ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
სარკის (სარყის) წმინდა გიორგის ტაძარი
ულამაზეს მთის კალთას შეხიზნული სარკის წმინდა გიორგის მადლმოსილება მორწმუნეებს იზიდავს. ძნელად სავალ გზას ნაირფრად მოჩუქურთმებულ-მოვარაყებულ მიწიერ სამოთხეში შეჰყავხარ. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისთვის.

ქარელში, სოფელ საღოლაშენთან, არის "დედოფლის მინდორი" და "დასასრულად" წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს აძოვებდა. დაცვისა და ხელშეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულით სარყავდნენ (შემოსაზღვრავდნენ). ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს. გამოღვიძებულს არავისთვის გაუმხელია, ღვთის ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, თურმე სარყვისას გუთნეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარებისთვის გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს და გუთნის შემაფერხებელი მცენარეთა ფესვები შეუგინებია. მაშინვე უსულოდ დანარცხებია მიწას. ის ადგილი გაუთხრიათ და დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩენილა.

სიზმარეული უწყებით, გუთნისდედას ბარელიეფი უნდა ამოებრძანებინა, გაუხედნავ მოზვრებშებმულ ურემზე დაედო და ღვთის ნებისთვის მიენდო - სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ უნდა აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯვარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან დაღლილი ხარები და მერე გზა გაუგრძელებიათ. დღეს აქ მორწმუნენი ძალის მოსაკრებად ჩერდებიან. ბოლოს, არაქათგამოცლილი ხარები დაწოლილან. ამ ადგილას სამ მონაზონს ღვთის შემწეობით აუგია სარყის წმინდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებია.

მეტყველებამ სარყე სარკედ აქცია...

ჟამთა სიავით ათეული წლებით შეფერხებული ღვთისმსახურება მაღალყოვლადუსამღვდელოესის, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და განახლდა სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, მოქმედებს მამათა მონასტერი.

ერთხელ ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ტრადიციისამებრ, ცხვარი ტაძრისთვის უნდა შემოეტარებინათ. ჭედილა ხელიდან დასხლტომიათ და სამი კილომეტრით დაშორებულ ყინწვისის ეკლესიისკენ გაქცევიათ. დადევნებულ ყიფიანს საოცრება უნახავს - ცხვარი გზის უჩვენებლად ყინწვისის ეკლესიაში მისულა. თურმე გარს სამჯერ შემოუარა და კვლავ სარკის ეკლესიისკენ გამოსწია. ეკლესიის კარებთან წინა ფეხები მოიდრიკა და დაჩოქილმა თავი მიწას დაადო. ამის ხილვით შეძრული ხალხი შემოქმედს განადიდებდა და უფალს მადლობდა, რომელმაც პირუტყვის მიერ განსწავლა მცირედ მორწმუნენი თავმდაბლობასა და ღვთის მორჩილებაში.

გიორგობას სარკის წმინდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება. ერთხელ მძიმე ავადმყოფი ურემზე დაწოლილი მიიყვანეს. ტაძართან მისულმა კი ურმიდან დაუხმრებლად ჩამოსვლა და გავლა შეძლო.

სარკის წმინდა გიორგის ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება ეძლევათ. გულით აღვლენილ ლოცვას ისმენს სარკის წმინდა გიორგი.

ძლევის ჯვარი
წმინდა იმპერატორმა კონსტანტინემ უპირველეს მიზნად დაისახა თავის საბატონოში ქრისტიანული სარწმუნოების თავისუფალი აღმსარებლობის დაშვება.

რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში წარმართობის ერთგულ დამცველ მაქსიმიანე გალეროსსა და დასავლეთის მმართველ, სასტიკ და ქრისტიანთა მოძულე მაქსენტიოსს სურდათ იმპერატორის დამხობა და მოკვლა. კონსტანტინემ დაასწრო და ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა.

ამ ბრძოლების დროს იგი ევედრებოდა ღმერთს, რაიმე სასწაული ეწყალობებინა მისთვის, რომელიც გაამხნევებდა მის მხედარს. უფალმა შეისმინა და ერთხელ, გადამწყვეტი ბრძოლის წინადღეს იმპერატორმა და მთელმა ლაშქარმა იხილა ცაზე ჯვრის მოკიაფე გამოსახულება, რომელზეც ეწერა: "ამით სძლიო!"

ღამით კონსტანტინეს თავად იესო ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და ამცნო, რომ ამ ნიშნით იგი სძლევდა მტერს. მერე უბრძანა, აღემართათ წმინდა ჯვრიანი სამხედრო ალამი. კონსტანტინემ აასრულა უფლის ნება და დაამარცხა მტერი.

უდაბნოს "მრავალთავი"
ჩოხატაურის რაიონში იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის აღსანიშნავია მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია, რომელსაც შემოქმედის გულანი გადაუწერია. ხელნაწერებს უდაბნოს წიგნსაცავში ინახავდნენ. ხელნაწერთაგან უძველესია "მრავალთავი". იგი XVI საუკუნეში ჩამოუტანია ნიკოლოზ ჯუმათელს კლარჯეთიდან, თუმცა უკანასკნელ ხანს გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია მრავალთავი ადგილობრივ, უდაბნოს მონასტერში იყოს გადაწერილი. გარდა მრავალთავისა, შემორჩენილია სხვა ხელნაწერები. უდაბნოს ბიბლიოთეკაში ნაბეჭდი წიგნებიც მრავლად ყოფილა.

უდაბნო საკმაოდ მდიდარი მონასტერი იყო. ამ მხრივ საგულისხმოა XVIII საუკუნის ერთ-ერთი დოკუმენტი "ანაწერი და ანდერძი გურიის უდაბნოს მამისა იოსებისა". მასში აღწერილია უდაბნოს მონასტრის ქონება. შემორჩნილია აგრეთვე სიგელ-გუჯრები, რომლებშიც ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავების, სხვა სამღვდელო პირთა თუ ერისკაცთა შეწირულობანი. დოკუმენტების ეს კრებული დიმიტრი ბაქრაძემ თბილისში ჩამოიტანა. დღეს ინახება საქართველოს ცენტრალურ არქივში.

სიწმინდეები
სადგერ-ჩხარის ჯვარი
წმინდა გიორგის ეკლესიის სიძველეებიდან აღსანიშნავია სადგერ-ჩხარის ჯვარი. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავდა: "არს აქა ეკლესია უგუმბათო, რომელსა შინა ასვენია ჯვარი დიდი ფრიად. მდებარეობს მას შინა ბეჭი მთავარმოწამისა გიორგისა, მარადის სასწაულმოქმედი. ეს ჯვარი პირველ იყო ყორანთას (ბოლნისთან), შემდგომად სამცხეს (სადგერში), მერმე ატოცს და აწ აქა". ასე რომ, ჯვარი ბოლნისთან ახლოს მდებარე ყორანთის ეკლესიაში ესვენა, შემდეგ სამცხეში, კერძოდ სადგერში და შიდა ქართლის სოფელ ატოცში, საიდანაც იგი მოხვედრილა ჩხარში.

გამოდის, რომ ეს ჯვარი ჩხარში მხოლოდ XVI საუკუნეში მოხვედრილა. მოგვიანებით, იოანე ბაგრატიონი შენიშავდა: "იტყვიან, სამეფო სამად რომ გაიყო, იმერეთის მეფეს მისცეს წმინდის გიორგის ნაწილთა ჯვარი, რომელიც ახლა არგვეთში, ჩხარის ეკლესიაში ასვენია". ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ჯვრის პირი მცხეთის სვეტიცხოველში საკურთხევლის წინ არის დაბრძანებული. ჩხარის წმინდა გიორგის ჯვარი საროს ანუ კვიპაროზის ხისგან ყოფილა დამზადებული. ამ ხის ჯვარზე აცვეს ქრისტე. ღვთის განგებით, სვეტიცხოვლის ადგილას ამოსული ეს ხე საღმრთო კვართის მოპოვების მიზეზი და ჩვენი მოქცევის ნიშანი იყო, რომელიც სასწაულებს ქმნიდა. სწორედ ამ ადგილზე აღაშენეს სვეტიცხოველი. ხის ნარჩენებისგან სამი დიდი ჯვარი შეუქმნიათ: ერთი ესვენა ჯაჭვის ეკლესიაში (ჯვრის მონასტერი), მეორე დაუდგამთ თხოთის მთაზე (მდინარე ლეხურისა და ქსნის ხეობებს შორის), სადაც მირიან მეფეს მზის დაბნელებამ მოუსწრო, ხოლო მესამე - უჯარმის მთაზე. ერთ-ერთი ჯვარი ჯერ ყორანთის ბოლოს მოხვედრილა, ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში, საიდანაც XX საუკუნის 20-იან წლებში ხელოვნების მუზეუმში გადაუტანიათ.

KARIBCHE

ჯვრის სიმაღლე 2,30 მ-ია, სიგანე - 1,06 მ. ჯვარი შედგება ოქროთი დაფერილი ვერცხლის ფირფიტებისგან, რომელზეც მრავალი ფიგურაა გამოსახული. ცენტრში მოთავსებულია ვედრების ფიგურა და 12 საუფლო დღეთა სურათები. ქრისტეს შარავანდს ცხრა მარგალიტი ამკობს. მის ქვემოთ წმინდა გიორგის ფიგურა ყოფილა, რომლის ხელის ნაწილი და ასომთავრული წარწერაა შემორჩენილი: "წმინდისა გიორგისა თავი ხელთა აქუს". სწორედ აქ ხეში ამოკვეთილია დიდი სანაწილე, რომლის შიგა არეები ოქროთი ყოფილა შეჭედილი. სამ უჯრაში მოთავსებული იყო წმინდა გიორგის თავის ქალას ძვლები. ნაწილები დაფარული ყოფილა ხავერდის მოქარგული საფარებლით, რომელზეც ამოქარგული იყო წმინდა გიორგი.

უზნის ციხე
უზნის ციხე წაღვერის თავზეა, გუჯარეთის წყლის ნაპირას. ვახუშტი ბატონიშვილი მას უწოდებს უზნარიანის ციხეს: "კიმოთის განის ქვევით არის ციხე, თორიას-წყლის აღმოსავლეთს კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი".

თქმულებით, ეს სახელი ციხეს ეწოდა მცენარე უზანის გამო, რომელიც იზრდება ციხის გარშემო, ზოგის თქმით კი ეს ციხე ეკუთვნოდა უზნაძეებს. ეს მოსაზრება უფრო მართებულია. ვიცით, რომ სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოში მოხსენიებულია ეს გვარი: "კალმახელი, სასაფლაოთა, მონასტერითა და კარის ეკლესიითა უზნასძეთა აქუს".

ეს გვარი ეკუთვნოდა მაღალ წოდებას, რომელსაც ჰქონია თავისი მონასტერი და კარის ეკლესია. მასვე უნდა ჰქონოდა თავისივე სახელწოდების ციხე - "უზნის" ანუ "უზნიანის" ციხე.

ეს ციხე დარაჯობს გუჯარეთის ხეობას და იმ გზას, რომელიც ბორჯომ-წაღვერიდან შედის ხეობაში.

აკაკის ნაკვესები
"დროების" რედაქციაში ერთხელ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც "ლელოს" ფსევდონიმით წერდა "დროებაში". ამ დროს რედაქციაში შემოვიდა აკაკი და შეუტია მეუნარგიას: - სუ, ლელო!

***
გრიგოლ დადიანმა მიიწვია სადილად აკაკი და თავისი მამულის ღვინო, "კოლოშისა" დაალევინა.

- როგორ მოგწონს, აკაკი, ეს ღვინო? - ჰკითხა მასპინძელმა.

- ახლა, ბატონო, კახური მირჩევნია, მაგრამ ზამთარში კალოში უნდა სჯობდესო, - უპასუხა აკაკიმ.

***
ქუთაისში აკაკის მონაწილეობით საღამო გაიმართა. მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. აკაკის აქ ერთი ახალგაზრდა შეეკითხა:

- რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?

- რა გითხრათ, - მიუგო აკაკიმ, - სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციაო, ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. ეგევე ითქმის ჩვენს ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე. შესაძლებელია, ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება რა მათი.
ბეჭდვა
1კ1