წმინდა დავით აღმაშენებელი და სვეტი-ცხოველი
წმინდა დავით აღმაშენებელი და სვეტი-ცხოველი
უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ თუმცა აღარავის უხილავს, მაგრამ ქართველებს მტკიცედ სწამდათ, რომ იგი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა ამაში, ღვთისაგან განისწავლებოდა.
საუფლო კვართი განასახიერებს თვით მაცხოვარს, სხვა შემთხვევაში მის დასაჯდომელს, საყდარს, როგორც არაერთხელ უხილავთ ძველ მამებს საღვთო გამოცხადებებში. ამ გამოცხადებებში კი, ძე ღვთისა მათ ეჩვენებოდათ, როგორც "ძველი დღეთაი" – მოხუცებულის სახით ხან სვეტის თავზე მჯდომარე, ხან ეკლესიაში მყოფი და სხვა ჟამს სვეტის წინ მჯდომარე.
ვფიქრობ, ინტერესს მოკლებული არ იქნება მოვიგონოთ, თუ რა შეემთხვა სვეტიცხოველთან დაკავშირებით ჩვენს კეთილმსახურ მეფეს, წმიდა დავით აღმაშენებელს. ბოროტის შთაგონებით, იგი დაბრკოლდა სვეტი ცხოველის მიმართ და ამბობდა რა ხმამაღლა: "რაი უწყი, თუ რა არს კონქსა ამას შინა (სვეტი ცხოველი მირიან და მისი ძის – რევის დროიდან შემოზღუდვილი იყო), ანუ რაისა თაყვანისვსცემო" და ერთხელაც ტაძარში შემოვიდა სვეტი ცხოველსა გვერდი აუარა და მის წინაშე არ ილოცა, ასეთი დაბრკოლებული გონებით ტაძარი მოილოცა; იმავე ღამეს ძილში ნახა ასეთ ჩვენება: იხილა სვეტი ცხოველი და ამას სვეტსა ზედა მდგომარე იყო მოხუცებული ვინმე "სახედ ძველისა დღეთასა", რომლისაგანაც ისეთი ნათელი გამოკრთებოდა, რომ ადამიანს არ შეეძლო მისთვის შეეხედა. ამ ხილვით შეშინებულ დავით მეფეს ზევიდან ხმა მოესმა: "დავით, დავით, არ უწყი, ვინ ვარ აქა შენ, რომელსა ესე მხედავ და ესე უწყოდე შენ და ყოველთა, რამეთუ რომელსა აქუნდეს სასოება ჩემდა მომართ მტკიცე არა ოდეს სირცხვილეულ იქმნეს და ნუ ურწმუნოებ ჩემდა მომართ ყოვლადვე, რამეთუ რომელი ურწმუნოებდენ მიღონ თავისა თვისისა სასჯელი".
დავითმა შეშინებულმა გამოიღვიძა, ქვეშევრდომთა გაფრთხილების გარეშე, იმავ ღამით ცხენს მოახტა და სასწრაფოდ სვეტიცხოვლის ტაძრისაკენ გააგელვა. როდესაც ცისკრის ლოცვის დაწყებისას დავით მეფე მხლებლების გარეშე მიადგა ტაძარს, კათოლიკოსმა და მორწმუნე მრევლმა დიდად გაიოცა. მეფემ ყველას წინაშე მოინანია თავისი დაეჭვება და შემდეგ მუხლმოდრეკით თაყვანისცა სვეტსა ცხოველსა და ნათელსა. ამის გამგონე და მხილველი კათოლიკოსი ერითურთ ადიდებდნენ ღმერთსა და სუეტსა ცხოველსა და კვართსა საუფლოსა.
ბეჭდვა
1კ1