმ შენობას, სადაც ბიბლიოთეკა იყო მოთავსებული და თითქმის მთლიანად განადგურდა - რაც დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის! ერთი ბერი, მამა ბართლომე, იმ ხანძრის დროს დაიღუპა. დღეისთვის ბიბლიოთეკაში დარჩენილია 200 ნაბეჭდი წიგნი და ხელნაწერი. ამათგან მე სამოცი წამოვიღე. ქართველებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რმ ევროპაში გაიტანონ ბიბლიოთეკის დანარჩენი ნაწილი. ათონზე ყველაფერს განადგურება ემუქრება, ევროპაში კი ამ წიგნებს მეცნიერულად გამოიყენებენ და დაამუშავებენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ათონზე მცხოვრები ბერები ახლა ღრმად მოხუცები არიან და წარსულის შესახებ ბევრს ვერაფერს გვიამბობენ. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები. ალბათ ეშინიათ, ბერძნებმა შური არ იძიონ ანდა, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, ამას ქრისტიანული კეთილშობილების გამო აკეთებენ, რომელიც გვასწავლის - შურისა და სიძულვილის წილ სიკეთე და სიყვარული მივუზღოთ ჩვენს მტრებს. ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით, ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე. ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა.

ზემოხსენებული სენაკის გარდა, მეცხრამეტე საუკუნეში ქართველები ილია წინასწარმეტყველის სენაკშიც ცხოვრობდნენ. ისიც ივერთა მონასტერს ეკუთვნის და მისგან რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს. ქართველებმა სასწაულებრივად შეაღწიეს ამ ადგილებში. როგორც უკვე ვთქვით, მეცხრამეტე საუკუნეში ქართველებს ბერძნები ივერთა მონასტერში აღარ აჭაჭანებდნენ. მხოლოდ ერთხელ დაემორჩილნენ თურქეთის ფაშას ბრძანებას და ბენედიქტე ქიოტიშვილი შეუშვეს მონასტერში.

მამა ბენედიქტეს ქადაგება ღვთისმშობლის ხატს უკავშირდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მან სენაკი ითხოვა. ნება დართეს, ქართველებიც მიეღო ამ სენაკში. პირველად ბესარიონ ქიქოძე, სახელგანთქმული გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის ძმა (გარდაიცვალა 1896 წელს) მივიდა მასთან. ბესარიონ ქიქოძემ მთელ კუნძულზე გაითქვა სახელი თავისი უბიწო ცხოვრებით. რუსებმა მისი "ცხოვრება" იმ ბრწყინვალე ბერების "ცხოვრებათა" სიაში შეიტანეს, რომლებიც წმინდანებად უნდა შეერაცხათ. ბესარიონის ხსენების დღეს ისინი 10 ოქტომბერს ზეიმობენ. ამ სენაკში უკანასკნელად ცხოვრობდა ბერი საბა, მაგრამ 1919 წელს, როცა მისი თანამემამულენი იოანე მახარებლის სენაკიდან გამოაძევეს, პროტესტის ნიშნად დატოვა ილია წინასწარმეტყველის სენაკი და საქართველოში დაბრუნდა. საბედნიეროდ, მან თან წაიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერები. ისინი ახლა თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.

ამ ორი სენაკის გარდა მეცხრამეტე საუკუნეში ქართველები ცხოვრობდნენ ათონის ნახევარკუნძულის სხვადასხვა მონასტერსა თუ სენაკში. მათი უმრავლესობა წმინდა დიონისეს მონასტერში მიიღეს, რამდენიმე ბერი კი წმინდა პანტელეიმონის მონასტერში ცხოვრობდა.

ქართველ ბერებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მამა ილარიონი. ის იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონის აღმსარებელი იყო. მას შემდეგ, რაც იმერეთში რუსები დამკვიდრდნენ, მეფე ტრაპიზონში გადავიდა. თან გაჰყვა ილარიონიც. მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა გაძევებული იმერეთის დედოფლის სანახავად. ბოლოს ილარიონი ათონს წავიდა. მაგრამ ბერძნებმა ივერონში არ შეუშვეს და წმინდა დიონისეს მონასტერში მიიღეს. ილარიონი 1864 წელს გარდაიცვალა. მან სიცოცხლეშივე რამდენიმე სასწაული მოახდინა. სიკვდილის შემდეგ კი მისი ცხოვრება ბერძნულად აღწერა მისმა მოწაფემ ბერმა საბამ. აღსანიშნავია, რომ ორივე ილარიონის ცხოვრება, როგორც უფროსის (875), ასევე უმცროსის, თავდაპირველად ბერძნულად დაიწერა. მე ეს ცხოვრება გადავაწერინე.

ერთ თვეში, ბუნებრივია, ძნელი შეიქნა ამომწურავი ინფორმაციის მიღება ყველა საკითხზე, ყველაფრის მოხილვა, ყველა უმთავრესი დეტალის შესწავლა, რაც შუქს მოჰფენდა ათონზე ქართველების მოღვაწეობის ისტორიას. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ამას რამდენიმე მოგზაურობა დასჭირდება. არ გვგონია, საქართველოდან ვინმემ შეძლოს ათონზე მისვლა, ამიტომ ეს ქართველი ემიგრანტების მოვალეობაა და რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. დროთა განმავლობაში ათონზე მობინადრე უკანასკნელი ქართველებიც დაიხოცებიან და ის მცირედიც, რაც კიდევ არსებობს, დაიკარგება...

ინგლისურიდან თარგმნა ნათელა ფოფხაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler