ლითონზე გადაჰქონდა მარადისობა
ლითონზე გადაჰქონდა მარადისობა
ანა მიქიანის ჭედურობა
ფიროსმანივით - სიცოცხლეში არ შედგებაო ჩემი გამოფენა, - იტყოდა მორჩილი ანა, ერში - ლია მიქიანი. ლითონზე გადაჰქონდა მარადისობა. საჭრეთლით ამბობდა თავის სათქმელს. თითქოს კი არ ჭედავდა, ქარგავდა სულის ძაფებით. თითოეულს შვილივით ელოლიავებოდა, გასაყიდად ვერ იმეტებდა. მის ხელს ეკუთვნის სამასზე მეტი ნამუშევარი მითოლოგიურ, ლირიკულ და რელიგიურ თემებზე. მათ შორისაა საპატრიარქო კარიბჭის მოჭედულობა, წმინდა სამების ტაძრის სახარებისეული ყდა, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, მთავარანგელოზთა ხატები და კარედები.

ორი წლის წინ, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, თვითონაც შეუერთდა მარადისობას. წინაპართა სულებს მიეახლა ღვთისა და მამულის წინაშე ვალმოხდილი მორჩილი ანა. და შეუფასებელი საგანძური დაუტოვა სამშობლოს, მომავალ თაობებს. ისიც მოასწრო, რომ დისშვილისთვის - ბესოსთვის ესწავლებინა მინანქარი და ჭედური ხელოვნება. მეორემ, ეკატერინემ, დისერტაცია დაიცვა მის შემოქმედებაზე.

KARIBCHEKARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHEპირველი ნაბიჯები ხელოვნებაში აფხაზეთში გადადგა - მიქიანების ცხრაშვილიანი ოჯახი მაშინ აფხაზეთში ცხოვრობდა. მერე 13-14 წელი ნაყოფიერად მუშაობდა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. შემდეგ იყო 9 აპრილი... ლიამ დაუყოვნებლივ მოაშურე საქართველოს. აქედან იწყება უფალთან დაახლოების პერიოდი. ლიას გულში ნაყოფიერი ნიადაგი პოვა მართლმადიდებლურმა სიტყვამ. სიახლე მის შემოქმედებასაც დაეტყო. სულზეც ზრუნავდა და ნამუშევრების კანონიზებაზეც. მორჩილად შედგომა გადაწყვიტა თავმდაბლობას ჩვეულმა.

სიცოცხლეში განდიდებას ერიდებოდა. მისი გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შედგა გამოფენა. დედმამიშვილების ძალისხმევით მიმდინარე წლის 20-25 ივნისს გალერეა "ჰობი" მნახველებს ვერ იტევდა. მათ აღფრთოვანებას არ ჰქონდა საზღვარი. გინდა გამუდმებით უმზირო მისი ჭედური ხელოვნების შედევრებს - ორი მეტრის სიმაღლის გამოსახულებებს სპილენძზე, თითბერზე, კალაზე, ვერცხლზე. მეტყველი თვალები თითქოს გლოცავენ, გესაუბრებიან წმინდა ხატებიდან, სურათებიდან. თითქოს ცოცხლდებიან წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი. ამის ენით გადმოცემა შეუძლებელია.

ფართო საზოგადოებამ გაიცნო მორჩილი ანა, დაინახა, რა შეძლო მისმა შრომისმოყვარეობამ და მონდომებამ, უფლის, სამშობლოს სიყვარულმა, როგორ შესწირა სიცოცხლე უკვდავ შემოქმედებას ბეშქენ და ბექა ოპიზრების ხელობის გამგრძელებელმა ქართველმა ქალმა, რათა უფალთან მასაც დაენთო სანთელი, ერთი აგური შეეწირა სამშობლოს სულიერი კულტურისთვის.

მოამზადა
ლელა ჭიპაშვილმა
ბეჭდვა
1კ1