აქ ყველაზე მეტი სიყვარულია
აქ ყველაზე მეტი სიყვარულია
სოციალური თერაპიის სახლში ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას და სიყვარულს საჭიროებენ, სადაც ურთიერთობა ასაკით არ განისაზღვრება და თითოეული მათგანი ისევ ბავშვური გულწრფელობით საუბრობს. ამ სახლის კედლებიდან მაღალი და მბრძანებლური ხმა ჯერ არ გამოსულა. აქ ყველა ერთისთვის ცხოვრობს და ერთი ყველასთვის. ცხოვრობენ ისე, როგორც თავად მოწონთ. ოღონდ არ უნდათ, რომ ამ სასიამოვნო წუთების გახსენება შეიძლება წარსულში მოუხდეთ, წარსულს ჩაბარდეს მათი ხელით შექმნილი თითოეული ნივთი, საშობაო თუ სააღდგომო გამოფენები. სოციალური თერაპიის სახლმა შეიძლება აპრილის ბოლომდეც ვეღარ იარსებოს. დახმარება კი არსაიდან ჩანს.

- ჯერჯერობით ეს ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც ასეთი კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება, - ამბობს სოციალური თერაპიის სახლის თავმჯდომარე მარინა გაბუნია.

სახლი ემსახურება 40-ზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ამ სახლში ეს ადამიანები თავიანთ შესაძლებლობებს ამჟღავნებენ. ჰყავთ უამრავი მეგობარი, რომლებთანაც შეუძლიათ ურთიერთობა. ჩართული არიან კულტურულ ღონისძიებებში. მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ. თუკი ეს სახლი აღარ გვექნება, ისინი თავიანთი ოჯახების დანამატებად იქცევიან. სოციალური თერაპია მოიცავს შრომით, მხატვრულ და კულტურულ საქმიანობას. აქ ისინი თანამშრომლები არიან და არა ინვალიდნი. სახელოსნოში მზადდება პროდუქცია, რომელიც გამოსადეგი და საჭიროა სხვებისთვის - ქმნიან სანთლებს, ამზადებენ რვეულებს, გობელენებს, თექის ნივთებს...

KARIBCHEწელიწადში ორჯერ, საშობაოდ და სააღდგომოდ თავიანთ ნახელავებს წარუდგენენ მათთან მისულ საზოგადოებას. 18 აპრილს, სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე ამჯერადაც ბევრ სტუმარს ელოდებიან.

სადილის მენიუ მარხვასთან დაკავშირებით იცვლება ხოლმე. ამ ადამიანების ნაწილი აქტიურად დადის ეკლესიაში, ჰყავთ მოძღვარი. სახლის ყველა სახელოსნოში სამლოცველო კუთხეა მოწყობილი.

ნინო კუპატაძე რამდენიმე წელია თერაპიული სახლის თანამშრომელია და სადილების მომზადებაში სხვებს აქტიურად ეხმარება. ყოველთვის დადის ეკლესიაში, ესწრება წირვა-ლოცვას, საჯანმრთელო პარაკლისებს. მარხულობს და უფლის სისხლისა და ხორცის თანაზიარია. ეკლესიური ცხოვრების შემდეგ უფრო თავშეკავებული და მორიდებული გავხდიო, - მითხრა ნინომ, - თავიდან მამა ირაკლი კუთხაშვილთან დავდიოდი, მერე მოსკოვის პროსპექტზე მდებარე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში მამა შოთას სულიერი შვილი გავხდი. ეკლესიაში სიარულით უფრო ბედნიერი ვარ. ახლა წინასააღდგომო მზადება გვაქვს, სანთლებთან ერთად საჩუქრებსაც ვუმზადებთ სტუმრებს. მინდა აღდგომას ყველა ბედნიერი და გახარებული შეხვდეს. პირადად მე ღამისთევით შევხვდები. მეც მინდა კელაპტრით ხელში ეკლესიაში ღამე ვილოცო, რომ ჩემი სურვილები უფალმა შემისრულოს.
ბეჭდვა
1კ1