საქართველოში ერთ ძეგლსაც ვერ დავასახელებ, მიხედვა რომ არ სჭირდებოდეს
საქართველოში ერთ ძეგლსაც ვერ დავასახელებ, მიხედვა რომ არ სჭირდებოდეს
საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენს ეკლესია-მონასტრებს, სათანადო ყურადღება რომ სჭირდება, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. საუკუნეების წინანდელ უნიკალურ ძეგლებს ჟამთასვლამ თავისი კვალი დაამჩნია და დღეს თითოეული მათგანი დახმარების მოლოდინშია.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა - თავად მოსახლეობა დაასახელებს ძეგლს, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება. შესაბამისი ბიულეტენის შევსების შემდეგ განაცხადები მოგროვდება სამინისტროში, შეირჩევიან კომპეტენტური პირები და დაიწყება პრაქტიკული სამუშაოები, სამინისტრო კი, თავის მხრივ, ორმოცი ძეგლის აღდგენას დააფინანსებს.

უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე გვესაუბრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი.

- ბატონო ნიკა, სავარაუდოდ რომელი ძეგლები დაფინანსდება საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად და როდის დასრულდება გამოკითხვა?

- უკანასკნელი ვადა 1 ივნისია. მინდა გითხრათ, რომ აქტიურობა დიდია. დასახელებული ორმოცი ძეგლის რიცხვში შევა ის ეკლესია-მონასტრები, რომლებსაც მეტი ეროვნული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ატენის სიონი, უბისა... მისი სახურავიც კრამიტით გადაიხურება. ასევე - ხაშმის სამება, ვარძია. სამუშაოებია ჩასატარებელი მცხეთის ჯვარზე, ალავერდში.

თუ საზოგადოებამაც არ გამოიჩინა ყურადღება, ასეთი ერთჯერადი დაფინანსება ვერაფერს შეცვლის. ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს არა სამინისტროს, არამედ საერთო, ეროვნული საგანძურია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მომავალ წელსაც დააფინანსებს იმ პროექტებს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა დაუჭერს მხარს. თუკი მოსახლეობა კარგად მოუვლის კულტურულ მემკვიდრეობას, მზად ვართ, ბოლომდე დავუჭიროთ მხარი ძეგლის დაფინანსებას.

- განსაკუთრებით რომელი ისტორიული ძეგლი ითხოვს დახმარებას?

- კარგა ხანია, ძეგლებზე არავითარი სამუშაო არ ჩატარებულა, ამიტომ მდგომარეობა ყველგან მეტ-ნაკლებად ერთნაირია. ყველას სჭირდება დახმარება. ცენტრი ფინანსებს გაიღებს, მაგრამ თავად ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა იყოს დაინტერესებული ძეგლის გადარჩენით. სამინისტრო თავის თავზე აიღებს დაფინანსების დიდ ნაწილს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობა მომავალში მიხედავს და ყურადღებას არ მოაკლებს თავის სალოცავებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საპატრიარქოსთან. განცხადებათა დიდი ნაწილი სწორედ იქიდანაა შემოსული.

- როგორია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საერთო მდგომარეობა?

- რაკი წლების განმავლობაში არ არსებობდა რეგულარული მოვლა-პატრონობის მექანიზმი, დღეს მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. საქართველოში ერთ ძეგლსაც ვერ დავასახელებ, მიხედვა რომ არ სჭირდებოდეს. მომავალში ჩამოყალიბდება ისეთი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თვითონვე იზრუნებს სოფელში მდგარი ეკლესიის გადარჩენაზე, თუნდაც კრამიტს გაწმენდს და ბალახებს ამოძირკვავს.

- ვინ დააფინანსებს ეკლესია-მონასტრების აღდგენას?

- მნიშვნელოვანი პარტნიორია "საქართველოს ძეგლთა გადარჩენის ფონდი". "ქართუ-ფონდთან" არსებული ეს ფონდი უმთავრესად ძეგლების გადარჩენაზე მუშაობს. მათ წელს სერიოზული დახმარება გაგვიწიეს. უკვე ნახევარ მილიონამდე ლარია დახარჯული საპროექტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

- სახელდობრ, რომელი ძეგლი დააფინანსეს?

- თბილისის ბეთლემის ეკლესიის სამრეკლო, წრომი, უბისა. მათი მუშაობა მთლიანად ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტებს ეფუძნება. სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე არაფერს აკეთებენ.

- ასე რომ, ქართული ძეგლების რესტავრაციას ქართველები აფინანსებენ?

- საბედნიეროდ, ასეა, თუმცა მცხეთის ჯვარსა და ვარძიას ახლო მომავალში ჩვენი პარტნიორი, რესტავრაციის სფეროში იუნესკოს მრჩეველი ორგანიზაცია "იკრომი" დააფინანსებს. ისინი ძეგლებს თანამედროვე ლაბორატორიულ გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ძეგლებზე მუშაობის დროს მთავარი დიაგნოსტიკის ეტაპია და ამაში ისინი შეუზღუდავ დახმარებას გაგვიწევენ. გარდა ამისა, სამხატვრო აკადემიაში დაარსდა ახალი, რესტავრაციის ფაკულტეტი. შეგვიძლია, სტუდენტები იტალიაში გავგზავნოთ, იქაურები ჩვენთან მოვიწვიოთ. ძეგლის გადარჩენაში პროფესიონალებთან ერთად აქაური სტუდენტები, დამწყები რესტავრატორებიც მიიღებენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, კადრების საკითხიც ნელ-ნელა გვარდება.

ჩვენი სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზეც. მომავალში რეგიონებში დაარსდება ძეგლთა დაცვისა და მემკვიდრეობის ორგანიზაციები. ძეგლების გადასარჩენად დახმარება უკვე ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეთანხმების მიხედვით მოხდება.
ბეჭდვა
1კ1