დედა ოლღა!
დედა ოლღა!
თქვენ ხომ არას იტყვით საკუთარ თავზე... შემთხვევით გავიგე, რომ 70 წელი გისრულდებათ! 70 წელი! ძვირფასო ადამიანო, ჩვენ თქვენს ტკივილზეც (შვილის გარდაცვალების გამო) ვერ გავიგებდით, რომ ისევ მისი უდიდებულესობა შემთხვევა არა. დედა ოლღა! დიდი ჭირის დროს ყველა, ვინც გიცნობთ, თქვენთან გამორბის, თქვენს იმედიან სიტყვას ისმენს, ქმედით დახმარებას იღებს და მიდიან იმედჩასახულნი.

70 წელი! მე მაგდენის არ მეგონეთ, ჩვენზე ბევრად უმცროსად მიგიჩნევდით. მიუხედავად თქვენი გამორჩეული ადგილისა ეკლესიაში, მაინც დატოვეთ მედავითნის ადგილი და სნოს დედათა მონასტერში წახვედით.

ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ გავიგონე თქვენგან - მომეშველე, თირკმლები მაწუხებსო. თავად გავიარე კონსულტაცია ექიმთან. ხისტია მთის წყალი, წყლის ბრალი იქნება, თანაც ასაკოვანია ქალბატონი. ვწუხვარ, მაგრამ მისი იქ დარჩენა სათუოაო... თქვენს წამოსაყვანად წამოვედი, ვჩქარობდი. ადვილად ვერ შეელიეთ მონასტერს, უთქვენოდ დავბრუნდი უკან. მერეც ჩამოვედი. უკვე აგაბარგეთ და წამოგიყვანეთ, ძლიერი ქალბატონი ხართ, მაგრამ მაინც იტირეთ. მონასტრის გარეშე ვერ ვიქნებიო, ასეც არის. დიახაც, ვერ დარჩით მონასტრის გარეშე, ამჯერად უკვე ავჭალის დედათა მონასტერში აღმოჩნდით, სადაც სულ ახლახან მორჩილად გაკურთხეს. დედა ოლღა, ჩვენ, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლის უმეტესობა, დედაოდ მოგიხსენიებთ, თქვენ კი მორჩილად გაკურთხეს...

დედაო! როცა დიდი ჭირის დროს თქვენს კალთას შევაფარე თავი და სასოწარკვეთილი უკიდურესობამდე ვიყავი მისული, თქვენ მიშველეთ და არა მარტო მე, ძალიან შორს წამიყვანდა ამ ადამიანების მარტო სახელების ჩამოთვლაც კი.

მრავალჟამიერ, დედა ოლღა! გვიხარია, რომ მონასტერში ხართ, მაგრამ ერთიც უნდა იცოდეთ, უთქვენოდ კარგად ვერ ვართ, სულ გვგონია, რომ თქვენს საამო ხმას გავიგონებთ და როცა ხანდახან ასეც ხდება, სხვანაირები ვხდებით. ყურში საამურად ჩაგვესმის და სულზე მალამოდ გვედება თქვენი ძირძველი ქართული ნათქვამი ლოცვები და მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მის სადიდებლად თქვენს ხავერდოვან ხმას აყოლილები უფრო მტკიცენი ვხდებით ჩვენს რწმენაში.

დიდი მადლობა, დედაო, მადლობა უფალს და თქვენც, რომ გვყავხართ!
ბარბარე ფანჩურიძე
ბეჭდვა
1კ1