ვეზირიშვილების სასახლე ინგრევა
ვეზირიშვილების სასახლე ინგრევა
ვეზირიშვილების სასახლის შესახებ შესაძლოა ბევრს არც კი სმენია. ეს ისტორიული სასახლე, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში მდებარეობს, დანგრევის პირასაა მისული. აღნიშნული სასახლე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება. საზოგადოების ნაწილი შენობის მუზეუმად გარდაქმნას ითხოვს. ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრის, გიორგი ჩუბინიძის განმარტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია, რომელიც უყურადღებობის გამო ინგრევა და ნადგურდება. აუცილებელია საზოგადოება, ჩაერთოს და ერთობლივად დავაფასოთ ის, რაც ისტორიამ გვარგუნა. ვეზირიშვილების სასახლე ერთ-ერთი საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული შენობაა. სასახლეში თავადი ვეზირიშვილები ცხოვრობდნენ.. სასახლის თავადს, დიმიტრი ვეზირიშვილს ცოლად ჰყავდა რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და, ბაბალე ბარათაშვილი.

KARIBCHE
ნიკოლოზ ბარათაშვილის დები – მარცხნიდან სხედან ბარბარე ვეზირიშვილისა, ნინო ბარათაშვილი, გიორგი (ბარბარეს შვილი), სოფიო სუმბათაშვილისა. დგანან ტასო ჩერქეზიშვილისა (ნათესავი), ნინო ვეზირიშვილი (ბარბარეს შვილი)

მათი მამა, ცნობილი თარჯიმანი მელიტონ ბარათაშვილი ამ სასახლეში გარდაიცვალა. ის აქვე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. სასახლეში ბავშვობის წლები გაატარა ნინო დიმიტრის ასულმა ვეზირიშვილმა, რომელიც შემდგომ ცოლად გაჰყვა ივანე მაჩაბლის ძმას, ვასილ მაჩაბელს. მათი ვაჟი კი ,,პრინც მაჩაბელად" წოდებული გიორგი მაჩაბელი იყო, რომელმაც აშშ-ში ცნობილი სუნამოების კომპანია დააარსა. სასახლე ბევრი გამორჩეული პიროვნების სახელთანაა დაკავშირებული და მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა დაუშვებელია. შესაძლებელია აქ მუზეუმიც განთავსდეს, ამისათვის კარგად უნდა იქნას შესწავლილი ეს შენობა და უნდა აღდგეს პირვანდელი სახით. ამისთვის კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად უნდა იმუშაონ. ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა: "ვაპირებთ ვიმუშაოთ აღნიშნული საკითხის ადვოკატირების პროცესზე და ვეზირიშვილების სასახლის რეაბილიტაციის მოთხოვნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ".

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1