რა ხდება დღეს განათლების სისტემაში?
რა ხდება დღეს განათლების სისტემაში?
არ ვიცი, განათლების სამინისტრომ რელიგია პროგრამიდან რატომ ამოიღო. ეს საგანი ძალიან საჭიროა და უკეთესი იქნება, თუ ისევ გვასწავლიან
განათლება ადამიანს ისევე სჭირდება, როგორც საკვები და წყალი. ალბათ ამიტომაცაა, რომ ცოდნის შეძენაზე ზრუნვას ბავშვობიდანვე ვიწყებთ. პირველ ნაბიჯებს სკოლაში ვდგამთ, აქ ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ ვინ შექმნა სამყარო, საიდან ამოდის მზე... თუმცა ზომიერება აქაც აუცილებელია - ცოდნამ უფალს უნდა მიგვაახლოს და არა - პირიქით.

რა ხდება დღეს განათლების სისტემაში? ასრულებს თუ არა იგი თავის დანიშნულებას? რამდენად შეესაბამება სკოლის სასწავლო პროგრამები სახელმწიფო რელიგიის პრინციპებს?

ამ საკითხებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ ყველაზე კომპეტენტურ ადამიანებს - მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

KARIBCHEმარიკა ტლაშაძე, გორის VIII საჯარო სკოლის პედაგოგი:
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი განათლების სისტემა რადიკალურად განსხვავდება ადრე არსებული სისტემისგან, ხოლო ქართული სკოლა - თუნდაც 4-5 წლის წინანდელი სკოლისგან. რატომ? მე პედაგოგი ვარ და, ცხადია, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხის მოძიება.

საბჭოთა სკოლის ნაკლოვანებებსა და ღირსებებზე უამრავი თქმულა და დაწერილა. უფრო საინტერესოდ კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები მიმაჩნია: შეიცვალა ეროვნული სასწავლო მიზნები, სასწავლო გეგმა, შეფასების სისტემა, სასწავლო მეთოდები, სახელმძღვანელოები...

რა თქმა უნდა, ყოველგვარ ცვლილებაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებების შედეგებია.…რა მოჰყვა შედეგად განათლების რეფორმას?

მოდი, წარმატებებით დავიწყოთ. განსხვავებით იმ გარდამავალი პერიოდისგან, რომელიც საბჭოთა სკოლის სისტემიდან თანამედროვე სასკოლო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, დღეს მოზარდთა დიდი ნაწილის ინტერესი სწავლის პროცესისადმი გაიზარდა. ეროვნული გამოცდების სისტემამ დააფიქრა ჩვენი მოსწავლეები და მათი მშობლები განათლების მიღების აუცილებლობაზე, ხოლო მასწავლებლები - საკუთარ პასუხისმგებლობაზე; გარდა ამისა, ახალი სასწავლო მეთოდების გამოყენებამ მოიტანა შესანიშნავი შედეგი, მათი წყალობით მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლე - აქტიურ მონაწილედ, ხოლო მასწავლებელი, ასე ვთქვათ, "დირიჟორად" იქცა. ასე რომ, ბოლო მერხზე ჩაძინების ან "რომ არ ირეკება, ნეტავ, ზარი მოიშალა თუ დარაჯიო" - ასეთი განწყობის ადგილი თანამედროვე სკოლაში, წესით, აღარ რჩება.

თუმცა იმ იდეალისტთა რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ განათლების სისტემაში ყველაფერი არაჩვეულებრივადაა. არა, ძალიან ბევრია დასახვეწი, ბევრიც - შესაცვლელი.

ამ შემთხვევაში მე ყურადღებას გავამახვილებდი განათლების სისტემის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ მხარესა და სახელმძღვანელოებზე.

თუ განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას გადავხედავთ, ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის, რომ სკოლიდან იდეალურ ადამიანებს ვუშვებთ: მოაზროვნეებს, კომუნიკაბელურებს, ტოლერანტებს, პატრიოტებს, ერთი სიტყვით, სამოქალაქო საზოგადოების დასაყრენ პიროვნებებს. მაგრამ, სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ ყოველივე ამის მისაღწევად უმთავრესი სკოლაშიც, ოჯახშიც, ქუჩაშიც, ყველგან - რწმენაა, რწმენა უფლისა, რომელიც გვიყალიბებს ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს, გვასწავლის თავისუფლებათა და უფლებათა საზღვრებს (რაც დღევანდელ სკოლაში, სამწუხაროდ, არ ჩანს), ანუ გვაყალიბებს, ეროვნული მიზნების სახელმძღვანელოს ენით თუ ვიტყვით, მაღალი საზოგადოებრივი შეგნების ადამიანებად.

ეს ხარვეზი (დავიწყება რწმენის გაძლიერების აუცილებლობისა) ისახება საგნობრივ პროგრამებსა და, შესაბამისად, სახელმძღვანელოებშიც, მცირე გამონაკლისის გარდა. ავხსნი, რას ვგულისხმობ. ჩვენ ვასწავლით, რომ ადამიანის მოკვლა დაუშვებელია, რომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები, რომ შური დამღუპველია და ა.შ. მაგრამ რატომ არის ეს ასე, რის საფუძველზე ვასწავლით ამას ბავშვებს, არ ჩანს. გამოდის, მათ რაღაცას ვუკრძალავთ, მაგრამ რატომ, ვერ ვუსაბუთებთ. არადა, ამ სწავლების საფუძველი ხომ უფლის მცნებებია, ხოლო მიზნის მიღწევის არაჩვეულებრივი საშუალება - თუნდაც სახარებისეული იგავები.

სამწუხაროდ, ასეთივე შეუსაბამობაა საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ, ფიზიკის (მატერიალური და არამატერიალური სამყაროს, სხეულების წარმოშობის შესახებ), ბიოლოგიის (ე.წ. დარვინის თეორიის) სწავლებისას.

ღმერთი ყველგანაა, შესაბამისად, ყველა საგნის საფუძველს, ვფიქრობ, რელიგია უნდა წარმოადგენდეს, რადგან ცოდნა რწმენის გარეშე არა მხოლოდ არასასურველი, საშიში და დამღუპველიცაა".

მარიამი, გორის I საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:
"მართალია ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ეს გარკვეულწილად სასიკეთოცაა. ჩემი აზრით, დადებითი ისაა, რომ 12 კლასის დამთავრების შემდეგ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების მეტი შესაძლებლობა გექნება, რადგან მეთორმეტე წელი ამ გამოცდებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. თუმცა საპილოტე სწავლება მაინც არ მომწონს.

შეფასების სისტემა ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თუ კარგად სწავლობ, მნიშვნელობა არ აქვს, ათბალიანი სისტემით შეგაფასებენ თუ ხუთიანით.

KARIBCHEარ ვიცი, განათლების სამინისტრომ რელიგია პროგრამიდან რატომ ამოიღო. ეს საგანი ძალიან საჭიროა და უკეთესი იქნება, თუ ისევ გვასწავლიან".

ნათია, გორის VIII საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე:
"თორმეტწლიან სწავლებას დადებითად შევაფასებდი. თუნდაც იმიტომ, რომ ასე უფრო გაგვიადვილდება უცხოეთში სასწავლებლად წასვლა. სასიამოვნოა შეფასების ახალი სისტემა, რადგან ახლა კონკრეტულად, კომპონენტების მიხედვით შეიძლება ცოდნის შეფასება. რაც შეეხება სწავლების მეთოდებს, მე ისინი სავსებით მაკმაყოფილებს. მომწონს სტილი, რომლითაც ტარდება გაკვეთილები. ახლა გაკვეთილის უმეტესი ნაწილი ბავშვს ეთმობა და მას შეუძლია, ცოდნა უკეთ გამოავლინოს. სამაგიეროდ, უარყოფითად შევაფასებდი რელიგიის, როგორც საგნის, სწავლებიდან ამოღებას. თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში სარწმუნოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს. თუ განათლების სისტემის მუშაკები თვითონაც მეტ დროს დაუთმობენ ეკლესიას, ეს პრობლემა ნამდვილად მოგვარდება".

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1