ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
საფარა
საფარის მონასტერი ახალციხის მახლობლად, მთაში მდებარეობს. მონასტერსა და ქალაქს შორის ერთადერთი დასახლებული პუნქტია - სოფელი ღრელი. ტყეში ჩაფლული მონასტერი ხეობას გადაჰყურებს და მხოლოდ მიახლოებისას მოულოდნელად იშლება თვალწინ. ალბათ ამიტომაც ეწოდა "საფარა".

მონასტერში ცხრა დიდი და პატარა ეკლესიაა: წმინდა საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი (XIII-XIVს.ს.), ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (XIს.) და მცირე სამლოცველოები (XIV-XVIს.ს.). აქვეა სამრეკლო, ჯაყელების სასახლე და ციხე-გალავანი (XIII-XIVს.ს.), რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები (XIXს.).

ყველაზე ძველი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია (Xს.). მონასტერი აღორძინდა XIII საუკუნეში, როცა მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი საბას სახელით აქ ბერად შედგა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, ვიდრე ბექა ჯაყელი (სარგისის ძე) და დემეტრე თავდადებული 1281 წელს მონღოლებთან ერთად ეგვიპტეში გაილაშქრებდნენ, "არღუნ წარმოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა, რომელი დაბერებული იყო და სენთაგან სიბერისათა ხსნილ იყო ყოველთა ასოთა". სავარაუდოდ, ამ პერიოდში უნდა აღკვეცილიყო სარგისი ბერად და ბექასაც მაშინ უნდა აეგო წმინდა საბა განწმენდილის ტაძარი მამისთვის. მას შემდეგ საფარა ჯაყელების რეზიდენციად გადაიქცა.

ქტიტორები გამოსახული არიან ტაძრის სამხრეთ კედელზე. მათ თან ახლავს წარწერები: "საბა ათაბაგი" - სარგის ჯაყელი, "ბექა მანდატურთუხუცესი" - სარგის ჯაყელის ძე, "სარგის სამცხის ათაბაგი" და ყვარყვარე - ბექას შვილები. აქვეა მათი სავედრებელი ლოცვა წმინდა საბას მიმართ.

ტაძრის სარკმლის წარწერა გვაუწყებს ხუროთმოძღვრის ვინაობას: "სრულ იქმნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან". სხვა წარწერებიდან ვიგებთ, რომ ეკლესიის მშენებლობაში ჯაყელთა ქვეშევრდომ ფეოდალებსაც მიუღიათ მონაწილეობა.

წმინდა საბას ტაძარი ძლიერ ჰგავს თამარისა და ლაშა-გიორგის დროინდელ ეკლესიებს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი) და XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი მასშტაბისა და მხატვრული ღირებულების ტაძარი იშვიათად შენდებოდა იმ პერიოდში.

მიძინების ტაძარს ადრე ამშვენებდა XI საუკუნის, მწვანე ქვის მოაჯირიანი კანკელი (ამჟამად დაცულია ხელოვნების მუზეუმში).

სახელი "საფარა" X საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში. ცნობილი არიან მოღვაწეები: ივანე საფარელი, ქართლის კათალიკოსი გაბრიელ საფარელი, იოანე მტბევარი-საფარელი.

საფარელის წოდება მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აქ საეპისკოპოსო კათედრაც იყო. ბექა-აღბუღას სამართალში ნახსენებია შემდეგი სიტყვები: "აწყვერისა და საფარისა, ვითა ძველთაგან ყოფილიყო, არცა დიდსა მეფესა მოეშალა და ჩვენ განაღამცა ეგრევე დავამტკიცეთ". ცნობილია, რომ XI საუკუნეში საფარა მონასტერს წარმოადგენდა.

XVI-XVII საუკუნეებში სამცხეს თურქები დაეპატრონნენ და საფარა დაცარიელდა. მოსახლეობის ნაწილი იმერეთში, სოფელ ჩხარში გაიხიზნა. მათ თან წაიღეს მთავარი ხატი წმინდა საბასი. ნაწილმა კი მონასტრის განძთან ერთად ქართლის სოფელ არადეთს შეაფარა თავი.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში საფარის მონასტერში მხოლოდ ერთი მღვდელი - მამა გიორგი ყოფილა. მცირე სამლოცველოებში წირვა ზოგჯერ ტარდებოდა, მაგრამ მონასტერი მაინც უპატრონოდ იყო.

1828 წელს, "შემდეგ ახალციხის აღებისა რუსთაგან, საფარა შტატის ეკლესიად დაიდო". 1891-1892 წლებში აქ ზედაზნის მონასტრიდან გამოსული ქართველი მღვდელმონაზონი, მამა ათანასე ცხოვრობდა სამ მორჩილთან ერთად. მალე ქართველები მონასტრიდან დაითხოვეს და "მათ მაგიერ გაამწესეს რუსეთიდან ჩამოსული არქიმანდრიტი პაისი რუსთა მღვდელმოზონებითა და მორჩილებით". მათ მონასტრის შესასვლელში ორსართულიანი შენობა და სენაკები ააგეს, სამლოცველოები შეათეთრეს, წმინდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული ტრადიციული გუმბათები დაადგეს (შემდეგ გუმბათები პირვანდელი სახით აღადგინეს). მონასტერმა კომუნისტური ხელისუფლების დამყარებამდე იარსება. საბჭოთა პერიოდში აქ პიონერთა ბანაკი ყოფილა.

საფარაში ამჟამად მამათა მონასტერია. მისი წინამძღვარია არქიმანდრტი არსენი (ასანიძე).

სიწმინდეები
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი (პერანგი), რომელიც მას ბეთლემში, იესო ქრისტეს შობის ღამეს ეცვა. მისგან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

ღვთისმშობელმა გარდაცვალების წინ თავისი პერანგი ერთ კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იგი სხვა ქალწულისთვის გადაეცა. ამ ოჯახში სიწმინდე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, კვართი საქართველოში მე-12 საუკუნეში, სხვა გადმოცემით კი - მე-8 საუკუნეში, ბიზანტიაში გაჩაღებული ხატმებრძოლობის დროს ჩამოიტანეს. ღვთისმშობლის კვართი საუკუნეების განმავლობაში ხობის მონასტერში ინახებოდა.

KARIBCHEხორნაბუჯი
"ყარაღაჯის სამხრით, სადაც დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ კლდესა ზედა, შინა არს ციხე მაგარი და იყოფა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსვლასა მოოხრდა", - ეს სიტყვები ამოღებულია ვახუშტი ბატონიშვილის წიგნიდან "აღწერა სამეფოსა საქართველოსი".

ხორნაბუჯის ძლიერი ციხე პირველი და მთავარი ზღუდე იყო კახეთსა და საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში. იგი ქედის ფერდობის თხემზე დგას. ციხის მტკიცე კედლებით შემოფარგლული გალავნის შიგნით გაშლილი იყო ქალაქი.

ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი სიძველით, სიდიდითა და სილამაზით მთელ საქართველოში უბადლო იყო.

იმდროინდელ მშენებლებს საუცხოოდ გამოუყენებიათ ჭოეთის გარემო და აქ მაგარი და იმედიანი ციხე-ქალაქი აუგიათ, რომელიც განური და მკვიდრი ქვითკირის გალავნით შემოუზღუდავთ. ზოგიერთი ცნობით, ხორნაბუჯი ერთხანს კახეთ-ჰერეთის სატახტო ქალაქიც იყო, ვიდრე XI საუკუნეში ამ როლს თელავს დააკისრებდნენ. ციხე-ქალაქში შემდგომში მჯდარა ერისთავი, რომელიც ხორნაბუჯელად იწოდებოდა.

ამ მხრიდან შემოსეულ მტერს პირველი ხორნაბუჯის საერისთავო ეგებებოდა. ხორნაბუჯი დაეცა XIII საუკუნეში, მონღოლთა ურდოების შემოსევის შემდეგ. გადარჩენილი მოსახლეობა აიყარა და ახლანდელი სიღნაღის გარშემო დასახლდა.

ხორნაბუჯის ციხესიმაგრე საბოლოოდ განუახლებია ერეკლე მეორეს. 1837 წელს ციხე უნახავს და დაუხატავს პოეტ მიხაილ ლერმონტოვს. სამწუხაროდ, ხორნაბუჯის ციხესიმაგრე და მისი მიდამოები ჯეროვნად შესწავლილი არ არის. ამ ნაკლის შევსებით საქართველოს წარსულის ბევრ საკითხს მოეფინებოდა ნათელი.

KARIBCHEთუშეთის ტრადიციული სახლი
სამსართულიანი კოშკის (ბაშტე) მეორე სართული ადამიანის საცხოვრებლად გამოიყენებოდა. კედლები შიგნიდან თიხამიწით იყო შელესილი. სათავსში სარკმლებთან ახლოს კერაა გამართული. მის მარჯვენა მხარეს მამაკაცთა დასაჯდომებია მოწყობილი, მარცხენა მხარეს - ქალებისა. კერის ჭერში ქვაბის საკიდელია დაშვებული. კერის ზემოთ, ჭერისგან ოდნავ დაცილებით, ძელები თუ საკიდი კონსტრუქციაა მოწყობილი, რომელზეც ფიქალის ფილაა ჩამოდებული. ამ სართულის კედლებში კარის გარდა სარკმლები, საკვამური ხვრელი და სათოფურებია დატანებული. შენობის ზედა, დამასრულებელი სართული ძველ ნაგებობებში თავდაცვის მიზნით გამოიყენებოდა. ამ სართულზე სათოფურების გარდა სალოდეებიც იყო მოწყობილი, საიდანაც ახლოს მოსულ მტერს თავზე ქვას აყრიდნენ.

მოგვიანებით კოშკურ საცხოვრებელს ახალი ელემენტი უჩნდება კარსეს სახით. იგი წარმოადგენს მთელ სიმაღლეზე მიშენებულ მეორე ნაგებობას.

თუშეთის უნიკალური დასახლებები და ნაგებობები სავალალო მდგომარეობაშია და დახმარებას მოითხოვს.

აკაკის ნაკვესები
ქართული ბიბლია
ერთხელ აკაკის ახალგაზრდა კაცი ეწვია სხვიტორში. მგოსანი აივანზე იჯდა, წინ ქართული "დაბადება" ჰქონდა გადაშლილი.

სტუმარი ათეისტად თვლიდა თავს და გაკადნიერებულმა დამცინავი ღიმილით გადახედა წიგნს:

- რად გინდათ, ბატონო აკაკი, მაგას რომ კითხულობთ, რა სარგებლობა უნდა მოგცეთ მაგ ზღაპარმა?

- ო, ჩემო შვილო, - უპასუხა აკაკიმ, - ვისაც სურს ქართული ენა ღრმად შეისწავლოს, ეს წიგნი უნდა იკითხოს ხშირად და ბეჯითად. თუმცა მარტო ეს არ არის საკმარისი, - დასძინა მან მცირე დუმილის შემდეგ, - ამ მიზნით ხალხშიც უნდა იაროს, დააკვირდეს ხალხის ენას, ჩასწვდეს მის ბუნებას...

იუბილეზე
აკაკის იუბილეზე სცენაზე პოეტის გვერდით იაკობ გოგებაშვილი იჯდა. აკაკი მილოცვებს უსმენდა და დროდადრო შთაბეჭდილებებს უზიარებდა იაკობს.

სხვა მრავალთა შორის აკაკის მიულოცა თავად-აზნაურთა წინამძღოლმა პავლე თუმანიშვილმაც. მან ქართული კარგად არ იცოდა. თავისი მისალოცი ადრესის კითხვა ასე დაიწყო: "ჩვენო სასიკადულო მგოსანო".

რამდენიმე წინადადება წაიკითხა და შემდეგ ადრესის ტექსტი, კითხვის გასაგრძელებლად, გადასცა დელეგაციის ერთ-ერთ წევრს.

აკაკიმ იაკობ გოგებაშვილს ღიმილით გადაუჩურჩულა:

- გაიგონე, რა მითხრა პავლემ? ჩვენო სასიკვდილო მგოსანოო.
ბეჭდვა
1კ1