"ნეტავ, ადრევე ამხელოდა თვალი და უფალი მეგზურად გამეხადა, ამხელა განსაცდელს ხომ გადავრჩებოდით?!"
"ნეტავ, ადრევე ამხელოდა თვალი და უფალი მეგზურად გამეხადა, ამხელა განსაცდელს ხომ გადავრჩებოდით?!"
ეს ისტორიაც სულიერ ფერისცვალებას ეხება და რა გასაკვირია, თუ ბევრი მასში საკუთარ შვილს, ოჯახსა და ტრაგედიას ამოიცნობს, თუმცა, იმედი გვაქვს, ყველას განსაცდელიც, ღვთის შეწევნით, ისევე კეთილად დასრულდება, როგორც უცნობი დედის მონათხრობი ამ ქართველი ჭაბუკის ამბავი...

***
"ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ვაჟის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი - ვხედავდი მის ჭკუასა და ნიჭიერებას და ყველაფერ ამას ღირსეულ პიროვნებად ქცევისთვის საკმარის საბუთად მივიჩნევდი...

ბავშვობაში უამრავი გატაცება ჰქონდა - ხატავდა, წერდა, მუსიკას ქმნიდა... მერე სხვა რამეებითაც დაინტერესდა და, როგორც იტყვიან, თავის მოსაფხანი დროც აღარ ჰქონდა... სკოლაში სწავლასაც ჩინებულად ართმევდა თავს და რომ დაამთავრა, პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა.

მოგვიანებით ფოტოსაქმითაც დაინტერესდა და ამ ახალმა გატაცებამ ახალი მეგობრები შესძინა. ჩვენი ბინის კარი მათთვის ყოველთვის ღია იყო...

ფოტოგრაფიას როკმუსიკა მოჰყვა, ჩაწერები, კონცერტები... პირველ საჯარო გამოსვლებამდე და მერეც რეპეტიციებს ჩვენს ბინაში გადიოდნენ ხოლმე, მაგრამ, ბევრი უხერხულობის მიუხედავად, ახალგაზრდებისთვის ხელის შეშლა არც მიფიქრია - ეს ხომ ჩემი შვილის სამყარო იყო...

განსაცდელმა მოგვიანებით გაგვიხსენა - შვილის მოუსვენარ, ამღვრეულ მზერაში რაღაც უსახელო საფრთხე შევნიშნე... ეს არ ყოფილა სიყვარული. ამ მხრივ მას ყოველთვის უმართლებდა - დათოს რჩეულები მუდამ დახვეწილი, ნატიფი გოგონები იყვნენ... მერე გავიგე, რომ ამ ჩემთვის უსახელო საშინელებას ნარკომანია ერქვა...

ალბათ, ასე ხდება - მეგობართა სიმრავლეს და გაუკონტროლებელ თავისუფლებას ყოველთვის მძიმე ნაყოფი გამოაქვს... ნაყოფი რა სახსენებელია, ეს ხომ ნამდვილი თავზარი იყო ჩვენთვის, დიდი ტრაგედია...

დასაწყისში ვერა, მაგრამ მერე და მერე თვალი აეხილა, მიხვდა, რა კოშმარშიც ამოყო თავი... რა არ ვიღონეთ, ახლობელთა დახმარებით საბერძნეთში, ძვირადღირებულ კლინიკაშიც გაიარა მკურნალობის სამთვიანი კურსი, მაგრამ ამაოდ...

მგონია, მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვისაც საკუთარ ტყავზე უწვნევია ეს საშინელება, მათ ეცოდინებათ, რა ჯოჯოხეთიც გამოიარა ჩვენმა ოჯახმა...

და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, ყველაფერს წერტილი დაესვა და ცხოვრებამაც აზრი დაკარგა-მეთქი, მოვიდა ხსნა - ჩემმა შვილმა ტაძარში დაიწყო სიარული... ეს მისი მიგნება იყო. დათოს ცხოვრება ხომ გამუდმებული ძიება იყო...

ნელ-ნელა დამშვიდდა, თვალები და წამლით გაჟღენთილი სხეული დაეწმინდა... უფალმა მართლაც სასწაული მოახდინა - ბოლო წლებში გულგატეხილი, ყველაფრისადმი გულგრილი და აპათიური დათო საკუთარ თავსა და უფალს დაუბრუნდა. როგორც ყრმობაში სჩვეოდა, დიდი გატაცებით დაეწაფა ქრისტიანობას და ყველანი აგვიყოლია...

უფალმა არ გაგვწირა - ეს ტაძარში პირველად შესვლისთანავე ცხადად ვიგრძენი. მანამდე მეგონა, იქ დათოს გულისთვის შევდიოდი, მაგრამ მერე მივხვდი - ეს მეც მჭირდებოდა...

ძნელია ამის გადმოცემა... წარსულ გატაცებათაგან განსხვავებით, უკანასკნელი "გატაცება" საბედისწერო აღმოჩნდა დათოსთვის - ბერად აღიკვეცა, რასაც ყველანი სიხარულით შევხვდით...

ჩემი შვილის წარსულმა დღევანდელი დღისა და მისი არჩევანის ფასი დამანახა... მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ - ნეტავ, ადრევე ამხელოდა თვალი და უფალი მეგზურად გამეხადა, ამხელა განსაცდელს ხომ გადავრჩებოდით?!"
ბეჭდვა
1კ1