"ბრმა გული სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს ვერასოდეს მიაგებს"
"ბრმა გული სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს ვერასოდეს მიაგებს"
მაინც, როგორ უნდა იქცეს კაცი მშვიდობისმყოფელად? ხომ აშკარა და ლოგიკურია, - ვინც საკუთარ სულს არ მოუტანს მშვიდობას, არ განახლდება და ქრისტეში არ დაიბადება, ვერც სხვას ექცევა მშვიდობისმყოფელად!

რუსი რელიგიური ფილოსოფოსი ივან ილინი თანამედროვეობის სულიერ იარებზე, კრიზისსა და მისგან გამოსავალზე საუბრობს, რომელიც, ერთი შეხედვით, თვალსაჩინო არ გახლავთ და რომელმაც ჯერ ადამიანის სულს უნდა უწამლოს და მშვიდობა მოჰგვაროს, შემდეგ კი - სრულიად კაცობრიობას...

თანამედროვე ადამიანს აღარაფრის სწამს და ყველაფერში ეჭვი ეპარება. ამიტომ ის, რაც საეჭვოა, მისთვის ღირებული აღარც არის. იგივე გვემართება თავისუფლების მიმართაც, რის გამოც ხშირად ვკარგავთ მას.

ზუსტად ვიცით, რატომაა თავისუფლება აუცილებელი, რადგან უმისოდ სულიერებასა და ღმერთთან მისასვლელ გზას ვკარგავთ.

სანამ ადამიანი თავისუფლებით სარგებლობს, მასზე ცოტას ფიქრობს - თავისუფლება ჰაერს წააგავს და სწორედ მაშინ გვახსენებს თავს, როდესაც სული გვეხუთება... თავისუფლებაც ჰაერივით უპირობო და შეუცვლელია.

რატომ?

იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს და საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც მშვიდობისმყოფელად იქცეს, ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სხვისი თავისუფლების მოძულე კაცმა სიყვარული არ იცის - მას გაყინული გული აქვს.

მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლად შეიძლება იწამო და ილოცო, რადგან ნამდვილი, ცოცხალი რწმენა მუდამ სულის უკიდურეს სიღრმეებს სწვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რწმენა არაგულწრფელია და აღარც ჰქვია რწმენა.

მორწმუნის ლოცვა ღრმა ჩასუნთქვას, გულის გალობას ან ღვთიურ ალს წააგავს, ამიტომ ადამიანი, რომელიც რწმენისა და ლოცვის თავისუფლებას თრგუნავს, ვინც უნდა იყოს - უღმერთო თუ რელიგიური ფანატიკოსი, თავადვე ვერ ეგუება ვერც ლოცვას, ვერც რწმენას, მასში არ არის ღმერთი და ამიტომ ასეთი სულისგან სიკეთის ქმნას არავინ უნდა ელოდოს.

მსგავსად ამისა, ადამიანს აზროვნებაც და კვლევაც თავისუფლების პირობებში ძალუძს, რადგან ნამდვილი აზროვნება თვითმყოფადია და თავსმოხვეულ ავტორიტეტებს ვერაფრით ჰგუობს.

ადამიანი ხილულობას რომ ეზიაროს და რწმენით აღივსოს, თავისუფლება უნდა მოიხვეჭოს. მხოლოდ თავისუფალ რწმენას აქვს სულიერი ძალმოსილება, მხოლოდ მას ძალუძს, აქციოს კაცი ჭეშმარიტ მშვიდობისმყოფელად და სწორედ იგი აყალიბებს პიროვნების ხასიათს.

ადამიანის ყოველნაირ შემოქმედებას სჭირდება თავისუფლება - ნებაყოფლობითი თავდადება, განჭვრეტილი ინიციატივა, სიყვარული და შთაგონება.

მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს სინდისის აქტის განცდა, სინდისის ხმის დაყურადება და ადეკვატურად მოქმედება. ამ ძვირფას აქტს ვერც აკრძალვა ახშობს და ვერც ბრძანება, რადგან სულისმიერია, მთლიანი, ღრმა და იდუმალი. თავისუფლების ხელყოფის მცდელობა იმას უდრის, ადამიანს სინდისი წაართვა, რაც მხოლოდ უსინდისო ბუნებას ძალუძს.

ადამიანის ცხოვრება თავისუფლების გარეშე უაზრობაა და შეუძლებელი.

ეჭვგარეშეა, ძალდატანებით აზროვნება - მოჩვენებითი აზროვნება, აზრის სიმულაციაა, ძალდატანებითი სიყვარული კი - არშემდგარი სიყვარული. თავისუფალი გულის მონაწილეობის გარეშე წარმოთქმული ლოცვა პირფერობაა, რომელსაც მშვიდობა კი არა, ზიანი მოაქვს.

თავისუფლებას მოკლებული ადამიანი სულიერად კვდება. შეუძლებელია, ასეთს ვენდოთ და დავეყრდნოთ. წარმოუდგენელია, ასეთმა არსებამ ვინმეს მშვიდობა მოუტანოს. უკეთეს შემთხვევაში, ისეც ხდება, რომ მისი ჯანმრთელი ინსტინქტი და ცხოველმყოფელი გული ტოვებს გარეგან სფეროს და სულიერ სიღრმეში იძირება, იქ იქმნის ერთგვარ კატაკომბურ ცხოვრებას და თავისუფლებაში ჰგიებს.

იგივე ხდება არა მხოლოდ სულიერ ცხოვრებაში, არამედ ყოფაშიც. მარტოოდენ თავისუფალი შრომა არ ამცირებს ადამიანს და ამიტომ არის ის პროდუქტიული. ძალდატანებას არასგზის არ ძალუძს, თავისუფალი ინტერესი და შემოქმედება შეცვალოს.

ადამიანის თავისუფლებას ორი უდიდესი საფრთხე ემუქრება - თავისუფლების შეუფასებლობა, რასაც მისგან განდგომამდე მივყავართ, და თავისუფლების ბოროტად გამოყენება.

თავისუფლებას ის ადამიანი ან ხალხი კარგავს, ვინც კურთხეულ თავისუფლებას არ დააფასებს ან ბოროტად გამოიყენებს.

დაკარგული თავისუფლების დაბრუნება ძნელია. საამისოდ ბრძოლა და იმის გაცნობიერებაა საჭირო, რომ იგი ჰაერივით შეუცვლელია. სწორედ მაშინ იფეთქებს ადამიანში თავისუფლების ჭეშმარიტი წყურვილი და მისი ინსტინქტური და სულიერი მოთხოვნილებანი ერთმანეთს ერწყმის.

თავისუფლება, უბრალოდ "ზემოდან" ნაბოძები კი არა, სწორად განხორციელებული უნდა იყოს, რადგან "ზემოდან" ნაბოძები თავისუფლება შესაძლოა, ფუჭ საჩუქრად იქცეს. საჭიროა, კაცი მის ბუნებას, მიზანსა და მნიშვნელობას ჩასწვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებას იგი თვითნებობად, "ყველას წინააღმდეგ ყველას ბრძოლად" და ქაოსად აქცევს.

თავისუფლება - სულიერი ჰაერია, მაგრამ არასულიერ ადამიანთათვის, შესაძლოა, ცთუნებად და საფრთხედაც იქცეს.

კულტურა თავისუფლების გარეშე - ყალბი კულტურა, ფუჭი მოჩვენებითობაა. უკულტურო ადამიანი მას აღვირახსნილობის უფლებად ან თვითნებობისკენ მოწოდებად აღიქვამს.

***
კრიზისი, რომელიც თავს დაგვატყდა, მარტოოდენ პოლიტიკური და სამეურნეო ხასიათისა როდია. მისი არსება სწორედ სულიერი ბუნებიდან მომდინარეობს და ყოფიერების უკიდურეს სიღრმეებს სწვდება.

აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ ყოველდღიური წვრილმანებისგან და შორს ჭვრეტა ვისწავლოთ, დავფიქრდეთ, საით მიემართება ან სად შეიძლება გადაიჩეხოს თანამედროვე მსოფლიო, წინ რა გველის, რა უნდა ვიღონოთ, რომ უბოროტეს შესაძლებლობებს განვეშოროთ.

არსებობს კანონი, რომლის ძალითაც მომავალი მხოლოდ მისთვის ხდება ხილული, ვინც სულიერი თვალით იმზირება. სწორედ ამიტომაც უნდა შევაღწიოთ ჩვენივე არსების იმ სიღრმეში, "ადამიანურ სუბსტანციაში", რომელსაც არისტოტელე სულიერ "ენტელექიას" უწოდებდა, გამოწვლილვით განვიხილოთ გული და რაც უფრო სერიოზული, ღრმა და გულწრფელი იქნება ეს ანალიზი, მით უკეთესი, რადგან ჩვენს დროს უდიდესი უბედურებანი ჰკიდია ტვირთად. საფრთხეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვერიდებით, თუ სულის უკიდურეს სიღრმეს ჩავწვდებით და კაცობრიობა კვლავ გაიკაფავს გზას ღმერთისკენ.

ეს სრულებითაც არ გულისხმობს მარტოოდენ "ხელახალ ზნეობრივ აღორძინებას", რაც ახალი, იაფფასიანი მოდაა ხოლმე და უკეთეს შემთხვევაში ზედაპირულ დისციპლინას უზრუნველყოფს. კაცობრიობას კი სულიერი განახლება, ინსტინქტის გაკეთილშობილება და რწმენის დაბრუნება სჭირდება და არა ანტიქრისტეს დანაპირები "სუფთა ხელთათმანი".

ძველი გზები ამოიწურა და მათ სისასტიკისა და ტექნიკის საშინელ და ჯოჯოხეთურ გამოვლინებებამდე მიგვიყვანეს. იმედია, ახლოვდება დრო, როცა შინაგან განახლებაზე ვიფიქრებთ და ღვთის შემწეობასა და ხსნას დავუწყებთ ძიებას.

ჩვენი დრო - შემობრუნების დროა. ადამიანის არსების ნეგატიური ძალები ასე არასოდეს დარაზმულან და არც სამყაროზე გაბატონება უცდიათ ამგვარი დამანგრეველი მეთოდებით. ძველი წონასწორობა დარღვეულია და იმ ყველაზე უარეს საფრთხეს, რომელიც გველის, მხოლოდ სულიერი განწმენდა-განახლება თუ უპირისპირდება.

ხშირად ამბობენ, - კაცობრიობის გადარჩენა მხოლოდ "ახალ გამოცხადებას" ძალუძს, ქრისტეს გამოცხადება "ამოიწურა", კაცობრიობამ უკვე განვლო განღმრთობის, მადლიერების, გულისმიერი ჭვრეტისა და ცხოველმყოფელი სიკეთის ყველა გზა, რომლებმაც არაფერი მოგვიტანაო. თითქოს კრიზისი ჩვენი კრიზისი კი არა, უფალი ღმერთის კრიზისია. სინამდვილეში სწორედ ჩვენ ვერ შევძელით ღვთაებრივი გამოცხადების გათავისება და უფალში ცხოვრება... ღვთაებრივი გამოცხადების მადლი ჩვენთვის არავის წაურთმევია და იგი ისევ ისე გვაცისკროვნებს, როგორც ოდითგან.

თანამედროვეობის პირმშომ უნდა ირწმუნოს, რომ მისი ბედი იმაზე კიდია, რასაც სამყაროში გამოასხივებს, რომ სულიერად უნდა განიწმინდოს, რადგან ყრუ და ბრმა გული სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს ვერასდროს მიაგებს.
ბეჭდვა
1კ1