მინდელები ხუცესის შთამომავლები არიან
მინდელები ხუცესის შთამომავლები არიან
როცა ქართული ეკლესიისთვის დამაშვრალი სასულიერო პირების ცხოვრებისა და მოღვაწეობის უცნობ ფურცლებს გადააწყდები, სევდა გეუფლება და გიჩნდება სურვილი, კიდევ მეტი გაიგო მათზე. მინდელების გვარის წინაპრებზე მცირე ცნობების მოძიება მათი შთამომავლების დახმარებით შევძელი. ისტორიკოსი გულდამ ჩიქოვანი დიაკვან სილოვან მინდელის შვილიშვილია, მისი შვილიშვილია ასევე ქალბატონი იზა მინდელი.

ქალბატონი გულდამი კარგა ხანია იკვლევს თავისი წინაპრების ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

- მინდელები წარმოშობით რაჭიდან, სოფელ სორიდან არიან. ამ საპატიო გვარის შვილზე დაოჯახება დიდი პატივი იყო. სოფელ სორში მინდელების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. იმერეთშიც და კახეთშიც სახლობენ - ჩვენი წინაპრების განაყოფები არიან, - მიამბობს ქალბატონი გულდამი, - ჩვენი ოჯახის ახლობელმა ბერიკა მინდელმა წერილობითი წყაროების მიხედვით გამოიკვლია, რომ პირველი სასულიერო პირი ჩვენი წინაპრებიდან გახლდათ მღვდელი დავით შიოს ძე მინდელი. ჩვენ მისი შთამომავლები ვართ. დავითს, რადგან მოძღვარი იყო, ხუცესად იხსენიებდნენ. სორელი მინდელები მამა დავითის ჩამომავლები არიან. მამა დავითს ბევრი შვილი ჰყოლია. მათგან სასულიერო პირები იყვნენ ტრიფონი და გრიგოლი. ისინი ერთად მსახურობდნენ სორის ჯვარცმის სახელობის ეკლესიაში დიაკვნებად. მამა ტრიფონის მონაგარი იყო მღვდელი თადეოზი, მღვდელი თეოფილე, მღვდელი ონისიმე და დიაკვანი გერასიმე. მამა თადეოზის გარდაცვალების შემდეგ, 1908 წლიდან 1917 წლამდე, სორში მამა ონისიმე მსახურობდა. მას შემდეგ უკვე ღვთისმსახურება ეკლესიაში აღარ აღესრულებოდა.

ჩვენს ოჯახში შემონახულია მამა ონისიმეს ერთ-ერთი წერილი, სადაც გულისტკივილით ამბობს, ანაფორა გამხადეს ბოლშევიკებმა და ამას შვილების გამო დავთანხმდიო. ვინ ჩივა ანაფორას, წვერიც არ გამპარსონო, - გვიამბობს ქალბატონი იზა მინდელი. მამა ონისიმე 1930 წელს გარდაიცვალა. ჩვენი ბაბუა სილოვან თადეოზის ძე მინდელი სორის წმინდა გიორგის ტაძარში გასაბჭოებამდე დიაკვნობდა. მერე მათი ოჯახები დაარბიეს. მამისგან მსმენია, ხატები, ხელნაწერები და რელიგიური ლიტერატურა ბოლშევიკებს დაუწვავთ. პირწმინდად გაუნადგურებიათ სორის ეკლესიის ფრესკებიც. რაჭის ეპისკოპოსის, მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით ახლა მიდის ამ ეკლესიის რესტავრაცია და მისი მოხატვაც. გაკეთდა კანკელიც.

ღვთისმახურებას აქ პერიოდულად აღასრულებს ბარაკონის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით გეგეშიძე.

მინდელების გვარის კაცები მაშინ, ფაქტობრივად ყველა, სასულიერო გზას მისდევდნენ. სასულიერო პირი იყო საინტერესო პუბლიკაციების ავტორი ნესტორ თადეოზის ძე მინდელი. მისი წერილები ერთ-ერთ რუსულ გაზეთში იბეჭდებოდა. ნესტორ მინდელის ნაშრომები გამოყენებული აქვს ივანე ჯავახიშვილს.

თადეოზი, სილოვანი და ონისიმე სორის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში არიან დასაფლავებულნი. მოგეხსენებათ, რომ იმ დროს იკრძალებოდა სასულიერო პირთა სახელების ხსენება. ეს მათ საფლავებზეც შეიმჩნევა. გულდასაწყვეტია, რომ მათი საფლავის ქვებიც არ არსებობს. თადეოზის საფლავი დღემდე ვერ ვიპოვეთ. სორში, ჩვენს სახლში ერთ დროს დიდი ოჯახი ცხოვრობდა. ონისიმეს დაოჯახების შემდეგ ძმები გაიყვნენ. თადეოზმა ძველი სახლი ჩამოიტანა ცოტა ქვევით, ცოტა ზევით კი ონისიმემ ახალი სახლი ააგო. ძმები - ნესტორი, სილოვანი, იროდიონი ამ ძველ სახლში ცხოვრობდნენ. ბოლოს ამ ოჯახში დარჩნენ მამაჩემი ამბროსი და მისი ძმა ტარასი. წინაპრებიდან შემოგვრჩა ლითონის ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობლის ხატი, კომოდი, დიდი მრგვალი მაგიდა, მოჩუქურთმებული ტახტი.

ამ სამღვდელო გვარს სოფელში ყველა პატივით და სიყვარულით ეპყრობოდა. ხან მოსაკითხი მოჰქონდათ თურმე და ხან კიდევ რა. შთამომავლები ვცდილობთ, გავაცოცხლოთ ძველი ფესვები, აღვადგინოთ წარსულის ფურცლები. მართალია, ფოტოსურათები გვაქვს შემორჩენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, ვინ არიან ისინი.

აშკარად ვგრძნობთ, რომ წინაპრების მადლი შთამომავლებზეა გადმოსული. ღვთის მადლით, ყველას კარგი ოჯახები აქვს და ნიჭით და გონებით გამოირჩევიან.

ქალბატონმა იზა მინდელმა გვითხრა, რომ მისი მეუღლის, ნოდარ კივილაძის დიდი ბებიის, მატრონას ბიძა იყო წმინდანად შერაცხული ექვთიმე კერესელიძე. წმინდა ექვთიმეს ხსენების დღეს, 3 თებერვალს ამ წმინდა მამის ახლობლები ტაძარში იკრიბებიან, ერთობით აღნიშნავენ წინაპრის ხსენების დღეს და წმინდა ექვთიმესგან წყალობას იღებენ.
ბეჭდვა
1კ1