ემიგრანტის დღიური
ემიგრანტის დღიური
ხმას არავინ იღებდა, მხოლოდ ვლოცულობდით
ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა თითოეულმა სამშობლოს მოყვარე მამულიშვილმა გაითავისა, ქვეყნის ჭირი თავისად მიიჩნია და პოზიცია საჯაროდ გამოთქვა.

განსაკუთრებული მღელვარება კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ქართველებმა გამოხატეს. ერის წყლული წყლულად დარჩა და ამ იარებს დღემდე იშუშებენ.

ინტერნეტის დახმარებით დავუკავშირდი ესპანეთში, ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის იღუმენს, მამა ლუკას (ფალავანდიშვილი) და მისი ლოცვა-კურთხევით, ესპანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, მამა ლუკას სულიერ შვილს ლაშა ნადირაძეს ვთხოვე საუბარი:

- რიცხობრივი სიმრავლით გათამამებული მტერი გამუდმებით ესხმოდა თავს ამ მიწიერი სამოთხის ბინადარ უმამაცეს ერს. მაგრამ ამგვარი განსაცდელების ჟამს უფალი ყოველთვის იფარავდა თავის ერს და ერთი შეხედვით დასაღუპად განწირულ ქვეყანას სასწაულებრივად აღადგენდა. უპირველესად სწორედ აქ იწყებოდა საქართველოს სულიერი გამთლიანება.

ჩვენ, XXI საუკუნის ემიგრანტები, ახლაც ეკლესიამ გაგვაერთიანა. უცხო მიწაზე, სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანი განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება. ამ დროს შეუძლებელია არ გაგახსენდეს გუგული მგელაძის კინოფილმი "ფესვები", რომელშიც აღწერილია ქართველი კაცის ნოსტალგია და სულის სიმარტოვე. სწორედ ამ დროს უფიქრდება კაცი ცხოვრების რაობას, სიკეთესა და ბოროტებას... და მიდის იქ, სადაც ეგულება თავისი სამშობლო უცხო მიწაზე - ეკლესიაში, სადაც იღუმენ ლუკას დაუღალავი ლოცვისა და მოღვაწეობის შედეგად იგი ბარსელონის ქართული ეკლესიის მრევლი ხდება. აქ პოულობს მარტოსული და მიუსაფარი სითბოს და სულიერ საზრდოს. ამიტომაც ადვილი წარმოსადგენია, რა სულიერ განცდებს გამოიწვევდა ჩვენს ტაძარში 2008 წლის 7 აგვისტოს ღამე.

***
7 აგვისტო. თბილისის დროით 23.30 საათი. სამხრეთ ოსეთში (ისტორიული სამაჩაბლო) სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ოსი სეპარატისტები და რუსი სამხედროები, რამდენიმე დღეა, სტრატეგიული სიმაღლეებიდან ქართულ სოფლებს ესვრიან. იწყება ქართველების შეტევა ცხინვალზე. იღუმენი ლუკა და დიაკვანი პიროსი მრევლთან ერთად ტაძრის სატრაპეზოში ტელევიზორთან არიან შეკრებილნი და სულგანაბულნი ადევნებენ თვალს განვითარებულ მოვლენებს. ხმას არავინ იღებს, მხოლოდ ლოცულობენ...

***
8 აგვისტო პეკინში ოლიმპიადის გახსნის დღეა, თუმცა მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებებს საქართველოს ამბებით იწყებენ, ხოლო ჟურნალ-გაზეთები ომის ამსახველ ფოტოებსა და ვრცელ სტატიებს ეთმობა. ესპანური ტელევიზიების და ბეჭდური მედიის ჟურნალისტები დილიდან მორიგეობენ ბარსელონის ქართულ ეკლესიასთან. კითხულობენ უახლეს ინფორმაციას, აინტერესებთ ამ ომის წინა ისტორია, რუსეთის როლი კონფლიქტში. ქართველებიდან - ვინც გამართულად საუბრობს ესპანურად, დაუღალავად პასუხობს მათ შეკითხვებს...

ეკლესიასთან ხალხი მატულობს. ბარსელონის ქართველობამ შეიტყო, რომ მისი სამშობლო განსაცდელშია, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები უკვე დაუფარავად ჩაერთვნენ ამ ომში. ყველა შეშფოთებულია, მაგრამ არა - შეშინებული. მოდის ჩვენი მებრძოლების გმირობისა და ვაჟკაცობის პირველი ცნობები. ბარსელონის ქართული ეკლესია და მრევლი "საგანგებო რეჟიმზეა" გადასული. მამა ლუკა ყველას გაძლიერებული ლოცვისა და ერთად დგომისკენ მოუწოდებს. ამის კვალად პირველი საპროტესტო აქციაც რუსეთის საელჩოსთან სპონტანურად იმართება. პირველ მანიფესტაციას მეორე მოჰყვება, შემდეგ - მესამე... ესპანური მასმედია გულმოდგინედ აშუქებს ომსაც და ბარსელონელი ქართველების მრავალრიცხოვან საპროტესტო მიტინგებსაც.

და როდესაც საქართველოს ტელევიზიამ გადმოსცა ინგლისის ქართული სათვისტომოს მიმართვა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველებისადმი, იმართება მეოთხე, ყველაზე ხალხმრავალი და ორგანიზებული აქცია. ქართველების მშვიდობიან პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უერთდებიან ესპანელები, პოლონელები, ფრანგები, ამერიკელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის არის ნათელი, თუ რას წარმოადგენს რუსული "ბომბების დემოკრატია".

1801 წელს რუსეთმა დაარღვია ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს (ამ შემთხვევაში სახელმწიფოს) შორის 1783 წელს გაფორმებული ურთიერთდახმარების ხელშეკრულება "გეორგიევსკის ტრაქტატი", დაიპყრო ქართლ-კახეთი და შემდეგ თანდათანობით შემოიერთა დანარჩენი საქართველოს სამეფო-სამთავროები. მხოლოდ ქვეყნის დაპყრობა არ იკმარა და წაგვართვა ყველაზე მთავარი: სახელმწიფოებრიობა და ეკლესიის ავტოკეფალია. რუსეთი ებრძოდა არა მხოლოდ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, არამედ ყოველივე ქართულსაც, განსაკუთრებით ჩვენს უმშვენიერეს და უძველეს ენას. ამგვარი სასტიკი მტერი საქართველოს არ ჰყოლია დღიდან მისი არსებობისა. ამ ყველაფრის დათმენა-დათმობა ქვეყნის გადაშენებას მოასწავებდა, და ბრძანა ერის მამამ, დიდმა ილიამ უკვდავი ფორმულირება ერისა: მამული, ენა, სარწმუნოება.

კრემლის პოლიტიკის დასახასიათებლად საკმარისია გავიხსენოთ რუსული ქალაქების სახელები: ვლადიკავკაზ-ი, ვლადივოსტოკ-ი, ვლადიმირ-ი. ნათელია, რომ ოფიციალური რუსეთის საგარეო პოლიტიკა დღესაც ისეთივე "ველიკოდერჟავულია", როგორიც თუნდაც კომუნისტების დროს იყო და ამ მხრივ მსოფლიო რადიკალურ ცვლილებებს ჯერჯერობით არ მოელის.
ბეჭდვა
1კ1