საუკუნეების წინ თელავში მიწისქვეშა გვირაბების სისტემა არსებობდა
საუკუნეების წინ თელავში მიწისქვეშა გვირაბების სისტემა არსებობდა
ადგილობრივთა ძალიან მცირე ნაწილს თუ აქვს ინფორმაცია, რომ საუკუნეების წინ თელავში მიწისქვეშა ქალაქი არსებობდა. თელავის ქვეშ გამავალი საიდუმლო გვირაბების შესახებ ქალაქის ისტორიის ფურცლებს ცნობები თითქმის არ შემოუნახავს, - ვკითხულობთ "Knews.ge"-სგან.

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ამირან გრიშუკაშვილს მრავალჯერ უნახავს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გამავალი საიდუმლოებით მოცული გვირაბი. გრიშიკაშვილი იხსენებს, რომ ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ჩირაღდნებით ხშირად შედიოდა გვირაბის სიღრმეში, რომელიც დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ ორად იყოფოდა. ამირან გრიშიკაშვილს ისიც ახსოვს, რომ გვირაბის მარცხენა მხარეს ჩამოდიოდა რუ, რომელიც "უკვდავების წყაროს" სახელით იყო ცნობილი.

"ამ თაღის შიგნით მეორე თაღია, რომელშიც ბავშვები ფეხზედგომელა ვერ შევდიოდით. ჩირაღდნებით დაახლოებით 4-5 მეტრაზე შევდიოდით. გვირაბის მარცხენა მხრიდან დანახული გვაქვს რუ, წმინდა წყალი. მივედით იქამდე, სადაც წყალი ჩამოდიოდა. მერე შეგვეშინდა. შიგნით შესვლას ვეღარ ვბედავდით. ეკლესიის მხარესაც მიდიოდა პატარა გვირაბი, მაგრამ იქ ვეღარ შევდიოდით", - ამბობს ამირან გრიშიკაშვილი.

ისტორიკოსი ზაზა ცაკაშვილი გვირაბის ისტორიისა და მნიშვნელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. მისი განმარტებით, როდესაც XIII საუკუნეში თელავს მონღოლი მოხელე სადუნ მანკაბერდელი მართვდა, გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მისი სასახლე იდგა. მისივე თქმით, ეს გვირაბი მონღოლთა მმართველის დროინდელია. ეს საიდუმლოებიოთ მოცული გვირაბი მე-18 საუკუნისაა და ის გორიჯვრის ეკლესიას უკავშირდებოდა.

"ისტორიულად ეს შეიძლება ეკლესიასთანაა დაკავშირებული, რადგან მაშინ მონასტერიც იყო, როცა სავარაუდოდ აქ იყო მმართველი, მფლობელი სადუნ მანკაბერდელი. ამას გამოკვლევა და შესწავლა სჭირდება", - აღნიშნავს ზაზა ცაკაშვილი.

KARIBCHE

თელავის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საიდუმლო გვიარაბების თემით დაინტერესებულია. ძეგლთა დაცვის სპეციალისტი ვახტანგ გაგნიძე აცხადებს, რომ გვირაბის შესწავლის პროცესში არქეოლოგები და დარგის ექსპერტები ჩაერთვებიან.

70 წლის ლამარა შათირიშვილი, დაახლოებით ნახევარი საუკუნეა, რაც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მას წინაპრებისაგან სმენია, რომ ჩოლოყაშვილის ქუჩა დაქსელილი იყო საიდუმლო გვირაბებით, რომელიც გორიჯვრისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ხანში შესულ ქალბატონი იმასაც იხსენებს, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, სამშენებლო სამუშაოების დროს, მისმა მეუღლემ მიწის სიღრმეში გამავალი 10 მეტრამდე სიღრმის გვირაბი აღმოაჩინა.

თელავში გამავალი საიდუმლო გვირაბებიდან ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ბატონის ციხის საიდუმლო გვირაბი, რომელსაც ჩასასვლელი პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან აქვს. გვირაბში გამოედინება საიდუმლო წყარო, რომლითაც ომის დროს სამეფო კარი და სასახლეში შეხიზნული მოსახლეობა მტრისგან მალულად მარაგდებოდა. არქეოლოგებმა ბატონის ციხის საიდუმლო წყაროს აზომვითი სამუშაოები უკვე დაასრულეს. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი აცხდებს, რომ ბატონის ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მუზეუმი სპეციალური ბილიკით დაუკავშირდება წყაროს, რომლის დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.მუზეუმის დირექციამ შესთავაზა, ბატონის ციხის ჩრდილოეთ კედელზე გაკეთდეს კიბე. მას გაუყვება საჰაერო ბილიკი, რომელიც ბჯენებზე იქნება დაშენებული. შენობის ჩრდილოეთი მხრიდან, ფანჯრიდან, შესაძლებელი იქნება გვირაბში შესვლა. შესაძლებელია, იქ კარებიც კი გაკეთდეს. სასწავლო პროცესის ხელის შეუშლელად დამთვალიერებლები მოხვდებიან საიდუმლო წყაროზე.
ბეჭდვა
1კ1