ეკლესია ჩვენი სათვისტომოა
ეკლესია ჩვენი სათვისტომოა
ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლი ლანა შიუკაშვილი გაჭირვებამ სამშობლოს მოაშორა. უცხოეთიდან ესიყვარულება საქართველოს და უფალს მადლობას სწირავს, რომ ამ ქვეყანაში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი დაფუძნდა. წირვა-ლოცვა მშობლიურ ენაზე აღევლინება და ემიგრანტ ქართველებს ქართველობას უნარჩუნებს.

ტაძრის წინამძღვრის, იღუმენ ლუკას (ფალავანდიშვილი) ლოცვა-კურთხევით, ლანა "კარიბჭის" მკითხველს ესაუბრება. ის შეწუხებული ჰყვება აგვისტოს ცნობილ მოვლენებზე და იმ დროს ესპანეთში მყოფ ქართველთა ერთობაზე...

" - შაბათს, დილით წირვაზე მისულებმა თავზარდამცემი ამბავი შევიტყვეთ, - ამბობს ლანა.

- უნდა დაბრუნდეთ, ახლა ძლიერ უჭირს მამულს. სიმხდალე იქნება, თუ არ დავეხმარებით, - ქადაგებისას სიმკაცრე პირველად გაკრთა იღუმენ ლუკას ხმაში, - ერისკაცი რომ ვიყო, წუთითაც არ დავფიქრდებოდი...

- წავალთ, - თქვა რამდენიმემ. აასრულეს კიდეც. მეორე დღესვე გადაფრინდნენ შორი გზის მოვლით.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოში... საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტაძრის წინამძღვარმა ესპანეთის შუაგულში. დილა-საღამოს პარაკლისს იხდიდა, შუადღისას - პანაშვიდს.

- ყველაფერი კარგად იქნება, - გვამშვიდებდა მამა ლუკა, - ღმერთი გვიშველის!

ეჭვი და ყოყმანი არ გამკრთალა მის სახესა თუ ხმაში. ამიტომ ხალხს, რწმენასთან ერთად, ძალაც ემატება.

ეკლესია ჩვენი სათვისტომოა, სამშობლოა, ღმერთის შემდგომ ყველაზე დიდი იმედია აქ. ჩვენი წინამძღვარი კი ღმერთმა მხსნელად მოგვივლინა. ათობით მორწმუნეს ათი ურწმუნო მოჰყავს ტაძარში.

- რა გვეშველება, მამაო? - შეეკითხა ახალმოსული ქართველი მოძღვარს.

- ყველაფერი კარგად იქნება! - იყო პასუხი.

თეთრი ქსოვილი შევიძინეთ, ფერადი საღებავებით ტრანსპარანტებზე წავაწერეთ მკაცრი მოთხოვნა: "შეწყდეს რუსეთის აგრესია".

პირველ დღეს აქციის ჩატარების ნებართვა არ გვქონდა, ამიტომ რამდენიმე ათეული კაცი შევიკრიბეთ. მომდევნო დღეებში მანიფესტაცია რუსეთის საელჩოსთან მოეწყო. ასობით ქართველი ჩამოვიდა აქციაზე დასასწრებად, ტკივილის გასაზიარებლად.

უწმინდესი სამების ტაძრიდან გვაიმედებდა: "ნუ შეგეშინდებათ, ქართველებო, რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა თავისი მფარველი კალთა ჩვენს სამშობლოს. ღმერთი არ მიგვატოვებს, ის ჩვენთანაა!"

ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანებინა მამა ლუკამ ტაძრიდან სტიქაროსნებს. გასაოცარი სიტყვა წარმოთქვა, დალოცა მრევლი და სიმშვიდისკენ მოუწოდა. გაგვახსენა გმირული წარსული, უკვდავი წინაპრები. შავ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილმა მედავითნე-მგალობელმა "შავლეგო" შემოსძახა. პოლიციელთა ესკორტი მოაცილებდა მშვიდობიან მანიფესტაციას. მოძღვარმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა დიაკვან პიროსთან ერთად. ცრემლი უკრთოდა თვალებში ყველას. უცბად ვიღაცამ დაიძახა: - მოსანათლი ვარ, მომნათლეთ, ძმებო! უზარმაზარ ემბაზში წყალი ჩაასხეს და ოცდაათ წელს მიღწეული მამაკაცი შეუყენეს ქრისტეს გზას.

გულში ჩაგვწვდა უწმინდესის ქადაგება: "როდესაც წმინდა გიორგი დიოკლეტიანეს ციხეში ჰყავდა გამოკეტილი, მოულოდნელად მას უფალი იესო ქრისტეს ხმა შემოესმა, - ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ, არ მიგატოვებ! ასევე არ არის მარტო ჩვენი სამშობლო, საქართველო, თვით უფალია მისი მფარველი!"

მამა ლუკას ლოცვა-კურთხევით გახსნილ ანგარიშზე თანხის შეწირვა გადავწყვიტეთ, რომელსაც საპატრიარქოს გადავურიცხავთ ომში დაზრალებულთათვის.

- თქვენ ფიზიკურად ვერ ეხმარებით სამშობლოს გასაჭირში... ილოცეთ შვილებისა და საქართველოსთვის და მატერიალურად დაეხმარეთ, - გამუდმებით მოგვიწოდებდა მოძღვარი. ქართველთა აქციაზე თვალცრემლიანი ქალბატონი ჩვილ ბავშვებთან ერთად მოვიდა მოძღვართან. დახმარება სთხოვა - რუსეთის მოქალაქე ქართველი იყო. საელჩოში სურდა მისვლა და პასპორტის დახევა.

ლამის თავზე დაგვათენდა.

საქართველოდან სასოებით ჩამოტანილი, შავარშიამოვლებული ხუთჯვრიანი დროშა თავგადახდილ მანქანაში მსხდომთ ეჭირათ. მამაკაცებს საქართველოს დროშიანი მაისურები ეცვათ, ხუთჯვრიანი ქუდები ეხურათ. ზოგს მხარზე ჩვენი სიმბოლო ჰქონდა დამაგრებული და გლოვის ნიშნად მარცხენა ხელზე შავი ბაფთა ეკეთა.

კატალონიის მოედანზე მოეწყო მეოთხე აქცია, რომელსაც შემოუერთდნენ ესპანელები, კატალონიელები, უკრაინელები, პოლონელები, რუმინელები, ლიტველები, ამერიკელები და ბარსელონის შემოგარენიდან ჩამოსული ქართველობა.

- გაუმარჯოს ერთიან, მართლმადიდებელ, დამოუკიდებელ საქართველოს! - ისმოდა სამ ენაზე მეგაფონით მოსაუბრე ორატორის ხმა.

საქართველოს პატრიარქმა კვლავ მოგვიწოდა სამების ტაძრიდან: - ნუ შეგეშინდებათ, ქართველებო, ამქვეყნად ყველა მწუხარება წარმავალია, ჩვენი მწუხარებაც, ღვთის მადლით, სიხარულით შეიცვლება. ჩვენთან არს ღმერთი!"
ბეჭდვა
1კ1