ერსა და ახლობლებში დატოვებული მადლი წაიღო უფალთან საგზლად მონაზონმა ნანამ
ერსა და ახლობლებში დატოვებული მადლი წაიღო უფალთან საგზლად მონაზონმა ნანამ
დიდია უფლის წყალობა! სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი შეიძლება მისგან ანგელოზური ხარისხის მიღება.

უფრორე დიდია წყალობა, თუ მას წინ უძღვის ერში დატოვებული მადლი.

ერსა და ახლობლებში დატოვებული მადლი წაიღო უფალთან საგზლად მონაზონმა ნანამ, იმავე მანანამ.

მანანა ჭინჭარაული - 70-იანი წლების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ქართული გარეგნობით, სახენათელი, დინჯი, ამავე დროს დატვირთული ცოდნა-განათლებით. ეს ყველაფერი პატრიარქალური ოჯახიდან მოჰყვებოდა მას.

მშობლებიც ღირსეული ქრისტიანები და ღირსეული ქართველები: პროფესორი ალექსი ჭინჭარაული - საქართველოში ყველასთვის ცნობილი ფოლკლორისტი და ქართული კაფიობის უბადლო მცოდნე. დედაც ქართველი დედის განსახიერება... ასეთ გარემოში გაზრდილი დედა ნანა ბევრისთვის სამაგალითო იყო.

სტუდენტობის წლებშივე დაოჯახდა ხევსურთა საამაყო ქალიშვილი და საამაყო რძალი ფშაველთა. ჯარჯი ფხოველის მეუღლე, სამი შვილის დედა, შესანიშნავი პედაგოგი შვილებსაც და მოსწავლეებსაც ამ სულისკვეთებით ზრდიდა.

მანანა, იგივე დედა ნანა, ქართველი ქალის ერთ-ერთი საუკეთესო განსახიერება და თაურხატი იყო აღმოსავლეთ მთიანეთის ქართულ გენეტიკაში.

წინაპრების მიერ დატოვებული ისტორიული საუნჯეები იყო მისი სიამაყე.

ბოლო ათი-თორმეტი წელიწადი ეკლესიური წირვა-ლოცვებით ცხოვრობდა, ახლობლებსაც აქეთკენ მოუწოდებდა. პირად მოძღვრად ანჩისხატის ტაძრის მოძღვარი მამა აკაკი აირჩია, რომელიც იმხანად სიონის ტაძარში მსახურობდა.

უყვარდა მცხეთა - მცხეთის ტაძრები. ხშირად დადიოდა სვეტიცხოველში, სამთავროში, წმინდა ნინოს მაყვლოვანში, მამა გაბრიელის საფლავზე...

საოცარი განცდა იყო მისი სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ურთიერთობა. იგი სამაგალითო იყო ამ მხრივაც. მარხვებში ჯარჯის და მას საკუთარი სურვილით მოჰყავდათ ქალიშვილი მონასტერში დასარჩენად.

მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ქეთევანი ყოველთვის სიყვარულით და პატივისცემით იღებდა მათ.

ერთხელ მკითხა, - არ შეიძლება, ოჯახიანი ქალი გახდეს მონაზონიო? გამეღიმა და ცოლ-ქმარს ჩემდაუნებურად ვუთხარი, შვილებს დაზრდით, დააოჯახებთ და უფალი აუცილებლად მოგცემთ სულიერ ჯილდოს-მეთქი.

მის დიდ სურვილს მძიმე ავადმყოფობა გადაეღობა წინ. ბოლო წლებში ავადმყოფობდა, მაგრამ სულიერად უფრო მტკიცდებოდა. დაძლია მძიმე სენი და ღვთისმშობლის შესამოსელის (მონაზვნის) ღირსი გახდა.

კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მლეთის დედათა მონასტერში იმყოფებოდა მამა სერაპიონთან. უწმინდესის კურთხევით მოხდა მისი აღკვეცა.

თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერმა მიაგო პატივი მისი მოკლე დროის სულიერ ფერისცვალებას და პატრიარქის სარეზიდენციო დედათა მონასტერში, მარტყოფში დაიკრძალა. შევთხოვთ უფალს, დედა ნანას სულს ელოცოს ჩვენთვის - საქართველოსთვის.

მოამზადა
მართა თარხნიშვილმა (ტარტარაშვილმა)
ბეჭდვა
1კ1