მშობელ მიწაში მიდგას ფესვები
მშობელ მიწაში მიდგას ფესვები
მე მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ ქართველობა
რაც დრო გადის, გვგონია, ახალი თაობა ფასეულობებს გადააფასებსო. მაგრამ ასე არ არის. ამაში დამარწმუნა თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში გამართულმა ღონისძიებამ. იმაშიც დავრწმუნდი, რომ ის, რითაც ჩვენი წინაპრები ამაყობდნენ, ყმაწვილებისთვისაც სანუკვარია. დედაეკლესიას, ოჯახს და სკოლას ცნობიერების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშველობა რომ აქვს, ეს "ჯინსების თაობამ" კარგად იცის. საკუთარი გულისთქმანი მათ დიდი სიყვარულით გაუმხილეს იმ დღეს შეკრებილ საზოგადოებას.

"მშობელ მიწაში მიდგას ფესვები" - ასე ერქვა მათ ღონისძიებას, რომლის თაოსანი გახლდათ პედაგოგი ლამარა მამაცაშვილი. ყმაწვილებმა წარმოადგინეს პატრიოტული ლექსები, სიმღერები. კიდევ ერთხელ შეგვახსენეს წარსულის ფურცლები. გაიხსენეს ის ქართველები, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიეთ უწევთ უცხო ქვეყანაში ცხოვრება.

ქალბატონი ლამარა მამაცაშვილი: - ეს თემა იმიტომ შევთავაზე ბავშვებს, რომ მათ კიდევ ერთხელ გადაევლოთ თვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის დასაბამიდან - დღემდე. მახარებს ის, რომ ბავშვებმა გაითავისეს ყოველივე და ეს საზოგადოებასაც აგრძნობინეს. ჩემი ვალია, ახალგაზრდობა სამშობლოს დიდი სიყვარულით, ტრადიციების ცოდნით აღვზარდო. ეს ხელს შეგვიწყობს და მიგვიყვანს დიდ მიზნამდე, ქვეყნის გამთლიანებამდე. ყურადღება გავამახვილეთ ასევე ემიგრაციაზე. ქართველ პოეტთა ლექსებს, რომელთაც ბავშვები სიყვარულით კითხულობდნენ, თან ახლდა მუსიკა. ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებლებმა გაალამაზეს ეს ღონისძიება.

გურამ დგებუაძე, 16 წლის: - ლამარა მასწავლებლის დახმარებით მოვახერხეთ ჩვენი სათქმელის გამოხატვა. ჩვენ ჩვენი დიდი წინაპრების შთამომავალნი ვართ და ცხადია, გვინდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. მართალია, ევროპისკენ მივიწევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის წარსული დავივიწყოთ.

KARIBCHE

გიორგი ქიტუაშვილი, 15 წლის: - მე მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ ქართველობა, გვქონდეს ერთმანეთის პატივისცემა. ევროპისკენ სწრაფვამ ტრადიციები არ უნდა დაგვავიწყოს.

ლევან დანელია,
15 წლის: - სამშობლოს სიყვარულის გამოხატვა ამ ღონისძიებით, მგონი, შევძელით. აწმყო წარსულისგანაა შობილი და ჩვენც მოვალენი ვართ. შევინარჩუნოთ ჩვენი საუნჯე.

სკოლის დირექტორი ელზა ხუბუტია: - ყველა მასწავლებლის ვალია, იზრუნოს ბავშვის პიროვნული თვისებების დახვეწაზე, მამულიშვილური გრძნობის განვითარებაზე. სანამ ასეთი ახალგაზრდები და პროფესიონალი პედაგოგები გვეყოლება, როგორიც ქალბატონი ლამარა მამაცაშვილია, მართლაც არ მოვწყდებით მშობელ მიწას. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და მახარებს, რომ მათ ასე უყვართ ქვეყანა, მისი წარსული, მომავალი...
ბეჭდვა
1კ1